ნეტგაზეთი | საქართველო გაზპრომის პირისპირ – ინტერვიუ ლიანა ჯერვალიძესთან საქართველო გაზპრომის პირისპირ – ინტერვიუ ლიანა ჯერვალიძესთან – Netgazeti
RU | GE  

საქართველო გაზპრომის პირისპირ – ინტერვიუ ლიანა ჯერვალიძესთან

უნდა დათანხმდეს თუ არა საქართველო გაზპრომის მოთხოვნას  ტრანზიტის საფასურად გატარებული გაზის მონეტიზაციაზე, რაზე ესაუბრება საქართველოს ხელისუფლება “გაზპრომს” და  გაზპრომის გაზი საქართველოსთვის ნიშნავს თუ არა ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვას? ამ და გაზმომარაგებასთან დაკავშირებით მიმდინარე თემებზე ნეტგაზეთი ესაუბრა ანალიტიკოსს ენერგეტიკის ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძეს:

  • ქალბატონო ლიანა, პირველ რიგში, გვაინტერესებს, თქვენთვის არის თუ არა ცხადი კონკრეტულად რაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველო ”გაზპრომთან” და ”სოკართან? ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ მთავრობა არ არის გამჭვირვალე ამ მოლაპარაკებების შესახებ?
  • სანამ ამ შეკითხვაზე გიპასუხებდეთ, მე მინდა, რომ ჩემი შესავალი კომენტარი ტექსტში აუცილებლად გამოჩნდეს: მე მინდა გითხრათ, რომ არის თემები, რომლებზეც, ჩემი აზრით, როგორც ერთი ქართველი მოქალაქის აზრით, როგორც მთავრობა, ისევე ოპოზიცია, უნდა შეთანხმდეს, რომ ამ თემებზე არ იქნება აღვირახსნილი სპეკულაციები წინასაარჩევნო პერიოდში. იმიტომ, რომ არის თემები, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას უკავშირდება და ამიტომ ამ თემების ზედმეტად აჟიტირება და სპეკულაციები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ურთიერთობებს. ამიტომ ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა და საზოგადოებამ, უნდა მოვუწოდოთ, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რომ წინასაარჩევნოდ ასეთი სპეკულაციები არ გამოიყენონ.
  • კონკრეტულად, რას გულისხმობთ? რატომ ჩათვალეთ საჭიროდ, რომ ეს განცხადება გაგეკეთებინათ?
  • მე საჭიროდ ჩავთვალე ამ განცხადების გაკეთება, გამომდინარე იქიდან, თუ რას ვისმენ ტელევიზიებით ჩვენი ვითომ ექსპერტების და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. მე ვესწრებოდი მინისტრთან (პირველად, სხვათა შორის, მე კალაძესთან შეხვედრას არასდრის დავსწრებივარ, მას მე არასოდეს მივუწვევივარ, ვინაიდან მე დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ვარ. სამინისტროსთან შეხება მაქვს, რასაკვირველია, მაგრამ მე სამინისტროში მივდივარ, ინფორმაციას ვიღებ, როდესაც ანალიზისთვის მჭირდება, მაგრამ მინისტრთან შეხვედრას პირველად დავესწარი). შეხვედრა იყო დახურული და მინისტრმა აბსოლუტურად ამომწურავი განმარტებები გააკეთა მიმდინარე პროცესების შესახებ, თუ რაში მდგომარეობს ეს პროცესი, სად არის საქართველოს ხელისუფლება და რა ეტაპზე არის ეს მოლაპარაეკბები. მან განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამგვარი დამოკიდებულება და გვთხოვა, რომ ჩვენ გაგებით მოვეკიდოთ ხელისუფლების პოზიციებს. რომ გამოვედით იქიდან, ჩემი კოლეგების, იქ დამსწრე ზოგიერთი ექსპერტის კომენტარები იყო აბსოლუტურად იგივე, რომელიც მათ შეიძლებოდა ჰქონოდათ და ალბათ ჰქონდათ მინისტრთან შეხვედრაზე შესვლამდე. ამიტომ, უბრალოდ, მე მიმაჩნია, რომ მინისტრისგან მათთვის არანაირ საფუძველს წარმოადგენს არც განმარტებები და არც ახსნა. ისინი, მიუხედავად განმარტებებისა, ისევე აგრძელებენ სპეკულაციებს, როგორსაც აკეთებდნენ მანამდე.
