Რუსული კანონის ხელახლა დაინიციირებისა და მიღების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციები მკვეთრად გაუფასურდა, მათ შორის ორი მსხვილი ქართული ბანკია.
15 მაისიდან მოყოლებული, როდესაც თბილისში მყოფმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ჯიმ ობრაიენმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ პირველად ახსენა შესაძლო სანქციები, „საქართველოს ბანკის“ აქციები თითქმის 25%-ით არის გაუფასურებული, TBC -ის მიმართ (3 ივნისის მონაცემებით) 15.5% შეადგინა.
ამ სტატიაში ვარკვევთ, Რისი ინდიკატორია აღნიშნული ტენდენცია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის და აისახება თუ არა ეს ყველაფერი რიგით მოქალაქეებზე, რომელთა უმეტესობას ბანკებთან გარკვეული სახის შეხება აქვს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” მთავარი ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ქვეყნის საბანკო სექტორში როგორც სესხებისა და დეპოზიტების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებებითაც, ამ ორ ბანკზე ბაზრის დაახლოებით 80% მოდის. შესაბამისად, ის, თუ რა ხდება საბანკო სექტორში, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვითარებაა ამ ორ მსხვილ ბანკში.
ეკონომისტი აღნიშნავს, რომ გაუფასურება ბოლო დღეებში მნიშვნელოვანი არ ყოფილა და ფაქტობრივად იმავე დონეზე რჩება, რაც რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ დაფიქსირდა.
Რას ნიშნავს მსხვილი ბანკებისთვის აქციების გაუფასურება? — ამ კითხვაზე ბესო ნამჩავაძე გვპასუხობს, რომ ეს პირველ რიგში ბანკების საბაზრო ღირებულებას ამცირებს:
„ეს ნიშნავს მათი კაპიტალიზაციის შემცირებას, მათი საბაზრო ღირებულება შემცირდა 20-25%-ით და პირველ რიგში ბანკების მფლობელებს დაარტყა — მათი ქონება ამით შემცირდა“, — ამბობს ნამჩავაძე და დასძენს, რომ მეორე მნიშვნელოვანი რისკი, რაც აქციების გაუფასურებას ახლავს თან, მათი მხრიდან დამატებითი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებზე გავლენაა.
როგორც მოქალაქე მიმართავს ბანკს ამა თუ იმ მიზნობრიობით თანხის მისაღებად, ასეა მსხვილი ბანკების შემთხვევაშიც, რომლებიც სამუშაოდ თანხებს სხვა უფრო დიდი, ინვესტორებისა თუ ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხულობენ.
ასეთი ინვესტორების და ფინანსური ინსტიტუტების აბსოლუტური უმრავლესობა კი, როგორც კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი განმარტავს, დასავლურ ბაზრებს წარმოადგენს:
„წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიხვედით ბანკში კრედიტის ასაღებად. თუ თქვენ გაქვთ კარგი სამსახური და შემოსავალი, გაქვთ კარგი საკრედიტო ისტორია, ბანკი სესხს კარგ პირობებში, ანუ იაფად, დაბალი საპროცენტო განაკვეთით მოგცემთ. მაგრამ რა ხდება, თუ თქვენ დაკარგეთ სამსახური ან შეგიმცირდათ ხელფასი? ყველაზე კარგ შემთხვევაში, ბანკი პროცენტის განაკვეთს გაგიზრდით, ვინაიდან დაეჭვდება თქვენს გადახდისუნარიანობაში.
ფინანსურ ენაზე თქვენი სესხი უფრო რისკიანი აქტივი გახდება ბანკისთვის. თუ დასაქმებული არ ხართ, ბანკი საერთოდ არ მოგცემთ სესხს, ხოლო უკვე გაცემული სესხის შემთხვევაში შეიძლება სრული ვადამდელი დაფარვა მოგთხოვოთ“, — აღნიშნავს გულედანი.
მისი თქმით, ასევეა ბანკების შემთხვევაშიც, რომლებიც საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან იზიდავენ კაპიტალს. ექსპერტი განმარტავს, რომ თუ საქართველოს ეკონომიკა, რომელშიც კომერციული ბანკი საქმიანობს, სტრესის ქვეშაა და ბაზრის მოლოდინია, რომ მდგომარეობა გაუარესდება, ქართული ბანკებიც უფრო რისკიანი მსესხებლები გახდებიან, რაც უკვე აისახა ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციებზე.
შედეგად, ქართული ბანკებიც ადგილობრივ მსესხებლებზე ფულს უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით გასცემს:
„ასეთი ჯაჭვური ეფექტი გარდაუვალია. არსებულ კრედიტებზე დიდი ალბათობით მოხდება საპროცენტო განაკვეთების გადასინჯვა, რაც სასესხო ხელშეკრულებებით ყოველთვის გათვალისწინებულია სწორედ ასეთი გარემოებების დადგომის ალბათობის გათვალისწინებით.
აქვე დავამატებ, რომ როგორც წესი, ჩვენი ბანკები საკუთარი რისკების შესამცირებლად ასევე ითხოვენ სასესხო ვალდებულებების ქონებით (ანუ იპოთეკით) გამაგრებას არაპროპორციული მოცულობით. ეკონომიკური კრიზისის დროს ისინი უზრუნველყოფის საშუალებებით იცავენ თავს. ეს როგორ ხდება, საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის. ეკონომიკის შევიწროების ფონზე ამასაც უნდა ველოდოთ“, — აღნიშნავს გულედანი.
ამასთან, ექსპერტები, რომლებსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, აღნიშნავენ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე განზომილებაც, რომელიც ინვესტორების დამოკიდებულებას აჩვენებს ქართველი კომპანიების მიმართ.
Ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებული პროცესების ფონზე ინვესტორებმა დაინახეს, რომ ქართულ კომპანიებში ფულის ჩადება სარისკოა:
„აქამდე კარგი პერიოდი ჰქონდათ იგივე ამ ბანკებს, იზრდებოდა აქციების ფასები იმიტომ, რომ მაღალმომგებიანები არიან. ახლა ინვესტორები სიფრთხილეს იჩენენ. აქციების ფასის კლებას იწვევს ერთადერთი რამ — [აქციონერებმა] დაიწყეს აქციების გაყიდვა.
ვიღაცებს უნდათ, რომ დროზე, მალე გაყიდონ აქციები. აღარ უნდათ დაიტოვონ და ა.შ. უფრო დიდ სურათში საინტერესოა, რომ ქვეყნისადმი დამოკიდებულებას უყურებენ. მათთვის თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი კი არ გამხდარა პრობლემა, ამ ბანკებს ჯერჯერობით მშვენივრად მისდით საქმე, კარგი მოგება აქვთ, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია გახდა საფრთხის შემცველი და რისკების მომმატებელი და არა კონკრეტული ბანკის ფინანსური ანგარიშები ან რამ“, — აღნიშნავს ნამჩავაძე.
კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი კი აღნიშნავს, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების გაუფასურება მიანიშნებს იმაზე, რომ საერთაშორისო კაპიტალის ბაზარი ცხად და მკვეთრ სიგნალს აგზავნის და რუსული კანონის მიღებას აფასებს, როგორც ძალიან უარყოფით მოვლენას.
მისი თქმით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასში სრულად აისახება საჯარო სივრცეში არსებული ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების თაობაზე:
„ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ფინანსურ ანალიტიკოსებს უყალიბდებათ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მოლოდინები, რომლებიც შესაბამისად აისახება აქციების ფასებში. ჩვენი კომპანიების აქციებზე ფასების ვარდნა ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ რუსული კანონის მიღების ფონზე, ანალიტიკოსების მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა მკვეთრად გაუარესდება.
შესაბამისად, ნებისმიერი ინვესტორისთვის ქართული კომპანია (არა მარტო ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული, არამედ ნებისმიერი კომპანია, რომელიც საქართველოში საქმიანობს) გახდა უფრო რისკიანი და ამ კომპანიებისთვის ინვესტიციების მოზიდვა უფრო და უფრო რთული და ძვირი გახდება“ ,— აცხადებს გულედანი.
აქციების გაუფასურების საკითხს 15 მაისს, ყველაზე კრიტიკული დღის ბოლოს გამოეხმაურა საქართველოს საბანკო ასოციაცია:
“საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია. ქართული ბანკების სიმყარეს განაპირობებს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე და აქტივების მაღალი ხარისხი. ქართული ბანკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მომხმარებლების მომსახურებას”, – განაცხადა ასოციაციამ.