ეკონომიკა

კობახიძის თქმით, ანაკლიის კონსორციუმმა საარბიტრაჟო დავა წააგო

29 ივლისი, 2024 •
კობახიძის თქმით, ანაკლიის კონსორციუმმა საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ანაკლიის კონსორციუმმა ანაკლიის პორტის საქმეზე დაწყებული დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წააგეს. ამის შესახებ კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა.

ამ საქმეზე განცხადება მანამდე მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა. მან სასამართლოს გადაწყვეტილებას “გულდასაწყვეტი” უწოდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

“ხაზარაძე-ჯაფარიძემ სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა სიმართლემ და სახელმწიფომ, რომელიც მოქმედებს სამართლიანი წესების შესაბამისად ყველა შემთხვევაში”, – განაცხადა კობახიძემ.

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ანაკლიის პორტის ინვესტორებმა 2020 წელს შეიტანეს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, სარჩელი, რომლითაც კონსორციუმი მთავრობისგან ფინანსური ზარალის ანაზღაურებას (1 მლრდ დოლარზე მეტი) ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი