ეკონომიკა

ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა

26 იანვარი, 2011 •
ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა

დღეს ეროვნული ბანკის 91-დღიან N4 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების  ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.57%-ით, მაქსიმალური 9.77%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.69%–ით განისაზღვრა.

 

დღესვე  ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები. აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  შვიდმა  კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ  31 900 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.650%–ით, მაქსიმალური 11.810%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.756%–ით განისაზღვრა.

 

შეგახსენებთ, რომ სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით.

სახაზინო ობლიგაცია არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1 – დან 10 წლამდე დაფარვის ვადით, კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალიზებული ფორმით. ერთი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იყიდება აუქციონის მეშვეობით. აუქციონი ტარდება საქართველოს ეროვნულ ბანკში. ფასიანი ქაღალდების მფლობელი შეიძლება გახდნენ როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები, რეზიდენტები და არარეზიდენტები. ფასიანი ქაღალდების შეძენა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ  და იურიდიულ პირებს შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მეშვეობით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი