ეკონომიკა

სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა სტატისტიკა და თვიური შემოსავლები

12 იანვარი, 2011 • • 1272
სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა სტატისტიკა და თვიური შემოსავლები

სასტუმროებისა და რესტორნების მთლიანმა ბრუნვამ 2010 წლის მესამე კვარტალში, ჯამში, 93 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 10 მილიონით მეტია 2010 წლის წინა კვარტლის მაჩვენებელზე და 25.2 მილიონი ლარით აღემატება 2010 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს.

რაც შეეხება აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობას, 2010 წლის მესამე კვარტალში სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა რაოდენობამ, ჯამში, 12667 ადამიანი შეადგინა, რაც 691-ით ნაკლებია 2010 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელზე და 409-ით აღემატება 2010 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობას.

აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა საშუალო თვიური ხელფასების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 2010 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა შრომის თვიურმა ანაზღაურებამ 2010 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 67.7 ლარით მოიმატა და 440 ლარი შეადგინა, ხოლო 2010 წლის მეორე კვარტალში შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება 404 ლარია.

უფრო კონკრეტულად თუ განვიხილავთ, 2010 წლის მესამე კვარტალში მხოლოდ სასტუმროებისა და სხვა მოკლევადიანი საცხოვრებელი ადგილების ბრუნვამ 38.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 13.7 მილიონი ლარით აღემატება 2010 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს. რაც შეეხება რესტორნებს, 2010 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული დაწესებლებების მთლიანმა ბრუნვამ 25.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინა 2 კვარტლის მაჩვენებლისგან. ბარების ბრუნვა, სასტუმროებთან და რესტორნებთან შედარებით, მცირეა და 2010 წლის მესამე კვარტალში მან მხოლოდ 1.9 მილიონი ლარი შეადგინა. ბარებსა და რესტორნებს სასადილოებისა და მზა საკვების მიწოდების ობიექტებმა აჯობა, რომელთა ბრუნვამ 2010 წლის მესამე კვარტალში 27.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 8.4 მილიონი ლარით მეტია 2010 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელზე.

ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობას თუ გადავხედავთ, მხოლოდ სასტუმროებსა და სხვა მოკლევადიან საცხოვრებელ ადგილებში 2010 წლის მესამე კვარტალში 4751 ადამიანია დასაქმებული და აღნიშნულ დაწესებულებებში დაქირავებულთა რაოდენობა აღემატება რესტორნებში, ბარებში, სასადილოებსა და მზა საკვების მიმწოდებელ ობიექტებში დასაქმებულთა რაოდენობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი