ეკონომიკა

თინა ხიდაშელი მიწისძვრით დაზარალებულთა უფლებებისთვის იბრძვის

27 იანვარი, 2011 • • 1034
თინა ხიდაშელი მიწისძვრით დაზარალებულთა უფლებებისთვის იბრძვის

27 იანვარს თბილისის საკრებულოში საკრებულოს რესპუბლიკელმა წევრმა, თინათინ ხიდაშელმა თბილისში მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად, საცხოვრებელი ფართების დაკანონების თაობაზე, პრესკოფერენცია გამართა. ხიდაშელის განცხადებით, მან საკრებულოში მუშაობა სწორედ მიწისძვრით დაზარალებულების უფლებების დაცვით დაიწყო და კვლავ აგრძელებს ბრძოლას მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.

თინათინ ხიდაშელისა და დაზარალებულების მოთხოვნა მთავრობამ გაითვალისწინა და ყველა მოთხოვნა შესრულებული იქნება. პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ 8 წლის წინათ მომხდარი მიწისძვრისგან დაზარალებულ პირებს არ ჰქონდათ  საკუთარი საცხოვრებელი ფართის დაკანონების შესაძლებლობა და ხელისუფლება მათგან ახლის სანაცვლოდ ძველი ფართების დათმობას მოითხოვდა. რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და გააგრძელებს მონიტორინგს, რომ დადგენილება მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს.

ხიდაშელმა ჟურნალისტებთან ასევე საბავშვო ბაღების სავარაუდო გაძვირებაზეც ისაუბრა, მისი თქმით, მან ამის შესახებ საკრებულოში ინიციატივა შეიტანა,  მაგრამ ის დღის წესრიგში ვერ მოხვდა. უმრავლესობას კი არ აქვს არგუმენტი, თუ რატომ ამბობს უარს აღნიშნული ინიციატივის განხილვაზე. თინა ხიდაშელის განმარტებით, უარის თქმის მთავარი მოტივი ის არის, რომ ხელისუფლება რეალურად გეგმავს გაძვირებას, თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობს, რათა აღნიშნულ საკითხს საზოგადოებაში გამოხმაურება არ მოჰყვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი