ეკონომიკა

კონსულტაციები საგადასახადო ომბუდსმენის კანიდატურაზე

28 იანვარი, 2011 • • 1115
კონსულტაციები საგადასახადო ომბუდსმენის კანიდატურაზე

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს შორის გაიმართება კონსულტაცია საგადასახადო ომბუდსმენის კანდიდატურის ირგვლივ.

საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის ფარგლებშია ამოქმედებული. აღნიშნული კოდექსის თანახმად, საგადასახადო ომბუდსმენს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

მიმდინარე წელს ამოქმედებული  საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა  და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. მისი ფუნქციაა ასევე განიხილოს იმ პირთა განცხადებები და საჩივრები, რომლებიც შეეხება საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელთა უფლებების დარღვევის ფაქტებს.

საგადასახადო ომბუდსმენს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოდან მიიღოს განმარტება გადასახადის გადამხდელის განცხადებასთან ან/და საჩივართან დაკავშირებულ საკითხებზე. გადასახადის გადამხდელის უფლებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში  საგადასახადო ომბუდსმენი მიმართავს შესაბამის ორგანოს და აძლევს რეკომენდაციას ამ უფლებების აღდგენის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო ომბუდსმენს უფლება აქვს, არ გასცეს ინფორმაცია იმ ფაქტზე, რომელიც მას გაანდეს, როგორც გადასახადის გადამხდელთა უფლებების დამცველს.

თავის მხრივ, საგადასახადო ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.  აღნიშნული ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი