ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების საფრთხე მსოფლიოში

20 იანვარი, 2011 • • 1265
ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების საფრთხე მსოფლიოში

2010 წლის დასასრულს დაწყებული გლობალური ინფლაცია დღემდე გრძელდება, რაც კარგად ჩანს მომატებულ ფასებსა და შემცირებულ სამუშაო ადგილებში.

ინფლაცია ყველაზე მტკივნეულად დიდ ბრიტანეთს შეეხო, სადაც ფასების მატების მთავარ მიზეზად მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება სახელდება. მოსახლეობის განცხადებით, ბენზინზე ასეთი მაღალი ფასი აქამდე არასოდეს ყოფილა. ლონდონში სამომხმარებლო ფასების ზრდის მაჩვენებელმა უკვე 3,7 %-ს მიაღწია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი კი 10 % – ით გაიზარდა. კრიზისია ასევე დასაქმების სფეროშიც, დიდ ბრიტანეთში ბოლო სამი თვის განმავლობაში სამსახური 49 000-მა ადამიანმა დაკარგა. სახელმწიფო სექტორში დასაქმებული თანამშრომლები კი გაფრთხილებულები არიან  ხელფასების მოსალოდნელ გაყინვაზე.

ინფლაციას ვერც საქართველო გადაურჩა. ფასების მატება ჩვენს ქვეყნაშიც შეინიშნება. მაგალითად, შაქარი – საცალო ქსელში კილოგრამის ფასი 2.20-2.30-მდე მერყეობს. გაზრდილია ასევე გადასახადებიც: დეკემბრის თვეში ფასებმა მოიმატა წყალზე და ტრანსპორტზე. წყალი 75 თეთრით გაძვირდა –2,40-დან 3,15-მდე. ტრანსპორტი კი 10 თეთრით –40-დან 50-თეთრამდე გაიზარდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასების მატება, ძირითადად, საწვავის გაძვირებამ განაპირობა, ინმპორტირებული პროდუქტზე ფასის გაზრდა კი– მომატებულმა საბაჟო გადასახადმა(12%).

ინფლაციასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში იმედოვნებენ, რომ 2011 წლის 1-2 კვარტალში მაჩვენებელი შემცირდება. კერძოდ კი, 2011 წლის პირველ კვარტალში ინფლაცია 9%-მდე, ხოლო მეორე კვარტალში 8,4 %-მდე შემცირდება. წლის ბოლოსთვის კი, ბანკის პროგნოზირებით, ინფლაციის მაჩვენებელი 10,6 % იქნება.

როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირებამ  საქართველოში კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია. სურსათის გაძვირება კი გამოიწვევს ინფლაციის მაჩვენებლის მაღალი დონის შენარჩუნებას.

ინფლაციის თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ, მისი თქმით, ინფლაციის, ანუ ლარის მსყიდველობითი უნარის შემცირების უმთავრესი მიზეზი ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა. ანუ, ერთი და იგივე თანხით დღეს უფრო ნაკლები პროდუქტის შეძენა შეგვიძლია, ვიდრე გუშინ იყო შესაძლებელი. სხვა მრავალი მიზეზის გარდა,  ერთ-ერთი უმთავრესი მაინც  ქვეყანაში გაზრდილი სამთავრობო ხარჯები და არაოპტიმალური ხარჯვითი პოლიტიკის გატარებაა. ბრუნვაში ჩნდება ჭარბი ფულის მასა, რაც ბუნებრივად ამცირებს მოთხოვნას ლარზე. ფულის მასის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად უსწრებს ეკონომიკური ზრდის ტემპს და რეალურად ვერ ხდება ჭარბი ფულის “დასაქონლება”.

რაც შეეხება ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ყველაზე მოკლე გზა სამთავრობო ხარჯების შემცირება (ქამრების შემოჭერა) და ხარჯვითი პოლიტიკის ოპტიმიზაციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი