ეკონომიკა

ინტერნეტი – ახალი გზა რეკლამისთვის

11 იანვარი, 2011 • • 1084
ინტერნეტი – ახალი გზა რეკლამისთვის

მცირე ბიზნესის დაწყება საკმაოდ რთული საქმეა. მომხმარებლების მოსაზიდად აუცილებელია რეკლამა, რაც ხშირად მცირე ბიზნესისთვის ადვილი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ რეკლამის ფასი ტელევიზიაში ძვირია. თუმცა რეკლამისთვის ახალი გზაც არსებობს,  ესაა ინტერნეტი. ინტერნეტში განთავსებული რეკლამების ფასები ბევრად ჩამოუვარდება ტელევიზიის ფასებს, მაგალითად, საქართველოს ტელესივრცეში 1 წუთი რეკლამის ფასი 300-3000 ლარის ფარგლებში მერყეობს, როდესაც ინტერნეტში ეს თანხა ერთი თვის განმავლობაშიც არ დაგეხარჯებათ. რეკლამის განთავსება სოციალურ ქსელებზეც შეიძლება, რაც უფასოცაა და ბიზნესისთვის სხვა უპირატესობებსაც იძლევა:

  • სოციალური ქსელები დიდი პოპულარობით სარგებლობს და რეკლამას მრავალი ადამიანი გაეცნობა;
  • მყარდება უშუალო კონტაქტი მომხმარებელსა და კომპანიას შორის, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს, მომხმარებლის მოთხოვნებს უპასუხოს სწრაფად და ზუსტად;
  • სოციალური ქსელები ახალი პარტნიორების მოძიების საშუალებას იძლევა.

შესაბამისად, მსოფლიოში ცნობილი ბრენდები თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში საკუთარ გვერდებს ხსნიან, რათა მომხმარებლებს პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდონ. თუმცა, მიუხედავად  ამ ყველაფრისა, არსებობენ კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სოციალური ქსელის როლი და პოტენციალი მცირე ბიზნესს ჯერ კიდევ კარგად არ აქვს გაცნობიერებული.

itpro.co.uk-ზე გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც აჩვენა დიდ ბრიტანეთში, სოციალურ ქსელებში, მცირე ბიზნესის წარმომადგენლების აქტივობა. ბრიტანელი ბიზნესმენების 77% აცხადებს, რომ საერთოდ არ გამოუყენებია სოციალური ქსელი საკუთარი ბიზნესის პოპულარიზაციისთვის და მხოლოდ მათი 23% აკეთებს გვერდებს სოციალურ ქსელებში.

საქართველოში ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია „Facebook“-ი, ასევე „Twitter“–ი, რომელიც რეკლამების და ინფორმაციის გავრცელებისთვის ყველაზე სწრაფი საშუალებაა. ამ ყველაფერმა კომპანიებს უბიძგა, აღნიშნულ საიტებზე საკუთარი გვერდები გაეხსნათ.

საქართველოში უმეტესად გვერდებს შედარებით ძლიერი და დიდი კომპანიები აკეთებენ, მცირე ბიზნესს კი უჭირს გააცნობიეროს სოციალური ქსელების როლი და გავლენა პოტენციურ მომხმარებლებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი