“ონლაინ შოპინგი” ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე – მთელ მსოფლიოში. ინტერნეტ–გამოწერა ბევრი ადამიანისთვის ახალ სენადაც კი იქცა. amazon.com, forever21.com,oldnavy.com, urbanog.com, victoriassecret.com, asos.com, 6pm.com – ეს იმ „ონლაინ მაღაზიების“ არასრული ჩამონათვალია, რომელთა მეშვეობითაც უამრავი ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სარგებლობს. „ონლაინ შოპერები“-ს რიცხვიც დღითიდღე იზრდება.
სტატისტიკის მიხედვით, ონლაინ შოპინგისთვის ყველაზე მომგებიანი და კარგი პერიოდი ნოემბერ-დეკემბერია. წლის ბოლოს, კერძოდ კი, დეკემბერში, თითქმის ყველა საიტზე გრანდიოზული ფასდაკლებაა, რადგან სწორედ ამ პერიოდში ამერიკაში „შავი პარასკევია“ (Black Friday). მყიდველების რაოდენობა ამ დროს 35%-ით იზრდება. ComScore-ის ცნობით, 2008 წელთან შედარებით 2009 წელს ამერიკაში ონლაინ-შოპინგზე 11%-ით მეტი დაიხარჯა, ეს თანხა კი 595 მილიონ დოლარს შეადგენს. 2010 წელს 2009 წელთან შედარებით ეს რიცხვი 12 %-ით გაიზარდა.
თბილისში გამოკითხული მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ „ონლაინ შოპინგი“ მოსახერხებელია და ამავე დროს იაფია ადგილობრივ ბაზართან შედარებით. გამოწერის საშუალებით ადამიანს მეტი შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ მისი სამოსი ან ნივთი უნიკალური იყოს, ამავე დროს, საქონლის არჩევანი „ონლაინ შოპინგის“ დროს გაცილებით დიდია და მყიდველი მისთვის სასურველ პროდუქტს სახლიდან გაუსვლელად ადვილად შეარჩევს.
მაგრამ „ონლაინ შოპინგისას“, მომხმარებლებმა რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეც უნდა გაამახვილონ ყურადღება. მაგალითად, რეგისტრაციის დროს ზუსტად უნდა იქნას შეყვანილი პირადი ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი, და ა.შ); სწორად უნდა შეირჩეს ზომა, რის საშუალებასაც კონკრეტულ საიტზე დართული ცხრილები იძლევა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ქართველმა „ონლაინ შოპერმა“ უნდა გაითვალისწინონ, არის გადამზიდი ორგანიზაცია, რომლის საშუალებითაც მოდის პროდუქცია ჩვენამდე. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ იქნება სანდო და გამოცდილი, ჩვენი ნივთების დაკარგვის ალბათობა იზრდება და ფულსაც არავინ დაგვიბრუნებს უკან.
ზომების ზუსტად შესარჩევად სპეციალური საიტი არსებობს, სადაც შექმნილია ვირტუალური მანეკენი, რომელსაც ნებისმიერი სხეულის ფორმის მიღება შეუძლია. რობოტი აწყობილია ცამეტი ფირფიტისაგან, რომლებიც მოძრაობენ და ბრუნავენ, აფართოებენ მხრებს, ბერავენ და ავიწროებენ მკერდის კუნთებს. პოტენციური მყიდველი შედის საიტზე, შეყავს საკუთარი პარამეტრები (სიმაღლე, მკერდის და კისრის გარშემოწერილობა, წელის ზომა) და საიტი თავად პოულობს არჩეული ნივთის მეტნაკლებად შესაფერის სურათს. პროცესი მაღაზიის გასახდელში სარკეში ჩახედვის მსგავსია.
2009 წლამდე საქართველოში ინტერნეტ შოპინგის მოყვარულებს 1500 ლარამდე პროდუქციის გამოწერა შეეძლოთ განბაჟების გარეშე, მაგრამ 2009 წლის 10 აგვისტოდან ახალი საბაჟო წესი შემოვიდა, რის მიხედვითაც, 300 ლარზე მეტი ღირებულების მქონე გზავნილი განბაჟებას ექვემდებარება.
მიუხედავად ამისა, „ონლაინ შოპინგი“ საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება და მომხმარებელთა რაოდენობაც სწრაფად იზრდება.