  • მონაწილე ექსპერტების კომენტარები არ ვიცით, მაგრამ საზოგადოების ნაწილს შეიძლება ჰქონდეს ასეთი და უფრო მძაფრი კითხვებიც. იმიტომ, რომ შესაძლოა ის, რაც თქვენთვის გახდა ამ შეხვედრაზე ცნობილი, ჩვენთვის, მედიის წარმომადგენლებისა და მოქალაქეებისთვის არ არის ყველაფერი ასე დეტალურად ცნობილი. ქალბატონო ლიანა, იქნებ გვითხრათ ამ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციით,  ან საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით, თუ არის თქვენთვის ცხადი, რაზე ესაუბრება საქართველოს ხელისუფლება და ენერგეტიკის სამინისტრო ”სოკარს” და ”გაზპრომს”?
  • დიახ, კი ბატონო. ”სოკართან” მოლაპარაკებებუ უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს. შარშან გაზაფხულიდან, როგორც კი ლარის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა, ენერგოკომპანიებმა დაიწყეს მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან. მათ, რასაკვირველია, დოლარში დაანგარიშებული შემოსავლები ძალიან შეუმცირდათ არსებული ტარიფით და მოითხოვეს ტარიფების გადასინჯვა. რასაკვირველია, ეს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაგრამ გართულდა მოლაპარაკებები იმ მხრივ, რომ კომერციულ სეგმენტში შენარჩუნდა ძალიან მაღალი ფასი გაზზე, რაც არ ასახავს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას არანაირად. კითხვები იყო ასეთი: თუ იგივე ფასი გვაქვს ჩვენ გაზზე, რა ფასიც გვქონდა, როდესაც ერთი ბარელი ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე იყო 110 დოლარი და მასზე მიბმული გაზის ფასი იყო 450 დოლარი. როდესაც ნავთობის ფასი ჩამოვიდა 40 დოლარზე, მერე 35 დოლარზე, ახლა 30-ზეა ჩამოსული, როგორ შეიძლება, ჩვენ გაზზე ასეთი მაღალი ფასი გვქონდეს? კომერციულ სექტორზეა საუბარი.
  • შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენად ყიდულობს კომერციული სექტორი გაზს ”სოკარისგან”?
  • ეს არის ინდივიდუალური კონტრაქტები – 3-6 თვიანი, მაგრამ ამბობენ, რომ გაზგასამართ სადგურებზე, რომელზეც მოხმარება ძალიან გაიზარდა იმიტომ, რომ მოსახლეობამ ავტომობილები მასიურად გადაიყვანა გაზზე. იქ გაზის ფასი არის სადღაც 350 დოლარი. ეს გაუგონარი ფასია. დღეს რუსეთი უკრაინას სთავაზობს 230 დოლარად და უკრაინა არ იღებს, უფრო დაბალი ფასი უნდათ. თქვენ წარმოგიდგენიათ, 350 დოლარი რა ფასია?
  • ამის გამო დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკებები ”გაზპრომთან”?
  • გაზაფხულიდან მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები სოკართან გაზის ფასის შესახებ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენი კომერციული პარტნიორები არიან პატარა კომპანიები. საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით დიდებიც კი ძალიან პატარები არიან. ისინი რომ სოკარს დაელაპარაკებიან ინდივიდუალურად, წარმოგიდგენიათ, რა შედეგი დადგება? სამინისტრო მოწოდებულია, რომ შექმნას ამისთვის წინაპირობები და ეს მხარეები, რომლებიც ძალიან დიდები არიან თვითონ საქართველოს ეკონომიკასთანაც კი, გარკვეულ დათმობებზე წამოიყვანონ იმისათვის, რომ კომერციული სეგმენტისთვის მისაღები გახდეს და მოხდეს ფასების სტაბილიზაცია. მე ამაში გაურკვეველს და არაბუნებრივს ვერაფერს ვხედავ.
  • ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ”გაზპრომთან” მოლაპარაკებები იმიტომ დაიწყო ხელისუფლებამ, რომ ამით ევაჭრება რეალურად ”სოკარს”. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
  • მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მონოპოლისტი მომწოდებელი, ვინც არ უნდა იყოს, რამდენად კეთილგანწყობილი მეზობელიც არ უნდა იყოს, მონოპოლისტის თამაშის წესები არის იმგვარი, რომ ის მაქსიმალურად სარგებლობს თავისი პოზიციით. როდესაც არის ორი ან სამი მიმწოდებელი, რასაკვირველია, კონკურენციის მეტი შანსია და მეტი შესაძლებლობა არის იმისა, რომ ფასზე წარმატებული მოლაპარაკება მოხდეს.
  • თქვენ ამბობთ, რომ გაზაფხულიდან დაიწყო მოლაპარაკებები ”სოკართან” გაზის ფასთან დაკავშირებით. ასევე, გაზაფხულზე დაიწყო ”გაზპრომთან” მოლაპარაკებებიც?
  • გაზპრომთან მოლაპარაკებები აპრილიდან მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ტრანზიტიური სომხეთისთვის და ყოველი წლის ბოლოს დგინდება კომერციული კონტრაქტი გაზის გატარების შესახებ. ამ კონტრაქტის დადებას წინ უძღვის გარკვეული შეხვედრები, სადაც მხარეები ლაპარაკობენ გარკვეულ თემებზე, რომელიც არის წმინდა კომერციული და ამ მოლაპარაკებებს მსოფლიოში წინსწრებით არავინ აცხადებს და არავის აფრთხილებს. კომერციული მოლაპარაკებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი მოლაპარაკებების შედეგები ცხადი ხდება მას შემდეგ, რაც მხარეები ერთმანეთს მოელაპარაკებიან, კონსესუსს მიაღწევენ და შედეგს დადებენ. ვინ ლაპარაკობს წინასწარ, რას ითხოვს ან ერთი, ან მეორე მხარე? პირადად მე არ გამიგია.
  • ენერგეტიკის მინისტრმა 11 იანვარს განაცხადა, რომ ”გაზპრომი” დაჟინებით ითხოვს შეცვალოს არსებული ხელშეკრულების პირობები, რომლის ფარგლებშიც საქართველო ტრანზიტის საფასურად გატარებული გაზის 10%-ს იღებს. კერძოდ, რუსულ კომპანიას სურს, რომ ამ ტრანზიტის 10%-ის მონეტიზაცია მოახდინოს. თქვენი აზრით, უნდა დათანხმდეს თუ არა ”გაზპრომის” ამ მოთხოვნას საქართველო?
  • მე არ მომწონს ეს მოთხოვნა. საქართველოს მოუწევს მონეტიზაციაზე წასვლა იმიტომ, რომ ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა. გაზის რესურსის მიღება ევროკავშირის სივრცეში, საითაც ჩვენ მივდივართ, საერთოდ არ არსებობს. იქ არის მხოლოდ გაზის ტრანსპორტირების და ტრანზიტის დანახარჯების, რომელსაც ზედ ედება მოგების მასა. ჩვენ ამ სისტემაზე გადასვლა მოგვიწევს, მაგრამ ჩვენთვის უფრო მომგებიანია ის ფორმატი, რომელიც დღეს გვაქვს.
  • რაიმე საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს ამ მხრივ, თუ რას გულისხმობთ?
  • ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ვხდებით ”ენერჯი ქომუნითის” წევრი. ეს არის ენერგეტიკის გაერთიანება. ამ ორგანიზაციაში წევრობით ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ ჩვენი ენერგეტიკული სქტორი იმისათვის, რომ ის სრულ შესაბამისობასი მოვიდეს ევროკავშირში არსებულ წესრიგთან. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახლაც. ჩვენ როდესაც ხელშეკრულებას დაგვიდებენ, ამ ხელშეკრულების ვალდებულებები ჩვენზეც გავრცელდება. მაგრამ ვიდრე ჩვენ ეს ვალდებულებები აგვიღია ჩვენს თავზე, მე პირადად მინისტრთან შეხვედრაზეც ვთქვი, რომ უმჯობესია და საქართველოსთვის მომგებიანია ის ფორმატი, რომელიც დღეს გვაქვს. სამინისტრომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ ეს ფორმატი არ შეიცვალოს, მაგრამ თუ მაინც შეიცვლება, მაშინ გვერდითი დადებითი ეფექტი ამას ჩვენთვის უნდა ჰქონდეს მოლაპარაკებების პროცესში.
  • მინისტრთან შეხვედრისას თქვენთვის თუ გახდა ცნობილი, აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება გაზის მონეტიზაციაზე დათანხმებას?
  • არ აპირებს. ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევენ. ”გაზპრომის” მხრიდან არის გარკვეული დათმობითი შემოთავაზებები, კონსესუსის მისაღწევი წინადადებები. მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.
  • კონკრეტულად რა შემოთავაზებებია, შეგიძლიათ გვითხრათ?
  • არა, ეს მოლაპარაკების პროცესია. მე შემთხვევით მოვკარი ყური და ყურმოკრულს, რომელშიც დარწმუნებული არ ვარ, მე ნამდვილად ვერ გავხდი საჯაროს.
  • მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ”გაზპრომი” ორი წელია დაჟინებით ითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი აირის მონეტიზაციას, თუმცა საზოგადოებისა და მედიისთვის ახლა გახდა ეს ცნობილი. თქვენ პირადად იცოდით თუ არა ამის შესახებ და ფიქრობთ თუ არა, რომ ხელისუფლება უფრო გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო ამ საკითხში?
  • ვიცოდი ამის შესახებ. ისიც ვიცი, რომ 10% გატარებული გაზის არის ძალიან მაღალი. ჩვენ შაჰდენიზის შეთანხმებითაც გვაქვს ხელშეკრულება მხოლოდ 5%-ზე. ყველაზე მაღალი არსებული საერთაშორისო გამოცდილებით იყო 7%. ჩვენ რუსეთთან მივაღწიეთ 10%-ს. შაჰდენიზითაც გვაქვს 5% და ”გაზპრომი” გვეუნება, მე რომ 10%-ს მთხოვთ…
  • ანუ, ამ პროცენტების დაკლებაზეც არის საუბარი?
  • არა, ზოგადად, მონეტიზაციაზე არის ლაპარაკი გამომდინარე იქიდან, რომ ეს ძალიან მაღალი პროცენტია. მე თვითონ შევიმუშავე ეს კონტრწინადადება. აზერბაიჯანი ნახჭევანის მიწოდებისთვის უტოვებს 15%-ს, მაგრამ ეს ძალიან კერძო შემთხვევაა. აზერბაიჯანი იძულებულია იმიტომ, რომ ნახჭევანთან ტერიტორიული შეხება არ აქვს და იძულებულია აზერბაიჯანი, რომ ასეთ დათმობაზე წავიდეს ირანთან და 15% დაუტოვოს. ეს წარმოუდგენელი პროცენტია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ”გაზპრომთანაც 10% საკმაოდ მაღალია. ბუნებრივია, კომპანიის სურვილი, რომ ეს კონტრაქტი და პუნქტი საერთაშორისო სტანდარტს მიუახლოვოს თავის სასარგებლოდ. მონეტიზაციაზე თუ გადავიდა, ესეც მისთვის სასარგებლო გადასვლა იქნება, იმიტომ, რომ მონეტიზაციით ჩვენ 10%-ის ღირებულების გაზს ვეღარ მივიღებთ. ეს სეროზული ჭიდილის საგანია. მე მინისტრის ექსპერტებთან შეხვედრის დროს მაქსიმალურად ხაზი გავუსვი და ყურადღება გავამახვილე, რომ ეს ძალიან სერიოზული თემაა და იქნებ ხელისუფლებამ ძალა არ დააკლოს იმას, რომ ჩვენ ერთი-ორი წლით კიდევ, სანამ საერთაშორისო ვალდებულებების ფორმატში აღმოვჩნდებით, ეს შევინარჩუნოთ. მაგრამ კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლაპარაკი ეხება მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს და ვნახოთ, ეს რა იქნება.
  • ერთწლიან კონტრაქტს მონეტიზაციაზე?
  • არა. გაზპრომთან მოლაპარაკებები რა ფორმით და რა ფორმატითაც დასრულდება, იქნება არ იყოს საუბარი მონეტიზაციაზე და მხარეები სხვა რამეზე შეთანხმდნენ, ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით. ეს კალაძემ თქვა. ნებისმიერი ფორმით, ეს იქნება, როგორც ადრე იყო, ისევე ერთწლიანი ხელშეკრულება და ეს არ იქნება ვალდებულებები რამდენიმე წელზე გაწერილი.
  • მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანას შეიძლება რუსეთიდან დამატებით გაზის მოცულობის შემოტანა დასჭირდეს, იმის გარდა, რასაც უკვე იღებს ტრანზიტის საფასურად. ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ 2015 წელს გაზზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 2016 წელს უფრო მეტად არის მოთხოვნის გაზრდა მოსალოდნელი. ამ ხელშეკრულებაში შეიძლება ვიხილოთ ესეც?
  • ეს ნამდვილად მართალია. ჩვენთან გაზის მოთხოვნა ნამდვილად გაიზარდა. ჩვენ 2015 წლის ბოლოს და ალბათ ახლა, იანვარში, მოქმედებაში შევიყვანთ ახალი გაზის გენერაციის ობიექტს, 230-მეგავატიანს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზზე გენერაცია უნდა გავზარდოთ.
  • ამ დეფიციტის შევსება რატომ არ არის შესაძლებელი აზერბაიჯანული გაზით?
  • საქმე ისაა, რომ ჩვენი გაზის მოხმარების პიკი არის ზამთარში. ასევე, აზერბაიჯანში გაზის მოხმარების პიკი არის ზამთარში. როცა ჩვენ ბევრი გვჭირდება, მათაც ბევრი სჭირდებათ. აზერბაიჯანში გაზის მოპოვება არის ლიმიტირებული. არ არის დიდი რაოდენობის მოპოვება. თვითონაც რომ წარმოიდგინოთ, აზერბაიჯანში 29 მილიარდი კუბური მეტრის გაზი მოიპოვება. აქედან 11-12 მილიარდს მოიხმარს თვითონ აზერბაიჯანი. დაახლოებით 8 მილიარდი ნავთობის მოპოვების მიზნით რეზერვუარებში ტვირთავენ წნევის გასაზრდელად. დანარჩენი ნაწილის გაფრქვევა ხდება ჰაერში ან ტოქშერებზე დაწვა იმის გამო, რომ ეს არის მცირე რაოდენობის გაზის გაპარვა. იმის ინფრასტრუქტურა არ არსებობს, რომ სოკარმა ამ გაზის აღება მოახერხოს და თბილისში კომერციალიზაცია უღირდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზაფხულში აზერბაიჯანს ზედმეტი გაზი აქვს, ზამთარში – ყიდულობს რუსეთიდან გაზის მიწოდების დასაბალანსებლად. შემოდგომაზე ”სოკარმა” თვითონ იყიდა 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი რუსეთისგან.
  • ორი დღის წინ და გუშინაც ”სოკარის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალიწინებულ პირობებს საქართველოსთან.
  • კი, რასაკვირველია, ისინი შეასრულებენ ხელშეკრულების პირობებს, თუ იყიდიან რუსეთისგან იაფად და მოგვყიდიან ჩვენ. შენ, როგორც ქვეყანას, რა გირჩევნია: პირდაპირ იყიდო მომწოდებლისგან იაფად, თუ გადაყიდული იყიდო მცირე რაოდენობით?
  • რა რაოდენობაზეა საუბარი? მცირე რაოდენობას რას უწოდებთ?
  • ლაპარაკი არის 250-300 მილიონ კუბურ მეტრზე წელიწადში, ზამთრის პერიოდში დასაბალანსებლად, როდესაც ჩვენ ბევრი ელექტროენერგიის და მეტი გაზის მოხმარება გვაქვს. რა გვირჩევნია – ეს გაზი ვიყიდოთ პირდაპირ მომწოდებლისგან, თუ ვიყიდოთ გადამყიდველისგან? ეს ჩემი პირადი ლოგიკიდან გამომდინარეობს. თუ ”სოკარმა” დასაბალანსებლად გაზი იყიდა ”გაზპრომისგან”, ესე იგი მე მიბალანსებს ამით იმიტომ, რომ თავისი გაზი არ აქვს.
  • კი, მაგრამ, თუ თქვენს ლოგიკას მივყვებით, თუ უკეთესი ტარიფი შესთავაზა ”გაზპრომმა” საქართველოს, შეგვიძლია, ვთქვათ, გაზის 100% რუსული კომპანიიდან ავიღოთ.
  • არა. გაზის 100%-ს ”გაზპრომისგან” ვერ წამოვიღებთ იმიტომ, რომ სოციალური გაზის ძირითადი ნაწილი ”სოკართან” დაკონტრაქტებული არის 28-30 წლამდე. ამას ვერაფერი შეცვლის. ეს არის მყარი, ხანგრძლივი კონტრაქტი. ჩემი ინფორმაციით, 2028 წლამდე (ახლა ამბობენ 2030 წლამდე). აქ არაფერი შეიცვლება. ჩვენ ლაპარაკი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ დამატებით გაზზე, რომელიც ჩვენ გვჭირდება ელექტროენერგიის გენერაციისთვის. დღეს თუ ჩვენ ამას ვყიდულობთ რუსეთისგან, როდესაც შაჰდენიზის მეორე ფაზა ამოქმედდება 2019 წელს, გაზის გენერაციის ობიექტი გვექნება და ჩვენ შეგვიძლია ის ვიყიდოთ უკვე დამატებით აზერბაიჯანის შაჰდანიზის მეორე ფაზისგან. ეს ობიექტი უკვე არის. დღეს თუ იძულებული ვართ, რომ ზამთრის პერიოდში რუსეთისგან ვიყიდოთ გაზი, შემდეგ აზერბაიჯანს უფრო მეტი გაზი ექნება და შეგვეძლება, რომ არჩევანი გავაკეთოთ და რომელიც უკეთეს ფასს შემოგვთავაზებს, იმის გაზი ვიყიდოთ. რა არის ამაში ცუდი?
  • ამჟამად ცნობილია, რომ გაზის მთლიანი მოხმარების 87% აზერბაიჯანზე მოდის. თუკი საქართველო ”გაზპრომთან” გააფორმებს ხელშეკრულებას დამატებით მოცულობაზე, ეს თანაფარდობა როგორ შეიძლება შეიცვალოს?
  • გააჩნია, რა რაოდენობაზე იქნება… მინდა გითხრათ, რომ ”სოკარისგან” გაზის მოწოდების პრობლემა არის გაზსადენის გამტარობის შეზღუდულობის გამოც. სოკარის გაზსადენი, აზერბაიჯანი-საქართველოს დამაკავშირებელი გაზსადენი, რომლის გამტარობაც იყო 5 მილიონი კუბური მეტრი დღიურად, არ არის საკმარისი საქართველოს გაზრდილი მოსახლეობისთვის. ქართულმა მხარემ არაერთხელ სთხოვა აზერბაიჯანს, რომ გაკეთებეინათ აღდგენითი სამუშაოები იმისათვის, რომ მილსადენის გამტარობა გაზრდილიყო 7 მილიონ კუბურ დღეში. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, უნდა აშენდეს დამატებით კომპრესორის სადგური. ვიღაცები გამოვიდნენ და თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს რატომ არ გაითვალისწინა წინასწარო. ჩვენ ”სოკარი” როგორ უნდა ვაიძულოთ, რომ 40 მილიონი დოლარი ჩადოს და ახალი საკომპრესორო სადგურის მშენებლობა დაიწყოს საკუთარ ტერიტორიაზე. მოთხოვნა რამდენჯერმე იქნა წაყენებული, რომ გთხოვთ გაზარდოთ, ვინაიდან მოხმარება გვეზრდება. ახლა გაუზრდიათ ერთი მილიონით და ექვს მილიონამდე აუყვანიათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. შვიდ მილიონამდე უნდა ავიდეს, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. როდესაც გაზსაცავი გვექნება, ჩვენ უკვე მეტი მოქნილობა გვექნება. ზაფხულში ვიყიდით აზერბაიჯანში ან რუსეთში გაზს, ამას ჩავტვირთავთ გაზსაცავში და შეგვიძლია ზამთარში გაზის მოხმარება თვითონ დავაბალანსოთ. ეს არ იქნება 2019 წლამდე, მაგრამ ჩვენ აქამდეც დავაგვიანეთ. ახლა თუ იქნება, 2019 წელს მაინც, ძალიან კარგი.
  • ახლა რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ ეს?
  • აბსოლუტურად რეალისტურად გვეჩვენება იმიტომ, რომ გაზის დაბალანსებასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესში იმდენად გადაიღალა, აშკარად მივიდა სახელმწიფო იმ დასკვნამდე, რომ ერთადერთი გამოსავალი, ხვეწნა-მუდარა და მუხლზე დაჩოქება არ დაგვჭირდეს ზამთარში, არის გაზსაცავი.
  • 43% მოდის ამჟამად კომერციულ სექტორზე ბუნებრივი აირის ჯამურ მოხმარებაში. ინტერვიუს დასაწყისში თქვენ ისაუბრეთ ტარიფებზე და აღნიშნეთ, რომ კომერციული სექტორისთვის აზერბაიჯანული გაზი არის საკმაოდ ძვირი. თუ თეორიულად შეიძლება გაზის 43%  მივიღოთ ”გაზპრომისგან”?
  • არა, ეს გამორიცხულია, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა კომერციული სექტორი და პატარა კომპანიები. ყველაზე დიდი, რაც კი ჩვენთან არსებობს, არის ”აზოტი”. ამის გარდა დიდი კომპანია არ გაგვაჩნია. ერთადერთი არის ”აზოტი” და ისიც შემცირებული სიმძლავრით მუშაობს. ამიტომ ის, რომ ჩვენი კომერციული გაზის სექტორი ვინმემ მთლიანდ ჩაიგდოს ხელში, დარეგულირებულია. კომპანიებს შეუძლიათ წავიდნენ და თვითონ დადონ კონტრაქტები.
  • თუკი კომერციული სექტორი თვითონ დადებს ხელშეკრულებას ”გაზპრომთან”, ამ შემთხვევაში როგორ არ მივიღებთ?
  • მე არ ვიცი. თუ ”გაზპრომმა” ისეთი პირობები შესთავაზა ”აზოტსაც”, თბილისში კომერციულ ობიექტებს, საცხობებს, აბანოებსაც, მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს, რომ ყველამ ასე ერთბაშათ ”გაზპრომთან” გააფორმოს ხელშეკრულება. ”სოკარმა” არაერთხელ თქვა, რომ კომერციულ სექტორში ჯანსაღი კონკურენციისთვის ”გაზპრომთან” მზად ვართო. მეტი სხვანაირად როგორ უნდა თქვას? თუ ისინი ამ კონკურენციაში შევლენ, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს გაზის ფასის ქვევით დაწევას.
  • გასული წლის დასასრულს რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ კითხვებით მიმართა ენერგეტიკის სამინისტროს საქართველოს ”გაზპრომთან” მოლაპარაკებების, ზოგადად გაზმომარაგებისა და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებთან დაკავშირებით. მაშინ ენერგეტიკის სამინისტრომ საერთოდ უარყო მოლაპარაკებები გაზპრომთან და განაცხადა, რომ საერთოდ არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ”გაზპრომთან” და კომერციულ სექტორს შეუძლია თვითონ გააფორმოს ორმხრივი ხელშეკრულებები. თუმცა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დეკემბერში გაკეთებული განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის უკვე ბოლო დღეებში კალაძის განცხადებებთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ამას რითი ახსნით და რას ნიშნავს თქვენთვის ეს?
  • ოქტომბერში სხვა რეალობა იყო. ჩვენს გარშემო რეალობა ისე სწრაფად იცვლება, რომ სამინისტრომ შეხვედრების დროს ალბათ,გარკვეული პროგრესი დააფიქსირა.
  • გაზპრომთან?
  • არა, ორივე მხარესთან მიდიოდა მოლაპარაკებები. გარკვეული პროგრესი დააფიქსირა და ვინაიდან წინასაარჩევნო წელია, ალბათ მათ ჩათვალეს, რომ ამ პროგრესის საფუძველზე იმედი ჰქონდათ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ. თქვეს, რომ პრობლემა არ არის, მაგრამ შემდეგ, როდესაც უკვე საბოლოო დოკუმენტის შეთანხმებამდე მივიდა საქმე, აღმოჩნდა, რომ ისევ პრობლემებმა იჩინა თავი. აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. იმ დოკუმენტში, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა, იქ არ წერია, რომ სომხეთის ტრანზიტთან დაკავშირებით უკვე დადებულია ტექნიკური ხელშეკრულება, არ წერია იქ, რომ დამატებით გაზის შესყიდვაზე ხელშეკრულება დადებულია, არ წერია იქ ასეთი რამეები. დაკონკრეტებული არ არის ასეთი რამეები და წერია, რომ პრობლემები ამ მიმართულებით არ არის.
  • ანუ, თქვენ ვერ ხედავთ საფრთხეს, რომ ახალი რეალობით, ”გაზპრომისგან” დამატებითი გაზის მოცულობის მიღებით საქართველო დაკარგავს ენერგოდამოუკიდებლობას?
  • მე მგონია, რომ ჩვენ გვირჩევნია, სანამ აზერბაიჯანიდან ახალი გაზის ნაკადი წამოვა და აზერბაიჯანი ზამთრის პერიოდში თვითონ არ იქნება იმპორტიორი, სანამ გაზის საცავი გვექნება, ჩვენ შეგვიძლია მცირე რაოდენობის გაზი ვიყიდოთ ”გაზპრომისგან”, ვინაიდან თვითონ ”სოკარიც” ყიდულობს ”გაზპრომისგან”. ჩვენ თუნდაც 5 თუ 10 დოლარსაც მოვიგებთ, იქნება ჩვენი ბაზრისთვის და ჯიბისთვის შეღავათი. თუ ”სოკარი” ცდილობს, რომ თავისი გაზის ბაზარი შეინარჩუნოს და ის 10 თუ 15 დოლარი უღირს, რომ ”გაზპრომისგან” იყიდოს და მერე ჩვენ გადმოგვყიდოს. მართალია, აზერბაიჯანი ნავთობის ფასის დაწევის გამო ფინანსურად ძალიან ცუდ სიტუაციაშია, მაგრამ ჩვენც ხომ ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე ვფიქრობთ.
  • მაგრამ აქ საუბარია იმ ქვეყნის სახელმწიფო კომპანიაზე, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ აქვს.
  • ამ კომპანიისგან ჩვენ გაზს ვიღებთ, მიუხედავად ჩვენს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონისა წლების განმავლობაში.
  • მთლიანი ბაზრის რამდენი პროცენტია თქვენთვის მცირე მოცულობა, რომელიც არ ქმნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის საფრთხეს?
  • 10 და 20 % არანაირ საფრთხეს არ ქმნის, მით უმეტეს, როდესაც შენ ”შაჰდენიზს” ელოდები. ეს არ არის “Long Term”, დროში ხანგრძლივი პერსპექტივა, რომ შენ გაქვს ალტერნატივა ”შაჰდენიზი 2”-დან იყიდო შენთვის საჭირო დამატებითი გაზის რაოდენობა. ეს არის მხოლოდ 2-3 წლიანი პერიოდი და ამასთან ერთად, შენ თუ ამ მხარეებთან მოლაპარაკების პროცესში ხარ, შენ თუ მათ ფასს დააკლებინებ, ეს ძალიან საინტერესო უნდა იყოს ჩვენი ბაზრისთვის. აბსოლუტურად ყველა ნორმალური ქვეყანა ელაპარაკება პარტნიორებს და გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, ვინ უკეთესს შესთავაზებს. მით უმეტეს, რომ ”გაზპრომის” 20%-მდე აყვანა არანაირ რეალურ საფრთხეს საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას არ უქმნის. მე რომ მკითხოთ, ყველაზე მეტი საფრთხე გვაქვს ელექტრო-ენერგეტიკის სფეროში. ამაზე არავინ ლაპარაკობს, არც ჩვენი ექსპერტები. რატომ? იმიტომ, რომ ”რაოსს”, რომელიც ელექტრო-ენერგიის მწარმოებელია რუსეთში და უფრო მეტად სახელმწიფო კომპანიაა, ვიდრე ”გაზპრომი”  (”გაზპრომში” სახელმწიფო მხოლოდ 60%-ს ფლობს, დანარჩენი კერძოა. ”რაოსი” სახელმწიფოა). მაგრამ ”რაოსს” გაყიდვები ევროპაში არ აქვს, ამიტომ ამ კომპანიას პრობლემები იქ არ აქვს. დასავლეთში და განსაკუთრებით ევროპაში პროტესტი არის ”გაზპრომის” მიმართ იმიტომ, რომ მათ აქვთ ოპერაციები ევროპაში. ჩვენთან ეს საპროტესტო ტალღა არის ატაცებული სიტუაციის გაუთვალისწინებლად. ჩვენ მეტი პრობლემები გვაქვს ელექტრო-ენერგიის სექტორში, ვიდრე გაზის სექტორში და პერსპექტივაშიც გაზში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი