ეკონომიკა

კვირის ეკონომიკური მიმოხილვა

31 იანვარი, 2011 • • 1194
კვირის ეკონომიკური მიმოხილვა

გასულ კვირას ეკონომიკაში მომხდარ მნიშვნელოვან ამბებს შორის პირველი ადგილი მსოფლიოში პროდუქტზე ფასების მატებას უჭირავს. ამ მოვლენამ ლიდერობა არც საქართველოში დათმო. მოსახლეობაში შიმშილის სერიოზული შიში გაჩნდა (შიმშილის თუ არა, უშაქრობის მაინც). როგორც გუდვილის ერთ-ერთმა კონსულტანტმა ჩემთან არაოფიციალურ საუბარში განაცხადა, მოსახლეობა 2.15 ლარად ღირებულ შაქარს რამოდენიმე საათში ”გაუსწორდა” და მეორე დღეს დახლები დაცარიელებული აღმოჩნდა. სავარაუდოდ, შაქრის ფასი სუპერმარკეტებში 2.65-დან 3 ლარამდე გაიზრდება და, ალბათ, სწორედ ეს გახდა მოსახლეობის მხრიდან მისი დიდი რაოდენობით შეძენის საფუძველი, თუმცა, რატომ არ მომარაგდა მსხვილი სუპერმარკეტები აღნიშნული პროდუქტით და რატომ წარმოიშვა დეფიციტი, ძნელი სათქმელია.

 საქართველოში ინფლაციის კვალდაკვალ ფასები სხვა პროდუქტებზეც იზრდება. პურის ფასი 55-75 თეთრის ფარგლებში მერყეობდა, ახლა მისი ღირებულება 60 თეთრიდან იწყება, სავარაუდოდ, ფასების ზრდა კვლავ გაგრძელდება. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული მატება შენარჩუნებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, ყველაზე მეტად ეს კარტოფილზე და ხახვზეა შესამჩნევი: 1 კილოგრამი კარტოფილის საბითუმო ფასმა 0.80 ლარიდან 1.40 ლარამდე მოიმატა,  ხოლო 1 კილოგრამი ხახვის ღირებულება 1.20 ლარიდან 2 ლარამდე გაიზარდა. ფასების ზრდა უფრო შესამჩნევი თბილისის ცენტრალურ სუპერმარკეტებსა და მაღაზიებშია.

მსოფლიო მოსახლეობაც ქართველებივით უჩივის გაძვირებულ პროდუქტს, მაგალითად, მაკდონალდსი 2-4.5 %-ით გეგმავს ფასების ზრდას, თუმცა ამას განვითარებული ქვეყნების ხარჯზე გააკეთებს და, შესაბამისად, საქართველო გაძვირებაში არ მოყვება. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ვალუტას, ის ”მდგრადად” განაგრძობს ვარდნას და ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 იანვარს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.8087 ლარით, ხოლო ერთი ევროს ღირებულება 2.4539 ლარით განისაზღვრა.

დადებითად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მობილური ოპერატორების ტარიფი 28.8 თეთრიდან 24 თეთრამდე დაიწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება იმ კომპანიებს ეხება, რომლებიც ბაზრის 15% – ს ფლობენ, კერძოდ, კომპანიებს  „ჯეოსელსა“ და  „მაგთიკომს“. ამ ბაზარზე არსებული სიტუაცია და ბოლოდროინდელი ტენდენციები იმედს გვაძლევს, რომ ფასები უფრო დაიწევს.

სიახლეებია მსოფლიო სოციალური ქსელების გიგანტებთან დაკავშირებით, კერძოდ, ”Facebook”-მა იმ მოლაპარაკების შედეგები გამოაქვეყნა, რომელმაც ქსელს 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოუტანა, შეთანხმება მოხდა ”Goldman Sachs”-თან. სოციალური ქსელის ინვესტიციების რიცხვმა ბოლო პერიოდში 1.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. 500 მილიონი დოლარი ”Facebook”-მა რუსული საინვესტიციო კომპანია ”Digital Sky Technologies”-სგან მიიღო. რაც შეეხება ”Twitter”-ს, „eMarketer“-ის კვლევის მიხედვით, მისი შემოსავლები რეკლამებიდან 2011 წლისთვის გასამმაგდება და 150 მილიონ დოლარს მიაღწევს. ეს თანხა შემდეგი წლისთვის შეიძლება 250 მილიონ დოლარამდეც კი გაიზარდოს.

საქართველოში მზარდი და მდგრადი ეკონიმიკის მოლოდინით, მომავალ კვირამდე!

მასალების გადაბეჭდვის წესი