ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ქართული საბანკო სისტემა იცავს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს, თუმცა, როდესაც ასეთი სანქციების ქვეშ საქართველოს მოქალაქე ექცევა, ეროვნული ბანკის ბრძანების შესაბამისად, იმისათვის, რომ ქართულმა ბანკებმა მის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები აღასრულონ, უნდა არსებობდეს საქართველოს სასამართლოების სისტემაში მიღებული შესაბამისი განაჩენი.
ეროვნული ბანკის ზემოხსენებული ბრძანება და საერთაშორისო სანქციები ამ შემთხვევაში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და ვინაიდან ამერიკის მიერ სანქცირებულ არც ერთ პირზე ჯერჯერობით ქართულ სასამართლო სისტემაში შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ქართულ ბანკებს მოუწევთ აირჩიონ, იხელმძღვანელებენ ამ დოკუმენტით, თუ საერთაშორისო სანქციებით.
ეროვნული ბანკის განმარტება
აშშ-ის დაწესებული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოში მოქმედი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები იცავენ საერთაშორისო სანქციათა მოთხოვნებს.
ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით განისაზღვრა საერთაშორისო საფინანსო სანქციების შესრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები.
„აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, აღსასრულებელ სანქციებთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპი მითითებულია ზემოაღნიშნულ ბრძანებაში. საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის ცალკეული მონაწილის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების, ისე საკუთარი რეგულაციების და ეროვნული კანონმდებლობის შესრულების პროცესს“, — აცხადებს ეროვნული ბანკი და დასძენს, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით.
ეროვნული ბანკის განცხადებით, „საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად“.
თუმცა ნათია თურნავას ბრძანება, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი არ ვრცელდება საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, თავად წარმოადგენს საერთაშორისო სანქციების თავის არიდების რეგულაციას.
რა ხდება
16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა.
სანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლები- ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
სანქცირება შემდეგ შეზღუდვებს გულისხმობს:
- სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ქონებაში მათი წილები შეერთებულ შტატებში დაყადაღებულია.
- დაყადაღებულია სუბიექტები, რომლებიც 50% ან მეტით, პირდაპირ თუ ირიბად, სანქცირებული ფიზიკური პირების საკუთრებაშია.
- აკრძალულია ნებისმიერი ტრანზაქცია აშშ-ში, რომელიც სანქცირებული პირების საკუთრებას ან ინტერესებს ეხება. ამ წესიდან გამონაკლისი მხოლოდ აშშ-ს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ნებართვით იქნება დაშვებული.
- ზვიად ხარაზიშვილის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში აქვს ჩაბარებული, მას საბანკო ანგარიში „თიბისი ბანკში“ აქვს. სწორედ „თიბისი ბანკში“ ერიცხება მას ხელფასი.
ამასთან, ზვიად ხარაზიშვილი არის კერძო დაცვის კომპანიის „სარანგის“ 50%-იანი წილის მფლობელი.
ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით რეგულაცია 2023 წლის შემოდგომაზე შეცვალა – როცა აშშ-მა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
ამ ცვლილების მიხედვით, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი საქართველოში. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.
მას შემდეგ კი, რაც 16 სექტემბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესა, გაჩნდა კითხვა, ბანკები დაემორჩილებიან სანქციების საერთაშორისო რეჟიმს თუ ეროვნული ბანკის მითითებას, რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.
საბანკო ასოციაციის განცხადებით, საბანკო სისტემა „განუხრელად დაიცავს“ საერთაშორისო სანქციებს.
ეკონომისტი ხსნის, რა მოხდება თუ ბანკები აშშ-ს სანქციებს არ დაემორჩილებიან