კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2010 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3.9 პროცენტით, ანუ 235.0 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1 იანვრისათვის 6.3 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.1 პროცენტით, ანუ 18.4 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 4.9 პროცენტით, ანუ 216.6 მლნ ლარით.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2010 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 632.0 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.6 პროცენტით, ანუ 17.0 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 3.0 მლრდ ლარის (შესაბამისად, 6.7 პროცენტით, ანუ 188.3 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 51.7 პროცენტი, ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2010 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 2.8 პროცენტით, ანუ 50.7 მლნ ლარით გაიზარდა და 1.9 მლრდ ლარს მიაღწია.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი იანვრისათვის 776.2 მლნ ლარით განისაზღვრა (17.6 პროცენტით, ანუ 116.2 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 10.7 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 384.5 მლნ ლარია (1.6 პროცენტით, ანუ 6.0 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 83.9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2010 წლის დეკემბრის განმავლობაში 3.2 პროცენტით, ანუ 72.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 2.3 მლრდ ლარს გადააჭარბა.