ეკონომიკა

რა პირობებს გვთავაზობენ ბანკები სესხის აღებისას?

27 იანვარი, 2011 • • 1416
რა პირობებს გვთავაზობენ ბანკები სესხის აღებისას?

სესხები საქართველოში საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადია. დიდია ასევე არჩევანის შესაძლებლობაც; ყველა ბანკი სესხების სხვადასხვა პირობებს სთავაზობს მომხმარებელს. მაგალითად, TBC ბანკი შემდეგ მომსახურებას გვთავაზობს სესხებზე: „თუ თქვენ გსურთ შეიძინოთ, ააშენოთ, გაარემონტოთ: სახლი, ბინა ან აგარაკი… მაგრამ არ გაგაჩნიათ საკმარისი დანაზოგი?“ ამ შემთხვევაში TBC ბანკი იპოთეკური სესხის შემდეგ პირობებს სთავაზობს მომხმარებელს: სესხის მაქსიმალური თანხა 500 000 დოლარი/ 800 000 ლარი, მინიმალური კი 2000 დოლარი/3500ლარია. აღნიშნული სესხით სარგებლობის მსურველს  TBC ბანკი სესხის აღების მაქსიმალურ ვადად ლარზე 10 წელს, დოლარზე კი 15 წელს აძლევს. სესხების დროს ყველაზე დიდ მნიშვნელობას მომხმარებელი საპროცენტო განაკვეთს ანიჭებს. აღნიშნული ბანკი ლარზე წლიურ საპროცენტო განაკვეთს 15,5 %-დან, ხოლო დოლარზე 14,5%-დან სთავაზობს მომხმარებელს. რაც შეეხება დაფარვის სიხშირეს, TBC ბანკში დაფარვა ყოველთვიურად უნდა მოხდეს ისე, რომ სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ჯამი ერთი და იგივე თანხას შეადგენდეს. ბანკში სესხის გაცემის საკომისიო კი 1%-ია, მინიმუმ 20 დოლარი.

საქართველოს ბანკი, იპოთეკური სესხის ასაღებად მომხმარებელს „იპო +“ -ს სთავაზობს. მისი ფორმულა შემდეგნაირია-თუ პიროვნებას სურს ბინის შეძენა და არ აქვს საკმარისი ფული, საქართველოს ბანკში 50 000 დოლარის აღების შემთხვევაში, წლიური საპროცენტო განაკვეთი 14 % იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ყოველწლთვიურად ჩარიცხავს შემოსავალს თავის ანგარიშზე და თვეში თუნდაც 100 დოლარს დაზოგავს, სესხის საპროცენტო განაკვეთი წელიწადში 3.5 %-ით შემცირდება და წლიური 14 %-ის მაგივრად 10.5 % იქნება.

„იპო +“-ით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს სტაბილური თვიური შემოსავალი.

ბანკი სესხს გასცემს, აგრეთვე, ფართის შეძენა/მშენებლობაზე 3000 დოლარიდან და ფართის რემონტის/ავეჯის შეძენაზეც ასევე 3000 დოლარიდან.

საქართველოს ბანკში სესხის აღების შემთხვევაში, დაფარვის ვადა 6 თვიდან 10 წლამდე იქნება.

რაც შეეხება ბანკ რესპუბლიკას, მათ ახალი აქცია აქვთ იპოთეკურ სესხზე, რომელიც  11 %-იან საპროცენტო განაკვეთს ითვალისწინებს დოლარში.  აქციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ბანკის მომხმარებელს, არ არის აუცილებელი მსესხებელი ბანკ რესპუბლიკის კლიენტი იყოს. თანხის ოდენობა ამ შემთხვევაში შეუზღუდავია, სესხის ვადა კი 25 წლამდეა.

სესხის უზრუნველყოფა შესაძლებელია: იმ უძრავი ქონებით, რომლის შეძენასაც აპირებს მომხმარებელი, მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი ქონებით და ნებისმიერი სხვა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. სესხის დაფარვა შესაძლებელია, როგორც ყოველთვიურად, ასევე ყოველკვარტლურად.

რაც შეეხება ბანკის მოთხოვნებს, მსესხებლის სამუშაო გამოცდილება უნდა იყოს მინიმუმ 1 წელი, მინიმალური ხელფასი კი 400 დოლარი.

პროკრედიტ ბანკი სესხის აღების მსურველს შემდეგ პირობებს სთავაზობს-თანხის რაოდენობა 500-დან 100,000 დოლარამდეა/300-დან 17,000 ლარამდე. სესხის დაბრუნებისთვის კი მომხმარებელს მაქსიმუმ 15 წელი აქვს. გადახდის სხვა ალტერნატივა პროკრედიტ ბანკში არ არის და მომხმარებელს ყოველთვიური თანაბარი შენატანები ეკისრება.

პროკრედიტ ბანკიდან იპოთეკური სესხის გამოტანა შეუძლია ყველას, ვისაც სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი აქვს და შეძლებს ამ სესხის განსაზღვრულ პერიოდში დაფარვას.

მართალია, ბანკები მიმზიდველ პირობებს სთავაზობენ მომხმარებელს, თუმცა, სასურველია, კლიენტი ყურადღებით გაეცნოს ხელშეკრულებას, რომელსაც სესხის აღების დროს ბანკთან აფორმებს და გაითვალისწინოს ის რისკები და დამატებითი გადასახადები, რომელსაც ყველა ბანკი უწესებს საკუთარ მომხმარებელს. რეალური სურათის გაცნობის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაინც მომხმარებელზეა დამოკიდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი