ეკონომიკა

საქსტატის თანახმად, ასტრონომიულად გაიზარდა საქართველოში წარმოებული და უცხოეთში გაყიდული ნავთობი

19 თებერვალი, 2026 •
საქსტატის თანახმად, ასტრონომიულად გაიზარდა საქართველოში წარმოებული და უცხოეთში გაყიდული ნავთობი

2026 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, რაშიც ლომის წილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რეალიზაციას მიუძღვის.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, საქართველომ ნავთობის წარმოება და უცხოეთში გაყიდვა დაიწყო.  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ სექტორში ზრდამ 3000%-ს გადააჭარბა.

3224%-იანი ნახტომი ადგილობრივი ნავთობის ექსპორტში

ადგილობრივი ექსპორტის იანვრის თვის სტატისტიკაში ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების კატეგორიაში ფიქსირდება. თუ 2025 წლის იანვარში ამ სასაქონლო ჯგუფის ადგილობრივი ექსპორტი მხოლოდ 1.69 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2026 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 56.18 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ეს 3224.5%-იან ზრდას ნიშნავს, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ამ შედეგით ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა ადგილობრივი ექსპორტის უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავა და მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18% შეადგინა. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ნავთობი არ მოიპოვება, თუმცა ავტომობილებისაგან განსხვავებით (რომელსაც საქსტატი რეექსპორტად აკვალიფიცირებს) მაინც მოხვდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის ჩამონათვალში და მნიშვნელოვნად გადაუსწრო ისეთ ტრადიციულ დარგებს, როგორიცაა ღვინო, კაკალი და მინერალური წყლები.

ზოგადი საექსპორტო სურათი

მთლიანობაში, 2026 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მოცულობამ 312.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 68.1 პროცენტით მეტია.

სასაქონლო ჯგუფების სამეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები — 56.2 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 3224.5%);

  2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები — 51.0 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 436.5%);

  3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები — 24.0 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 73.2%).

აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ათეულში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ფეროშენადნობების მიმართულებითაც (+86.5%), თუმცა შემცირებულია ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი (-6.4%).

სავაჭრო პარტნიორები

ადგილობრივი ექსპორტის კუთხით 2026 წლის იანვარში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • ჩინეთი — 64.2 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი მოცულობის 20.5%);

  • თურქეთი — 49.3 მლნ აშშ დოლარი (15.8%);

  • რუსეთი — 34.8 მლნ აშშ დოლარი (11.1%).

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ ამ სამ ქვეყანაზე მოდის ადგილობრივი ექსპორტის თითქმის ნახევარი.

აღსანიშნავია, რომ იანვარში საქართველოში 96.7 მლნ აშშ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტი იქნა შემოტანილი იმპორტის სახით.


როგორც ცნობილია, საქართველოში ექსპორტისთვის საჭირო ნავთობი არ მოიპოვება, თუმცა გასული წლის ბოლოსკენ ყულევში ამოქმედდა ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც ნედლ ნავთობს ყიდულობს და მას გადაამუშავებს.

გასული წლის ოქტომბერში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარხანამ რუსეთიდან იყიდა ნედლი ნავთობი.

საქსტატის სტატისტიკიდან არ ჩანს, უკავშირდება თუ არა ამ ქარხნის მუშაობას ნავთობის ექსპორტის რეკორდული ზრდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი