ეკონომიკა

2010 წლის მთავარი ეკონომიკური დანაშაული

11 იანვარი, 2011 •
2010 წლის მთავარი ეკონომიკური დანაშაული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 2010 წლის 9 თვეში ეკონომიკის სფეროში ჩადენილ დანაშაულთა საერთო რაოდენობამ 2028 შეადგინა, რაც 98-ით მეტია 2009 წლის 9 თვის მაჩვენებელზე, აქედან, 2010 წლის 9 თვეში დაფიქსირდა მითვისებისა და გაფლანგვის 213 შემთხვევა, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული დანაშაულის 199 შემთხვევა დაფიქსირდა. 2009 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით განსაკუთრებით მოიმატა გადასახადებისთვის თავის არიდების რიცხვმა, კერძოდ, 2010 წელს აღნიშნული დანაშაულის 216 ფაქტი გამოვლინდა, რაც 142-ით მეტია 2009 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ეკონომიკურ დანაშაულებებს შორის ბოლო ადგილი საბაჟო წესების დარღვევას უკავია (2010 წლის 9 თვე- 51, ხოლო 2009 წლის 9 თვე-45 შემთხვევა).

2009-2010 წლების 9 თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2009 წლის 9 თვეში აქციზური მარკის გარეშე საქონლის გამოშვება-შენახვის, რეალიზაციისა და გადაზიდვის სულ 10 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 34-ით ნაკლებია 2010 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, რაც შეეხება ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის დამზადებასა და გასაღებას, 2009 წლის 9 თვეში სულ დარეგისტრირდა 77 ასეთი შემთხვევა, ხოლო 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 69 ფაქტი. რაც შეეხება მექრთამეობას, ამ დანაშაულის რიცხვმა 2009 წლის 9 თვესთან შედარებით 27-ით მოიმატა და მექრთამეობის 97 აქტი დარეგისტრირდა.

2009-2010 წლების 9 თვეში  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვაჭრობისა და ფინანსების დარგში 2009 წლის 9 თვეში სულ 455 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, თუმცა 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული დანაშაულის რიცხვი თითქმის განახევრდა და მხოლოდ 226 შეადგინა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჯარიმის საერთო თანხას რაც შეეხება, 2009 წლის 9 თვეში აღნიშნულმა თანხამ 197292 ლარი შეადგინა, ხოლო 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 138200 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი