ეკონომიკა

დეკლარირებული ლიბერალიზმი სოციალისტური ნიშნებით

30 აგვისტო, 2010 • 2268
დეკლარირებული ლიბერალიზმი სოციალისტური ნიშნებით

პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქართველოში ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად, დახმარებისათვის ცნობილი პოლონელი ეკონომისტი, პოლონური “შოკური თერაპიის” ავტორი პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი მოიწვიეს. ეს ინიციატივა, ისევე როგორც იმ პერიოდში დაგეგმილი თითქმის ყველა ინიციატივა, სწრაფადვე წარუმატებლად დამთავრდა. თუმცა იმ პერიოდში ერთი საინტერესო დეტალი დაფიქსირდა. კერძოდ, პროფესორმა ბალცეროვიჩმა პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრაზე დასვა მარტივი შეკითხვა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ორიენტაციას შეეხებოდა. სრულყოფილი პასუხის ვერმიღების გამო, ქვეყანა იმ პირობით დატოვა, რომ მომდევნო ჩამოსვლისას ეკონომიკური ორიენტაციის საკითხზე ამომწურავ პასუხს მიიღებდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებდა სამუშაოს.

 საინტერესოა, რას ნიშნავს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური ორიენტაცია. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ორიენტაციის კუთხით, ქვეყნები სამ ძირითად კატეგორიად იყოფიან. პირობითად პირველ კატეგორიას  ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნები მიეკუთვნებიან, ანუ ის ქვეყნები, სადაც უზრუნველყოფილია სრული ეკონომიკური თავისუფლება და მასში სახელმწიფოს ჩარევა  მინიმალურია. ასეთად  ჩვენთვის სამაგალითო ქვეყნად წოდებული სინგაპური შეგვიძლია დავასახელოთ. მეორე კატეგორიად შეიძლება სოციალური საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნები მივიჩნიოთ. ეკონომიკის ეს მოდელი,  ერთის მხრივ, საბაზრო თავისუფლებას უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ,  ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევასაც დასაშვებად მიიჩნევს. მაგალითად,  გერმანიის ამჟამინდელი მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მიერ  სწორედ სოციალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებია დეკლარირებული. მესამე კატეგორია სოციალური ეკონომიკის მქონე ქვეყნებია, რომლებშიც მიჩნულია, რომ  ყველა ან თითქმის ყველა ეკონომიკურ  საკითხში უპირატესი როლი სახელმწიფოს ენიჭება.

 სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკური ორიენტაციის საკითხი დღევანდელ საქართველოშიც საკმაოდ ბუნდოვანია.

 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მზად იყო ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად. გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანაში მართლაც დაიწყებოდა ეკონომიკური ლიბერალიზმი და ყურადღება აღარ მიექცეოდა უშედეგო, პოპულისტურ სოციალურ ლოზუნგებს.

შეიძლება ითქვას, რომ  2004-2007 წლებში მთავრობის მხრიდან ეკონომიკაში მართლაც ტარდებოდა ლიბერალური რეფორმები, რაც ცალკეულ შემთხვევებში იწვევდა კიდეც სოციალურ მღელვარებას. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ლიბერალურ–ეკონომიკური რეფორმები გატარდა, ამა თუ იმ ფორმით  სოციალურ მღელვარებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ, საბოლოო შედეგის მხრივ, ყველამ უკეთ იგრძნო თავი.

 

სამწუხაროდ, 2008 წლიდან დღემდე საქართველოში უფრო მეტად გაურკვეველი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა ხორციელდება და ძნელია, მას რომელიმე ეკონომიკური მოდელის სახელი შეურჩიო.

 საქართველოს მთავრობის პროგრამაში – “ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე”– ერთის მხრივ, ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობის თავისუფალი ეკონომიკის კურსი ქვეყანაში უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ხოლო მოქალაქეებს, მეწარმეებსა და ინვესტორებს  შესაძლებლობას მისცემს, სრულად გამოავლინონ პოტენციალი და უზრუნველყონ დასაქმება. მეორე მხრივ კი, პროგრამაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური კურსი უზრუნველყოფილი იქნება დაბალი და მარტივი გადასახადებით, ხარისხიანი საგადასახადო ადმინისტრირებით, გონივრული და ზომიერი რეგულირებით. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალური ეკონომიკის მიმდევართათვის სრულიად მიუღებელია სიტყვები –“გონიერი და ზომიერი რეგულირება”, ვინადან, ვინ ადგენს ამ “ზომიერ და გონივრულ” სტანდარტებს, საკმაოდ ბუნდოვანია. ალბათ, ისევ სახელმწიფოა სტანდარტების დამდგენი, ანუ ფაქტიურად, ამ ლოგიკაში იგულისხმება არა “გონიერი და ზომიერი რეგულირება”, არამედ რეგულირების ის ხარისხი, რომელსაც სახელმწიფო თავად ჩათვლის საჭიროდ და შემდგომში შესაბამის სახელსაც თავადვე დაარქმევს.

 

თავისთავად, ცუდი არაფერია იმაში, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ ჰქონდეს სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკური ორიენტაციის საკითხი მმართველი ეკონომიკური ელიტის ეკონომიკური გემოვნების საკითხია. თუმცა დამაფიქრებელია სწორედ ის ფაქტი, რომ დეკლარირების დონეზე პრეზიდენტი ეკონომიკურ ლიბერალიზმზე საუბრობს, მთავრობის პროგრამაში ლიბერალიზმიდან სოციალური გადახრები, უფრო ზუსტად კი, სოციალური საბაზრო ეკონომიკის ნიშნები იკვეთება, ხოლო სახელისუფლებო გუნდის ლიდერები, რიგ შემთხვევაში, უკიდურესად მემარცხენე განცხადებებს აკეთებენ. წარმოდგენილი მსჯელობის გასამყარებლად, არაერთი პრაქტიკული სიტუაციის მოშველიებაა შესაძლებელი. 

 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2009 წლის 6 ოქტომბერს პარლამენტში გამოსვლისას ”ეკონომიკური თავისუფლების აქტი” წარადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ წარდგენილი აქტის იდეა მართლაც შთამბეჭდავია. პრეზიდენტის თქმით,  აქტი შეზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლებლობას, გადაუხვიოს ლიბერალური ეკონომიკური მმართველობიდან, ხოლო საქართველო მსოფლიო ლიბერალური ეკონომიკის ფლაგმანი გახდება. ”ჩვენი ამბიცია უნდა იყოს, რომ საქართველო ვაქციოთ მსოფლიოს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ნამდვილ ფლაგმანად” – განაცხადა სააკაშვილმა. ეკონომიკური თავისუფლების აქტის წარდგენისას პრეზიდენტმა მაგალითად ილია ჭავჭავაძე მოიყვანა.  მან განაცხადა, რომ  ”ილია იყო პირველი ქართველი, ვინც ქადაგებდა თავისუფალ ვაჭრობას, გახსნილ ეკონომიკას, მთავრობის მცირე ჩარევას ეკონომიკაში და დაბალ, ლიბერალურ გადასახადებს. ჩვენ ილიას გზას ვირჩევთ.”

 პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სოციალისტური პოპულიზმის შესახებ. მისი განცხადებით, მსოფლიოს ტალღებად უვლის გაურკვეველი და დეზორიენტირებული სოციალისტური და პოპულისტური გამოვლინებები. ”ზოგჯერ სოციალისტური იდეოლოგია – როგორიცაა, მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია გადარჩენა, სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს – ისეთ ქვეყნებში ისმის, რაც ჩემ განცვიფრებას იწვევს,” – განაცხადა პრეზიდენტმა. თუმცა პრეზიდენტს არ გახსენებია ზემოთ ნახსენებ საქართველოს მთავრობის პროგრამაში აღნიშნული ფრაზები, რომლებიც ეკონომიკაში სწორედ სახელმწიფოს “გონიერ და ზომიერ” ჩარევას გულისხმობენ.

 უფრო მეტიც, პრეზეიდენტმა განახცადა, რომ გამოცდილების მიხედვით, არაფერი კარგი არ ხდება იქ, სადაც სახელმწიფოა, ხოლო ფასებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ”საქართველოში მუდმივად იქნება უზრუნველყოფილი ფასების დადგენის თავისუფლება”. სწორედ ამ ბოლო ფრაზამ “გადაკვეთა” პრეზიდენტის ლიბერალური და ქალაქ თბილისის მერის მემარცხენე სოციალისტური შეხედულებები ეკონომიკაზე. კერძოდ, მსოფლიო ბაზარზე პურის ფასის გაძვირების გამო, 2010 წლის 25 აგვისტოს ქალაქ თბილისი მერმა, ბატონმა უგულავამ განაცხადა, რომ “პურზე ფასების ზრდა მართვადი უნდა გახდეს”. ამის შემდგომ ბატონმა უგულავამ გააკეთა ისეთი სტილის განცხადება, რომელსაც ეკონომიკური თავისუფლების აქტის პრეზენტაციისას პრეზიდენტმა “გაურკვეველი და დეზორიენტირებული სოციალისტური და პოპულისტური გამოვლინებები” უწოდა, კერძოდ, უგულავას განცხადებით, “პურზე ფასების მატება ყველაზე მტკივნეული პენსიონერებისთვის და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვისაა. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, შემოდგომისთვის ფასები დავიჭიროთ, რომ ხალხი ძალიან არ დაზარალდეს.”

 საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფასების “დაჭერისა” თუ “მართვადი ზრდის” პოლიტიკას არათუ ლიბერალები, არამედ სოციალური საბაზრო ეკონომიკის მომხრეებიც კი უგულვებელყოფენ. მაგალითად, გერმანიის ეკონომიკური სასწაულის დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ლუდვიგ ერჰარდმა და მისმა გუნდმა ეკონომიკური რეფორმების გზაზე გადადგა, პროდუქციაზე მართვადი ფასების განთავისუფლება იყო. სხვათა შორის, ამ რეფორმის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეკონომიკური იდეოლოგები იყვნენ.

 სამწუხაროდ, პოლიტიკურ-ეკონომიკური იდეოლოგიური სიჭრელე მხოლოდ ხელისუფლებისათვის არის არის დამახასიათებელი. მსგავს ტენდენციებს ხშირად ვხვდებით წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილ საარჩევნო პროგრამად წოდებულ ლოზუნგებში.

 მიუხედავად ზემოთ აღნიშნული მსჯელობისა, ერთი რამ ცხადია, შეუძლებელია ეკონომიკა სტაბილურად განვითარდეს, შეუძლებელია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები დაფიქსირდეს, შეუძლებელია მოქალაქეებმა ეკონომიკური რეფორმების სიკეთე იგრძნონ, თუ  ერთი კონკრეტული ეკონომიკური ორიენტაცია მტკიცედ არ იქნება მხარდაჭერილი და ეკონომიკას თავისუფალი განვითარების საშუალება არ მიეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი