ეკონომიკა

თინა ხიდაშელი კიდევ ერთი მონოპოლისტის გაჩენაზე საუბრობს

27 იანვარი, 2011 • • 1065
თინა ხიდაშელი კიდევ ერთი მონოპოლისტის გაჩენაზე საუბრობს

თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელმა წევრმა,  თინათინ ხიდაშელმა თბილისში სამარშრუტო ტაქსებისათვის გამოცხადებული ტენდერის შედეგების გამოვლენამდე ინფორმაციის  საჯაროობა მოითხოვა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ხიდაშელმა განაცხადა, რომ თბილისის სატრანსპორტო სფეროში ერთპიროვნული მონოპოლისტის გაჩენის მაღალი საფრთხე არსებობს. მისი თქმით, აგრეთვე, მაღალი ალბათობა არსებობს  იმისა, რომ აღნიშნული რეფორმა თბილისის მერის და მასთან დაახლოებული პირების ფინანსურ ინტერესებს მოემსახუროს, რაც მცირე მეწარმეების  ამ სფეროდან განდევნის და ასეულობით ოჯახის შემოსავლის გარეშე დატოვების საფრთხეს ქმნის.  

თინა ხიდაშელმა დეტალურად ისაუბრა თბილისის ხუთივე ლოტის  პრეტენდენტი კომპანიების შესახებ და დასძინა, რომ დოკუმენტებში არ ჩანს იმ ადამიანთა ინტერესები, ვინც დღემდე ტრანსპორტის სფეროში მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. ხიდაშელის თქმით, 5 ლოტზე სულ 8 კომპანიის განაცხადია შესული, ორ რაიონში კი მხოლოდ ერთი ფირმა ფიგურირებს. სამი კომპანია  სპეციალურად ამ კონკურსისთვისაა დაფუძნებული, მათ შორის ორი ერთსა და იმავე დროს და მოსაკრებელიც 5 წუთის სხვაობით აქვთ გადახდილი. “სამივე კომპანიის წესდება სიტყვა-სიტყვით ემთხვევა ერთმანეთს ერთადერთი გამონაკლისით – ხელმომწერის გვარი და სახელი არის შეცვლილი.  ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სამივე კომპანიის საბუთებში დევს დოკუმენტი, რომლის შესაბამისადაც, თბილისში, სანაპიროს ქ.#3-ში, მდებარე რესტორანი “ძველი სახლი” საოფისე ფართის გამოყოფაზე თანხმობას აძლევთ. მოგვიანებით, ერთ შემთხვევაში, ეს დოკუმენტი შეცვლილია და უკვე სხვა რესტორნის – “ქალაქურის” – დირექტორის ხელმოწერილი დოკუმენტი ჩნდება  კომპანიისათვის “ფაბლიქ ქარ” ფართის გამოყოფაზე”, – განაცხადა ხიდაშელმა. 

საკრებულოს დეპუტატი იმედოვნებს, რომ მის მიერ ჩამოთვლილი დეტალები  სატენდერო კომისიის წევრების ყურადღებას მიიპყრობს.

თინათინ ხიდაშელის განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კოკი იონათამიშვილი გამოეხმაურა- “ჩვენს კომისიას ჰქონდა გარკვეული შენიშვნები წარმოდგენილ ლოტებზე შემომტან რამდენიმე ორგანიზაციასთან მიმართებაში.  თითოული ის კომპანია, რომელსაც ჩვენი შენიშვნები გავაცანით, თავადვე  არიან უზუსტობების აღმოფხვრით დაინტერესებულნი. რამდენიმე დღეში  კომისიის ყველა წევრი ამ საკითხებს დეტალურად გავივლით და  ობიექტურ გადაწყვეტილებას მივიღებთ”,- განაცხადა კოკი იონათამიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი