ეკონომიკა

ლარი ვარდნას განაგრძობს

12 იანვარი, 2011 • • 1098
ლარი ვარდნას განაგრძობს

უკვე მეორე დღეა ეროვნული ვალუტა ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მნიშვნელოვან ვარდნას განაგრძობს. მიმდინარე წლის 11 იანვრის მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი 1.7815 ლარი ღირდა, ხოლო ერთი ევრო 2.2990 ლარი, უკვე 12 იანვრის მონაცემებით კი, ერთი აშშ დოლარი 1.7927 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო კი 2.3180 ლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის დადგენილების „2010-2012 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2010-2012 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თანახმად, 2010-2012 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივმა მაჩვენებელმა უნდა შეადგიონოს მხოლოდ 6 პროცენტი.

ამავე დროს, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2010-2012 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტები: რეფინანსირების სესხები (ლიკვიდობის მიწოდება), სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონები (ლიკვიდობის ამოღება), ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო სვოპ ოპერაციები, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.

არსებულ დადგენილებაში აღნიშნულია, ასევე, რომ 2010-2012 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედი რისკები, ძირითადად, არის ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების, გეოპოლიტიკური რისკების, რეგულირებადი ფასების ცვლილებები, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. აქვე აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებით გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე (ინფლაციის მოლოდინი, მშპ–ს პოტენციური დონიდან გადახრა).

მასალების გადაბეჭდვის წესი