ეკონომიკასამხრეთ კავკასიის ამბები

ბიზნესის რეპრესიებზე დაგვიანებული რეაქცია და უმუშევრობის ზრდის მოლოდინი აზერბაიჯანში

14 დეკემბერი, 2015 • 1630
ბიზნესის რეპრესიებზე დაგვიანებული რეაქცია და უმუშევრობის ზრდის მოლოდინი აზერბაიჯანში

ნავთობის ფასების დაცემის შედეგად შექმნილი ეკონომიკური პრობლემების ფონზე აზერბაიჯანის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება უმუშევრობა. სპეციალისტების შეფასებით, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე იქნება 2016 წელი, როცა უმუშევართა რიგებს დამატებით კიდევ დაახლოებით 160 ათასი ადამიანი შეემატება.

აზერბაიჯანიდან, რომლის მოსახლეობის რაოდენობა 9 მილიონს შეადგენს, ძალიან ბევრი ადამიანი მიდის სამუშაოს საძიებლად მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი და რუსეთი. სპეციალისტების აზრით, აზერბაიჯანში უმუშევრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის ფაქტი, რომ უკვე მრავალი წელია ინვესტიციები, ძირითადად, ნავთობისა და გაზის სფეროში იდება და ძალიან სუსტად ვითარდება არანავთობთან დაკავშირებული ბიზნეს-სექტორები.

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ეს ტენდენცია ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნამ აზერბაიჯანის ეკონომიკას უკვე მიაყენა მნიშვნელოვანი ზარალი. იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს სწორედ ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, ისინი არ ეთანხმებიან, რომ ქვეყანაში კრიზისული ვითარებაა შექმნილი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოქტომბერში მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მართალია, ქვეყანაში შემცირდა 30 ათასი სამუშაო ადგილი, მაგრამ ამასთან შექმნილია 67 ათასი მუდმივი სამუშაო ადგილი.

ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი აცხადებს, რომ ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს რეალობას. მისი თქმით, უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად აუცილებელია გრძელვადიანი პროექტების განხორციელება. ჯაფარლი იხსენებს, რომ 2003 წლის შემდეგ ბევრი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, სადაც უამრავი ადამიანი დასაქმდა, თუმცა ამ პროექტების დასრულებისთანავე ეს ადამიანები უმუშევრები დარჩნენ.

“2003-2014 წლებში ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები დაეხმარა მთავრობას უმუშევრობის პრობლემის დროებით გადაწყვეტაში, რადგან ეს სამუშაო ადგილები არ იყო მუდმივი, რამდენადაც არ იყო მიმართული მუდმივ წარმოებაზე,” – განაცხადა ნატიგ ჯაფარლიმ.

ეკონომისტის თქმით, ნავთობზე ფასების დაცემასთან ერთად, აზერბაიჯანში 2014 წლიდან შემცირდა ქვეყნის შემოსავლები და შესაბამისად – ბევრი პროექტიც. ნატიგ ჯაფარლი ვარაუდობს, რომ 2016 წელი იქნება ყველაზე მძიმე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში სამუშაო ადგილების გაუქმებისა და ეკონომიკური აქტივობის შემცირების კუთხით. მისი გათვლით, მომავალ წელს, როგორც მინიმუმ. 160 ათასი ადამიანი დარჩება უმუშევარი:

“მომავალ წელს აზერბაიჯანში საბიუჯეტო ხარჯები 4 მილიარდი მანათით შემცირდება. ბიუჯეტის 1 მილიარდი მანათით შემცირება ნიშნავს, რომ დაახლოებით 40 ათასი ადამიანი დარჩება უმუშევარი,” – ამბობს ის. ეკონომისტის თქმით, ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას არა მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, არამედ სხვა სფეროებშიც.

აზერბაიჯანული მანათი დევალვაციას განიცდის ამ წლის დასაწყისიდან. 21 თებერვალს აზერბაიჯანში დოლარის კურსი ავიდა 1.05 მანათამდე ავიდა, ევრო კი – 1.19 მანათამდე. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ უმუშევრობასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები გამომდინარეობს აზერბაიჯაბის საერთო მმართველობის სისტემაში არსებული ხარვეზებიდან. ის დიდ პრობლემად მიიჩნევს აზერბაიჯანის ეკონომიკაში კონკურენციის არარსებობასა და არანავთობ სფეროში ინვესტორების მცირე რაოდენობას.

“ნავთობის სფეროში არის უცხოური ინვესტიციები, მაგრამ აუცილებელია, რომ ბიზნესის სხვა სექტორშიც შეიქმნას სასურველი პირობები უცხოელი ინვესტორებისთვის. კონკურენციის შესაქმნელად უნდა გადაწყდეს მონოპოლიისა და კორუფციის საკითხები. ნორმალური სასამართლო სისტემის არქონა, ასევე, წარმოადგენს პრობლემას უცხოელი ინვესტორებისთვის, რადგან არსებობს აზერბაიჯანიდან უცხოელი ინვესტორების გაგდების შემთხვევები, რის შედეგადაც მათი ინვესტიციები დაკარგეს,” – განაცხადა ჯაფარლიმ.

მისივე თქმით, ეს ასევე ქმნის პრობლემას ადგილობრივი ინვესტორებისთვის. იგი იმ პრობლემებზე საუბრობს, რასაც ადგილობრივ მეწარმეებს ჩინოვნიკები უქმნიან:

“ადგილობრივ ინვესტორებს არ აქვთ გარანტია, რომ მათი საკუთრება არ შეილახება. მხოლოდ საკუთრების საკითხებზე ბოლო 12 წელში ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში აზერბაიჯანიდან დაახლოებით 100 საქმეა შესული”.

მეწარმეების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შექმნილ პრობლემებზე ორიოდე თვის წინ თავად პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც ისაუბრა:

“აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები ზოგ შემთხვევაში ქმნიან პრონლემებს მეწარმეებისთვის, თხოვენ მათ ფულს, მეწარმეებზე ახდენენ ზეწოლას, კლავენ, აწამებენ. ეს აუტანელია”.

მილი მეჯლისმა უკვე დაამტკიცა ილჰამ ალიევის მიერ შეტანილი კანონი “სამეწარმეო სფეროს შემოწმების შეწყვეტის შესახებ”. ოფიციალური სტრუქტურების ცნობით, ამის შემდეგ შემოწმებები შეწყდა, თუმცა ბევრი ადგილობრივი მეწარმე ამ გადაწყვეტილებას დაგვიანებულად მიიჩნევს.

მეჰმან ჰუზეინზადე ამბობს, რომ უკვე აღარ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, რადგან მის მიერ პრივატიზებული უძრავი ქონება ამ დროისთვის უკვე განადგურებულია: “ეს გადაწყვეტილება ადრე რომ ყოფილიყო, სხვა შედეგი იქნებოდა,” – ამბობს ის.

ყოფილი მეწარმე მუჰამედ გურბანოვი იხსენებს, რომ საქონლის ექსპორტს ეწეოდა თურქეთიდან ნახიჩევანში და სავაჭრო ობიექტიც ჰქონდა გახსნილი, თუმცა სამი წლის წინ მასზე ჩინოვნიკების მიერ განხორციელებული ზეწოლის გამო, იძულებული გახდა ეს ბიზნესი დაეტოვებინა და ბაქოში გადასულიყო:

“თურქეთში მენდობიან და ისევ შემიძლია იქიდან საქონლის ჩამოტანა. თუმცა მექრთამეობის, მონოპოლიისა და საბაჟოზე არსებული პრობლემების გამო, მე უკვე აღარ შემიძლია აქ ბიზნესის კეთება,” – ამბობს ის.

მირმეჰდო თაგიევი უკვე 20 წელზე მეტია განჯაში ეწევა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, თუმცა ამბობს, რომ მეწარმეებთან დაკავშირებით კანონის მიღება დაგვიანებულია.

“ხალხი გარბის აქედან, ბიზნესს ხსნიან ბათუმში, დასავლეთ უკრაინაში და თურქეთში. ჩვენს ქვეყანაში ფულის ჩადების მსურველები უცხოეთშიც არ არიან,” – ამბობს ის.

მეწარმეებთან დკავშირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თანამდებობიდან დაითხოვეს ეროვნული უშიშროების მინისტრი. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სამინისტროს ჰქონდა საიდუმლო ციხეები და რომ მეწარმეებს იძულების გზით სძალავდნენ ფულს. დააპატიმრეს უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი რამდენიმე გენერალი.

ნატიგ ჯაფარლი მიიჩნევს, რომ აზერბიჯანს აქვს არანავთობზე დამოკიდებული ბიზნეს სექტორების განვითარების პოტენციალი. მისი თქმით, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და სამუშაო ძალა იძლევა ტურიზმის, მშენებლობისა და ტრანსპორტის სფეროს განვითარების შესაძლებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი