რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კორპორაცია VEB.RF-მა თავისი მთავარი ეკონომისტი, ანდრეი კლეპაჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
“ეს გამოწვეული იყო რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენებისადმი მისი „პირადი, მკაცრი შეფასებებით“, რაც ეწინააღმდეგება VEB-ის პოზიციას, განუცხადა გაზეთ Vedomosti-ს კლეპაჩთან დაახლოებულმა წყარომ. გამოცემა The Bell-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია კლეპაჩის გათავისუფლების შესახებ, კორპორაციის ხელმძღვანელმა, იგორ შუვალოვმა იგი „ზემოდან“ განხორციელებული ზარის შემდეგ დაითხოვა.
კლეპაჩის გათავისუფლების მიზეზი გახდა მისი გამოსვლა მოსკოვის ბირჟის, „ნიკიცკის კლუბის“ შეხვედრაზე, განმარტა The Bell-ის ერთ-ერთმა წყარომ. გამოსვლა ჯერ კიდევ მაისში შედგა, მაგრამ მხოლოდ ახლა მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება. ეს პირველად The Moscow Times-მა შენიშნა და 14 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „კრემლის მთავარი სახელმწიფო ბანკი დასავლეთთან ეკონომიკურ ‘გამოფიტვის ომში’ რუსეთის მარცხს პროგნოზირებს.“ ეს სიახლე ბევრ სხვა მედიასაშუალებაშიც გავრცელდა და 16 აგვისტოს კლეპაჩი გაათავისუფლეს.
„ჩვენ ვერ მოვიგებთ კონკურენციას ამ გამოფიტვის ომში“, – განაცხადა ეკონომისტმა აღნიშნულ გამოსვლაში.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა “მედუზას” ცნობით, მან განმარტა, რომ ომის, იზოლაციისა და სანქციების სიმძიმის მიუხედავადაც კი, რუსეთი არ დაიშლებოდა, მაგრამ წააგებდა ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ კონკურენციაში („არა მხოლოდ ჩინეთთან და აშშ-თან, არამედ, გარკვეულწილად, უკრაინასთანაც“), და რომ ეკონომიკაში ხარჯები და დისბალანსი გაიზრდებოდა, რამაც საბოლოოდ შეიძლება სერიოზულ სოციალურ კრიზისამდე მიიყვანოს ქვეყანა. ამ კრიზისის აღწერისას კლეპაჩმა პარალელები გაავლო თებერვლის რევოლუციასა და სსრკ-ის დაშლასთან.
აი, კიდევ რამდენიმე ციტატა კლეპაჩის გამოსვლიდან „ნიკიცკის კლუბში“:
დიახ, სიღარიბე აქ მცირდება. მაგრამ უფსკრული ყველაზე ღარიბ და ყველაზე მდიდარ რეგიონებს შორის სინამდვილეში კი არ მცირდება, არამედ იზრდება. უფსკრული ინგუშეთს, სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვს შორის ფაქტობრივად ფართოვდება.
ჩვენი მონეტარული პოლიტიკა უნიკალურია: ჩვენ ომში ვართ, უამრავ ფულს ვხარჯავთ თავდაცვაზე, ვავიწროებთ ეკონომიკას, განსაკუთრებით სამოქალაქოს, მაღალი ფასებით – და ომის დროს მსგავსი პოლიტიკის სხვა ისტორიული მაგალითები არ არსებობს.
როგორც ვხვდები, [მთავრობაში] არის გარკვეული დონის შფოთვა და ის იზრდება. მაგრამ ეს უფრო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს უკავშირდება… რომლებიც აჩვენებს, რომ ‘ედინაია რასიას’ რეიტინგი ეცემა და პრეზიდენტის რეიტინგმაც კლება დაიწყო. რამდენად არის ეს დაკავშირებული ეკონომიკასთან, რამდენად არის დაკავშირებული Telegram-ის საკითხთან, სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან, დაღლილობასთან და ა.შ.? გამოკითხვების მონაცემები, სხვადასხვა დახურულ ღონისძიებებში ჩემი მონაწილეობის გამოცდილებიდან გამომდინარე, მათთვის უფრო სენსიტიურია, ვიდრე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.
ვერც კი წარმოიდგენთ სტატისტიკის მიმართ უპატივცემულობის დონეს მაღალჩინოსნების მხრიდან, მოდით, ნუ დავასახელებთ მათ.
“კლეპაჩი რუსეთში დარჩენილ საუკეთესო მაკროეკონომისტებს შორისაა, – განაცხადეს ბერლინის კარნეგის ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ალექსანდრა პროკოპენკომ და ჟურნალისტმა გიორგი ბოვტმა. „მხოლოდ დაფინანსებულ პროპაგანდისტებს, და არა პატივცემულ ეკონომისტებს, შეუძლიათ ვერ დაინახონ პრობლემები ეკონომიკური ზრდის თითქმის ნულოვან ტემპებში, ორსიჩქარიან ინდუსტრიასა და ინვესტიციების შემცირებაში არაპროდუქტიული თავდაცვის ხარჯების ზრდის ფონზე“, – განუცხადა პროკოპენკომ The Bell-ს.
კლეპაჩი VEB-ის მთავარ ეკონომისტად 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. მანამდე, რვა წლის განმავლობაში, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე იყო. კლეპაჩი ასევე ასწავლის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არის ათეულობით სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მათ შორისაა არა მხოლოდ მისი ძირითადი კვლევები მაკროეკონომიკასა და პროგნოზირებაში, არამედ საკმაოდ საკამათო ნაშრომებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი განიხილავს კავშირს რუსეთის ისტორიასა და მზის აქტივობის ციკლებს შორის, ხოლო მეორე ამტკიცებს, რომ რუსულ ცივილიზაციას „კოსმოპლანეტარული სამყაროს მკაფიო მახასიათებლები აქვს.“
მომზადებულია “მედუზას” მიხედვით.
