ეკონომიკა

2010 წელი ფინანსთა სამინისტროსთვის წარმატებული აღმოჩნდა

27 დეკემბერი, 2010 • • 1177
2010 წელი ფინანსთა სამინისტროსთვის წარმატებული აღმოჩნდა

26 დეკემბერს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი მედიას შეხვდა.  მან 2010 წლის შედეგები შეაჯამა და 2011 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, 2010 წელს დაგეგმილი იყო 2%-იანი ზრდა, მაგრამ  რეალურად 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა ვითარდება. ამას გარდა, უცხოელი ექსპერტების შეფასებით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც ყველაზე წარმატებულად დაძლიეს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო დახმარება და ფისკალური სტაბილიზაცია დაასახელა.  

კახა ბაინდურაშვილმა  ყურადღება გაამახვილა საქართველოს საერთაშორისო მიღწევებზეც: 2010 წელს Moody’s-ის რეიტინგით, ქვეყანა დაუბრუნდა 2008 წლის ომამდე  და 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე არსებულ ნიშნულს; 2010 წელს საქართველო №1 რეფორმატორი ქვეყანაა Doing Business 2011-ის რეიტინგში; Transparency International-ის ბარომეტრით კი საქართველო ყველაზე ნაკლებ კორუმპირებულ ქვეყნად დასახელდა.

კახა ბაინდურაშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს კიდევ ერთი ამოცანა იყო სახელმწიფო ვალის მართვა. მინისტრის განმარტებით,  სამინისტრომ მოახერხა და შეინარჩუნა ვალის სტაბილურობა.

“2010 წელს მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ვალი 46%-ს შეადგენდა, ეს ნიშნული შენარჩუნდება 2011 წელსაც. შემდეგ ეს მაჩვენებელი 44%-დან-41%-მდე შემცირდება. თავისუფლების აქტის პროექტით, საზოგადოებისთვის შეთავაზებულია 60%-იანი ზღვარი მშპ-სთან მიმართებაში, ესაა ის უსაფრთხო ნიშნული, რომელზედაც ყველა საერთაშორისო ექსპერტი თანხმდება, თუმცა ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს 45%-იანი ნიშნული, რათა 15%-იანი მანევრირების მონაკვეთი ქვეყანას რჩებოდეს,“’ – განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.  

როგორც მან აღნიშნა, 2010 წელს მოხერხდა ყველა ვალდებულების დაფინანსება. მიმდინარე წელს საავადმყოფოების რეაბილიტაციისთვის სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიცია პირველად განხორციელდა.  2010 წელს მნიშვნელოვანი პროექტები ამოქმედდა განათლების სფეროშიც. დაფინანსდა ინფრასტრუქტურული  პროექტები: გომბორის გზა, სამცხე-ჯავახეთის გზა, სხვა წარმატებული პროექტები: ბათუმი-ანაკლია-მესტიის ტურისტული ზონები. „ჭარბი შემოდინებები ქვეყანას სწორედ ტურიზმის სექტორიდან ჰქონდა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

ბაინდურაშვილმა განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა საგადასახადო-საბაჟო კუთხით გატარებულ რეფორმებზე. მისი თქმით, უზარმაზარი სამუშაოები გაიწია საკანონმდებლო კუთხით – დაიწერა ახალი საგადასახადო კოდექსი, მოხდა მასში საბაჟო კოდექსის ინტეგრირება. “მათ შორის, გაფორმების ეკონომიკური ზონები სწორედ 2010 წლის შედეგია,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.  მან ასევე ისაუბრა ხაზინაში 2010 წელს განხორციელებულ რეფორმებზე. მინისტრის თქმით,  ხაზინა მთლიანად ელექტრონულ ფორმატში მუშაობს, რაც ხელს უწყობს გამჭვირვალობას  და აღრიცხვიანობის მოწესრიგებას. მისი განცხადებით, ანალოგიური რეფორმები გატარდა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთხით. დაინერგა ელექტრონული აუქციონები, რითაც ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზება.

კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, 2011 წელს ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობასთან ერთად, პირველი პრიორიტეტი იქნება „ახალი კურსის“ განხორციელება – საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი