ეკონომიკა

უნიკალური ტარიფი მაგთისა და ჯეოსელისათვის

27 იანვარი, 2011 • • 1147
უნიკალური ტარიფი მაგთისა და ჯეოსელისათვის

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური ოპერატორების ტარიფი 28.8 თეთრიდან 24 თეთრამდე დაიწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება იმ კომპანიებს ეხება, რომლებიც ბაზრის 15% – ს ფლობენ, კერძოდ, კომპანიებს  „ჯეოსელსა“ და  „მაგთიკომს“.

„მაგთიკომი“ აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს.

 ნეტგაზეთი კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრეს-მდივანს, ხატია ყურაშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია პერიოდულად აწარმოებს ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის კვლევას. კომისიამ არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეისწავლა და დაწია ურთიერთჩართვის ტარიფი. მისი თქმით, ეს არის საბითუმო ბაზრის ტარიფი, მაგალითად, როდესაც „ჯეოსელის“ აბონენტს შესაძლებლობა აქვს „მაგთის“ აბონენტს დაუკაშირდეს, ეს ურთიერთჩართვის შედეგად ხდება, ანუ აღნიშნული კომპანიები ერთმანეთს ზარის დასრულების საშუალებას აძლევენ.

აღნიშნული ტარიფი წლების განმავლობაში სხვადასხვა იყო, ბოლო ცვლილება 2010 წლის მაისში მოხდა და 14.8 თეთრიდან ტარიფმა 8 თეთრამდე დაიწია, შესაბამისად, კომისიას მოლოდინი ჰქონდა, რომ აღნიშნული ტარიფის დაწევა, თავის მხრივ, ასახვას საცალო ბაზარზე ჰპოვებდა, თუმცა, მობილური ოპერატორები მხოლოდ სხვადასხვა აქციებით შემოიფარგლნენ, რეალურად, ტარიფმა არ გაიაფდა.  გარდა ამისა, კომპანია „მაგთიკომმა“ 23 აგვისტოს სრულიად საქართველოს აცნობა, რომ მას ახალი ტარიფი ჰქონდა და მნიშვნელოვნად გააიაფა ზარის განხორციელება საკუთარ ქსელში, კერძოდ, დააწესა 18 თეთრი გარე ქსელში გამავალ ზარებზე და 5 თეთრი შიდა ქსელში, მაგრამ, ამავე დროს, ზარის წამოწყების 10 თეთრიანი ტარიფი შემოიღო. რეალურად მან ფასები გაზარდა, ხოლო გარე ქსელში გამავალ ზარებზე ტარიფი 32.8 თეთრამდეც კი ავიდა, ამიტომ, კომისიამ 2010 წლის 17 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება და დაიწყო მობილურის საცალო კვლევა.

 ეს კვლევა მიმდინარეობდა 4 თვის განმავლობაში და მასში  ჩართულნი იყვნენ მობილური ოპერატორები. მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე-როგორიცაა რეალური დანახარჯები და შემოსავლები, დადგინდა  ტარიფი, ჯეოსელის შემთხვევაში 1 წუთზე 18,5, ხოლო მაგთისთვის 17.1 თეთრიანი ტარიფი.

ამის მიუხედავად,  მარეგულირებელმა კომისიამ ზღვრული ტარიფი-24 თეთრი დააწესა.  კითხვაზე, თუ რატომ არ დააწესა კომისიამ ნაკლები ტარიფი, პასუხი ისაა, რომ კომისია კომპანიებს თავისუფლებას აძლევს,  თავად დაუწესოს საკუთარ თავს  ზღვრული ტარიფი, თუმცა იგი 24 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს.

 უნიკალური ტარიფის დაწესებით კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კომპანიებს ჯანსაღი კონკურენციის საშუალება მისცა – აცხადებენ მარეგულირებელში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი