ხშირად თვითდასაქმებული მოქალაქე, რომელსაც საარსებო მინიმუმზე თუნდაც 5-6-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, თავს დასაქმებულად მხოლოდ იმიტომ არ თვლის, რომ მას “სახელმწიფომ არ მისცა სამსახური”. საინტერესოა, ასეთი ადამიანი დათანხმდებოდა თუ არა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამსახურს, სადაც ანაზღაურება უფრო ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ის გამოიმუშავებდა თვითდასაქმების დროს?
2010 წლის ივლისში საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხული მოსახლეობის 65 პროცენტი სამუშაო ადგილებს ასახელებს. აღნიშნული კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილების მნიშვნელობა მოსახლეობისათვის საგრძნობლად აღემატება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ან ნატოში გაწევრიანების საკითხს. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 47 პროცენტი თვლის, რომ 2008 წლის იანვრის შემდგომ სამუშაო ადგილთან დაკავშირებით მათი მდგომარეობა გაუარესდა. კითხვაზე: რა საკითხებზე ისურვებდით, რომ ახლად არჩეულ ადგილობრივ ხელისუფლებას ყურადღება გაემახვილებინა, მოსახლეობის 83 პროცენტი კვლავ დასაქმების პრობლემას ასახელებს. ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 71 პროცენტი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, ხოლო მოსახლეობის 48 პროცენტი თვლის, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა საქართველოში შემცირდა.
რამოდენიმე თვის შემდეგ საკუთარი კვლევა უკვე საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. კვლევაში გამოკითხულთა 44 პროცენტი საქართველოს უმთავრეს პრობლემად კვლავ უმუშევრობას ასახელებს, ამ კვლევაში უმუშევრობა საკუთარი მნიშვნელობით ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც კი აღემატება, გამოკითხულთა 64 პროცენტი კი უმუშევრობას მეორე რიგის პრობლემას აკუთვნებს. გამოკითხულთა 45 პროცენტი საკუთარი ოჯახის მთავარ პრობლემად სწორედ უმუშევრობას ასახელებს, ხოლო 53 პროცენტისათვის უმუშევრობა მომდევნო რანგის პრობლემაა.
IRI-ის კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ მოსახლეობა 2010 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობებისაგან, პირველ რიგში, სწორედ დასაქმების საკითხის მოგვარებას ელის. კერძოდ, გამოკითხულთა 37 პროცენტი თვლის, რომ პირველ რიგში, ახლად არჩეულმა საკრებულოებმა უმუშევრობის პრობლემა უნდა მოაგვარონ, ხოლო 46 პროცენტი ასევე უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას უსახავს მიზნად საკრებულოებს, თუმცა ამ საკითხს მეორე ნომრად აყენებს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებისაგან განსხვავებულ სურათს გვაძლევს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. კერძოდ, სამსახურის მონაცემებში აღნიშნულია, რომ საქართველოში 2009 წელს უმუშევრობის დონე მხოლოდ 17 პროცენტამდე იყო, 2010 წელს კი უკვე 16.5 პროცენტი იქნა მიჩნეული უმუშევრად.
დასაქმება და უმუშევრობა | 2004 | 2005 | 2006 | 2007 | 2008 | 2009 |
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა), ათასი კაცი | 2041.0 | 2023.9 | 2021.8 | 1965.3 | 1917.8 | 1991.8 |
დასაქმებული, ათასი კაცი | 1783.3 | 1744.6 | 1747.3 | 1704.3 | 1601.9 | 1656.1 |
უმუშევარი, ათასი კაცი | 257.6 | 279.3 | 274.5 | 261.0 | 315.8 | 335.6 |
უმუშევრობის დონე, პროცენტებში | 12.6 | 13.8 | 13.6 | 13.3 | 16.5 | 16.9 |
ჰერითიჯის ფონდის მიერ შემუშავებული “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2011”-ის თანახმად, საქართველოში უმუშევრობა 16.4 პროცენტს შეადგენს, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი შეუდარებლად დაბალია. მაგალითად, უმუშევრობა რუსეთში შეადგენს 8.4 პროცენტს, სომხეთში უდრის 6.9 პროცენტს, აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 6 პროცენტს უტოლდება, ხოლო თურქეთში კი 12.5 პროცენტს შეადგენს.
საინტერესოა, რატომ ხდება ისე, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვთავაზობს ერთ ინფორმაციას, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევები მეორე, ალტერნატიულ რეალობას გვიჩვენებს.
სინამდვილეში, უმუშევრობა არ არის მარტივი პრობლემა, რომელსაც მარტივი გადაწყვეტა აქვს. მას მრავალი ახსნა გააჩნია და მასზე მრავალი სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო პოლიტიკა ზემოქმედებს.
უმუშევრობის დონის აბსოლუტური სიზუსტით დადგენა საკმაოდ რთულია, ვინაიდან სამუშაო ძალაში ჩართვა და სამუშაო ძალიდან გამოთიშვა საკმაოდ ხშირი მოვლენებია. ითვლება, რომ უმუშევართა მესამედზე მეტი სამუშაო ძალის ახალი წევრები არიან, ანუ ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდები არიან და პირველად ეძებენ სამუშაოს.
სინამდვილეში, უმუშევრობა მხოლოდ სამუშაოს მაძიებლის წარმატებით არ მთავრდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც პიროვნება სამუშაო ძალაში მონაწილეობას (ანუ სამუშაოს ძებნას) თავს ანებებს. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც, ერთის მხრივ, თავს უმუშევრებს უწოდებენ, რეალურად სურთ კიდეც მუშაობა, თუმცა სამუშაო ადგილის წარუმატებელი ძიების შემდეგ ამ მცდელობაზე უარი თქვეს. ეკონომიკაში ასეთ პერსონებს იმედდაკარგულ მუშახელს უწოდებენ, ანუ უმუშევრად დარჩენილ პირებს, რომლებსაც უმუშევრობის სტატისტიკა არ ითვალისწიენებს.
სწორედ NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ადამიანები, რომლებიც თავს უმუშევრებად თვლიან, თუმცა სამუშაოს არ ეძებენ, გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით 28 პროცენტია, თუმცა რესპოდენტთა 39 პროცენტი აღნიშნავს, რომ უმუშევარია და სამსახურს ეძებს.
საფუძვლიანი მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზულად დგას საქართველოში უმუშევრობის პრობლემა, შესაძლებლია მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდგომ. კერძოდ, ქვეყანაში არსებული უმუშევრობა მოკლევადიანი პერიოდის სტანდარტული მოვლენაა, თუ საქმე გვაქვს გრძელვადიანი პერიოდის საფრთხესთან? ნებისმიერ შემთხვევაში, თუ უმუშევრობა მოკლევადიანი პერიოდის სტანდარტული მოვლენაა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს დიდი პრობლემა არ არის. ასეთ შემთხვევაში სამუშაოს მაძიებლები, მაღალი ალბათობით, სწრაფად იპოვნიან შესაფერის სამუშაოს. გრძელვადიან პერიოდში კი საქმე ბევრად უფრო რთულ პრობლემასთან გვაქვს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რჩება სამუშაო ადგილის გარეშე, სულ უფრო დიდ ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ სიძნელეებს განიცდის.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აწარმოებს სამუშაო ძალის სტატისტიკას შინამეუნეობების (საოჯახო მეურნეობების) ინტეგრირებული გამოკვლევის საფუძველზე.
ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაეროსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული, რადგან არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც საპენსიო ასაკის მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალია.
საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, დასაქმებისა და უმუშევრობის შეფასება ხორციელდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით.
ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქედ ადამიანი უკვე 15 წლის ასაკიდან მიიჩნევა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის მუშაობს ან დამსაქმებელს საკუთარ შრომას სთავაზობს.
საქართველოში დასაქმებულად ითვლება არა მხოლოდ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაქირავებით დასაქმეულია კერძო ან სახელმწიფო სექტორში და იღებს გასამრჯელოს ხელფასის სახით, აგრეთვე, მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც მოგების, შემოსავლის ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით ეწევა გარკვეულ საქმიანობას.
თვითდასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მუშაობს და გააჩნია საკუთარი შემოსავალი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, იმისათვის, რომ ადამიანი ჩაითვალოს დასაქმებულად, არ არის აუცილებელი, რომ მას ჰქონდეს ხანგრძლივვადიანი შრომითი ხელშეკრულება ან დაქირავებული იყოს ვინმეს მიერ. მარტივად რომ ვთქვათ, ზემოთაღნიშნული მეთოდოლოგიის თანახმად, თუ ადამიანი საკუთარი შრომით შემოსავალს იღებს, მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა, ის დასაქმებულად უნდა ჩაითვალოს.
საქართველოში თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სოფლად, საკუთარ მეურნეობაში. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს მიწის ნაკვეთი ან ჰყავს პირუტყვი, რომლიდანაც მიღებულ პროდუქციას საკუთარი მოხმარებისათვის ან გასაყიდად იყენებს, დასაქმებულ ადამიანად ითვლება.
ქვეყანაში თვითდასაქმებულთა სფერო უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები არიან. მაგალითად, კერძო რეპეტიტორები, კერძო ტაქსის მეპატრონეები და მძღოლები, საცალო ვაჭრობით დაკავებული პირები (მათ შორის ბაზრობებზე მომუშავენი და ა.შ.), წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად ითვლებიან. თუმცა, საქართველოში, გამომდინარე მათი მცირე შემოსავლებიდან, თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. სწორედ ამის შედეგია IRI-ისა და NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირებული მაჩვენებლები. მაგალითად, საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ანაზღაურება სხვა სფეროებთან შედარებით (მაგალითად, სასტუმრო მომსახურება, ტრანსპორტი, სახელმწიფო მმართველობა) ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალია და მხოლოდ თევზჭერასა და განათლების სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიურ ნომინალურ ანაზღაურებას მცირედით აღემატება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხშირად თვიდასაქმებული მოქალაქე, რომელსაც საარსებო მინიმუმზე თუნდაც 5-6-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, თავს დასაქმებულად მხოლოდ იმიტომ არ თვლის, რომ მას “სახელმწიფომ არ მისცა სამსახური”. საინტერესოა, ასეთი ადამიანი დათანხმდებოდა თუ არა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამსახურს, სადაც ანაზღაურება უფრო ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ის გამოიმუშავებდა თვითდასაქმების დროს? ამასთან, კიდევ ერთი პრობლემა სიზარმაცეა, ძალიან ძნელია გესმოდეს ადამიანის, რომელიც მთელ დღეს ქუჩაში უსაქმოდ ატარებს კვლავ “სახელმწიფოს მიერ მოცემული სამსახურის” მოლოდინში და არ ცდილობს თუნდაც მინიმალური შემოსავალი საკუთარი შრომით მიიღოს.
იმის შესახებ, თუ რა შეიძლება შესთავაზოს მთავრობამ უმუშევრებს, სხვადასხვა ტიპის შეხედულებები არსებობს. მსოფლიოში ერთ-ერთ აპრობირებული სამთავრობო პროგრამა ე.წ. უმუშევრობის დაზღვევაა. ზოგადად რომ აღვწეროთ, ეს პროგრამა ადამიანებს სამუშაო ადგილის დაკარგვით მიყენებულ ზარალს ნაწილობრივ უნაზღურებს. ამასთან, ეს პროგრამა არ ზრუნავს იმ უმუშევრებზე, რომლებმაც სამუშაო საკუთარი სურვილით დატოვეს, ან მათზე, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობენ მხოლოდ ის პიროვნებები, ვინც იმიტომ გახდა უმუშევარი, რომ დამქირავებელს მათი სამსახური უკვე აღარ სჭირდება.
ხშირია შემთხვევები, როდესაც “უმუშევრობის დაზღვევის” სამთავრობო პოლიტიკას სერიოზული მოწინააღმდეგეები ჰყავს. კერძოდ, ითვლება, რომ აღნიშნული პროგრამის გამოყენება ადამიანებს სამუშაოს ძებნის სტიმულს უმცირებს.
უმუშევრები არიან ყოველთვის, ყველა ქვეყანაში, მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად წარმატებულად ფუნქციონირებს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია, რომ ვერავითარი ხელოვნური სამთავრობო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობის დონის შემცირებას. ამის მაგალითია თუნდაც 2004 წლის შემდგომ საქართველოში რამდენჯერმე განხორციელებული ე.წ. დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამა, თუმცა ამ პროგრამის შედეგი, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში ყოველთვის ნულოვანი იყო. გამომდინარე აღნიშნულიდან, შეიძლება ითქვას, რომ გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობის დონის შემცირების ერთადერთი გამოსავალი კერძო სექტორის გააქტიურება, განვითარება და აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდაა.
სტატიაში გაანალიზებული მასალები უპირატესად 2010 წლის მონაცემებს ეყრდნობოდა.