ეკონომიკა

თურნავა: კომერციულ ბანკებს არ აქვთ უფლება, არ დაემორჩილონ რეგულატორს

20 სექტემბერი, 2023 • 1853
თურნავა: კომერციულ ბანკებს არ აქვთ უფლება, არ დაემორჩილონ რეგულატორს

“ეს გადაწყვეტილება არ ეძღვნება არც ერთ სახელს და გვარს”, – ასე განმარტავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ახალ წესს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების შეჩერებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ქართული სასამართლოს ძალაში შესული განაჩენი.

ზემოხსენებული წესი ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 19 სექტემბერს მიიღო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა.

ეროვნული ბანკის ამ ბრძანებამდე კომერციული ბანკები ვალდებული იყვნენ, ფარცხალაძისთვის ანგარიშები დაებლოკათ, თუმცა ახლა ეს წესი შეიცვალა.

ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ბანკი და ქართული საფინანსო სისტემა პირველივე დღიდან ასრულებდა და კვლავაც აღასრულებს საერთაშორისო სანქციებს და “საქართველო სანქციებისაგან თავის არიდების ადგილად არ იქცევა”.

“ეს ცვლილება ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს. მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს”, – განაცხადა თურნავამ.

თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი “სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუციაა”. მან ზემოხსენებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას გაახმოვანა არგუმენტები, რომლებიც საზოგადოებამ მანამდე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისაგან მოისმინა, რომ პირის სანქცირება სასამართლოს განაჩენის გარეშე არის “უდანაშაულობის პრეზუმფციის” და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა.

დღეს საქართველოს ორმა უმსხვილესმა კომერციულმა ბანკმა განაცხადა, რომ ისინი მიუხედავად ეროვნული ბანკის ახალი წესისა, შესაბამისობაში დარჩებიან საერთაშორისო სანქციებთან.

თურნავამ კი განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის, ანუ რეგულატორის მიერ მიღებული ახალი წესი სავალდებულოდ შესასრულებელია კომერციული ბანკებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები “გამოსავალს იპოვიან”. თურნავას თქმით, ესმის კერძო ბანკების საერთაშორისო ვალდებულებების ამბავი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ისინი საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება, რომელიც მომავალში შეიძლება დასანქცირდეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფუძველზე დაწესებული საერთაშორისო სანქციებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი