ნეტგაზეთი | რა ღირს დასვენება ბათუმში რა ღირს დასვენება ბათუმში – Netgazeti
RU | GE  

რა ღირს დასვენება ბათუმში

ბათუმში დასვენების ფასები წელს მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ღარიბი ადამიანი თუ ერთი კვირით მოინდომებს ზღვაზე გარუჯვას, მინიმუმ 250 ლარი უნდა უნდა ჰქონდეს. მდიდარს სულ ცოტა – 3000 ლარი დაეხარჯება ერთ კვირაში. სასტუმრო “ინტურისტსა” და “შერატონში”, საპრეზიდენტო აპარტამენტებში კი, ერთი ღამის გათევა 2000 დოლარზე მეტი ღირს. ეს ბათუმში დასვენების ფასის ზედა ზღვარია. 

ბათუმში დასვენების ფასები წელს მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ღარიბი ადამიანი თუ ერთი კვირით მოინდომებს ზღვაზე გარუჯვას, მინიმუმ 250 ლარი უნდა უნდა ჰქონდეს. მდიდარს სულ ცოტა – 3000 ლარი დაეხარჯება ერთ კვირაში. სასტუმრო “ინტურისტსა” და “შერატონში”, საპრეზიდენტო აპარტამენტებში კი, ერთი ღამის გათევა 2000 დოლარზე მეტი ღირს. ეს ბათუმში დასვენების ფასის ზედა ზღვარია. 

სასტუმროებსა და კერძო სექტორში ფასები ამ სეზონზეც განსხვავებული და არასტაბილურია. ერთი კვირის განმავლობაში სასტუმროში ცხოვრება, საშუალოდ, 400-450 ლარი ღირს, ამას ემატება კვების თანხაც, საშუალოდ, 300 ლარი. თუ სასტუმროს ნაცვლად ბინას დაიქირავებთ, 200 ლარამდე დაგეხარჯებათ. მგზავრობის თანხის გათვალისწინებით, ერთ კვირაში დამსვენებელს, საშუალოდ, 600-800 ლარი  დაეხარჯება.

გასულ წელთან შედარებით, სასტუმროებსა თუ კაფე-ბარებში მომსახურების ფასები, იმის გათვალისწინებით, რომ დამსვენებელი გაცილებით ბევრია, მეტ-ნაკლებად გაიზარდა. მათ შორის კერძო სექტორშიც.

“რემონტი გავაკეთე, მეც ცალკე ვარ, ანუ დიასახლისთან ერთად აღარ მოუწევს ჩემს დამსვენებელს ცხოვრება. თან ფასიც არ გამიზრდია დიდად. შარშან თუ 20-ლარი იყო ერთი დღე, ახლა 25-30 ლარია. ამ ფასში შედის ცხელი წყალი ახლა უკვე 24 საათის განმავლობაში”, – ამბობს მეპატრონე ირინა ბახტაძე. მას ბინა ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ხიმშიაშვილის ქუჩაზე აქვს. 

იმავე პირობებით შესაძლებელია ბინის დაქირავება, მაგალითად, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ზღვასთან ახლოს. აქ ერთ-ერთ ბინაში, პირველ სართულზე, სამი ოთახია, მოსასვენებელი ფოიეთი, ღამის გათევა კი ერთ ადამიანს 25 ლარი დაუჯდება. ფასდაკლება ნაკლებადაა, მხოლოდ ბონუსის სახით შესაძლებელია ზედმეტად ერთი დღით გაჩერება. თუმცა ესეც მასპინძელზეა დამოკიდებული. ბათუმში, პლაჟისგან მოშორებით, ბინების ფასი 15 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება სასტუმროებს. სასტუმრო “შერატონში”, როგორც გაყიდვების მენეჯერი მარიამ ქუთათელაძე ამბობს, ფასები კონფიდენციალურია. თუმცა, “შერატონი ერთ შანსს ყველას აძლევს”. ამ სასტუმროს სხვა მენეჯერის – მამისა ვარშალომიძის თქმით, ერთადგილიანი სტანდარტული ნომერი 290 დოლარი ღირს. ამაში შედის საუზმე, ფიტნესითა და აუზით. სასტუმროს პირველ სართულზე კაფე, მეოცე სართულზე კი რესტორანია  განთავსებული. ჩვენი ინფორმაციით, მაგალითად, ჭიქა წყალი რესტორანში 14 ლარი ღირს. რესტორნისა და კაფეს ფასები უმნიშვნელოდ განსხვავდება. მენეჯერის თქმით კი, “არ არის ისეთი ძვირი ფასები, რომ ადამიანს შეეშინდეს შემოსვლა. განსხვავებული ის გვაქვს, რომ არის მრავალფეროვანი სამზარეულო და კლიენტს შეუძლია ისიც კი მოითხოვოს, რაც მენიუში არ არის”. აუზითა და ფიტნესით სარგებლობის ფასი 100 ლარია, თუმცა ერთთვიანი პაკეტი 500 ლარი დაგიჯდებათ.

სასტუმრო “ინტურისტი” “შერატონის” ფონზე ნაკლებად დატვირთულია. ამ სასტუმროში ფასები იგივეა, რაც გასულ წელს იყო. ერთადგილიანი ნომრები – 142 დოლარი ღირს, ორადგილიანი – 165, ბულვარის ხედით – 188, ლუქსი – 318, ბულვარის ხედით კი – 436 დოლარი.

“ძველ ბათუმში” მდებარე სასტუმრო “ალიკში” ღამის გათევა 150 ლარი დაგიჯდებათ,  ორადგილიანი ნომერი – 160 ლარი, ლუქსი – 180-200 ლარი. მომსახურებაში შედის საუზმე. სასტუმროს აქვს მინიგოლფის მოედანი, ბარი და ცოცხალი მუსიკა.

სტაბილური ფასები აქვს “ლ ბაკურს”, ერთადგილიანი ნომერი 40 ლარი ღირს, ლუქსი – 100-120, ორადგილიანი ნომრები – 90, საფა – 60, სამადგილიანი – 60 ლარი. სასტუმროს აქვს ბარი და უფასო პარკინგი. ამ ფასში არ შედის კვება. 8 საათიდან 12 საათამდე მუშაობს რესტორანი, სადაც სამჯერადი კვება, საშუალოდ, 50 ლარი დაგიჯდებათ.

თუ გაცილებით მშვიდ ადგილას გინდათ დასვენება, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “ლაით ჰაუზიში” ერთი ღამის გათევა 100-დან 180-მდე ლარი ღირს. ამ ფასში შედის საუზმე. დირექტორი ინგა პატარაია ამბობს, რომ ამ დროისთვის ფასები გაზრდილია და სეზონის განმავლობაში შენარჩუნდება. ქალაქის ხმაური არ შეგაწუხებთ თამარის დასახლებაში (ბენზეში) მდებარე სასტუმრო “სანაპიროში”. სასტუმროს, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება, აქვს თავისი პლაჟი. ადმინისტრატორის თქმით, ივლის-აგვისტოში ფასები იცვლება: “ამ დროს ფასებს ყოველთვის ვზრდით”. სასტუმროში ერთადგილიანი ნომრები 80-90 ლარი ღირს, ორადგილიანი, საფა – 110-120, ლუქსი – 100-დან 250 ლარამდე. ფასში არ შედის კვება, თუმცა სასტუმროს აქვს ბარი, რომელშიც სამჯერადი კვება 60 ლარად შეიძლება, ფიტნესითა და საუნით სარგებლობა დამატებით 160 ლარი ღირს.

სპორტდარბაზი, კაფე, რესტორანი, ორი საჩოგბურთო კორტი, ფიტნეს დარბაზი, ბილიარდი, საცურაო აუზი, ფეხბურთის მოედანი – ეს ყველაფერი სასტუმრო-კომპლექს “მარინაშია” განთავსებული. ფასები აქაც მერყევია და სეზონზე, ყოველთვიურად იზრდება, ივლის-აგვისტოში ერთადგილიანი ნომრები 60-70 ლარი, ორადგილიანი – 80-90, სტანდარტული ნომრები – 180-200, ხოლო ლუქსი – 220-250 ლარი ღირს. ფასში არ შედის  კვება, თუმცა, საშუალოდ, 50 ლარად შეგიძლიათ რესტორანში მიირთვათ, სადაც ქართულ და მექსიკურ კერძებს დააგემოვნებთ. კაფე, სადაც წვენით, სასმელითა და ტკბილეულით გაგიმასპინძლდებიან, 10-15 ლარი საკმარისია. რაც შეეხება რესტორნებსა და კაფე-ბარებს, სერვისის მხრივ ბევრი სიახლე არ არის და არც ფასებია გაზრდილი.

რესტორანი “მეგრულ-ლაზური” მახინჯაურში მდებარეობს და დარბაზის, ღია ვერანდის, ღია ეზოს, ოდა სახლისა და ჯარგვალისგან შედგება. ამ კომპლექსს რამდენიმე დღეში სახინკლეც შეემატება, ხინკლის ფასი 45 თეთრი იქნება. “მეგრულ-ლაზურში” სადილი დაახლოებით 20-25 ლარი დაგიჯდებათ, თუმცა გააჩნია, რას აირჩევთ, მეგრული ელარჯი სულ რაღაც 6 ლარი ღირს, სალათები 12  ლარამდე, მწვადი 7-8 ლარი. რესტორანში არის ცოცხალი მუსიკა.

ბულვარში, პლაჟთან ახლოს, რესტორანი “ძველი გემი” ქართულ სამზარეულოს გთავაზობთ. მენეჯერი მანანა ზარქუა ამბობს, რომ ბანკეტების შემთხვევაში დიდი შეღავათები აქვთ: “სეზონისთვის ფასებიც სტაბილურია, მისი გაზრდა არაფერს მოგვცემს. სადილი ერთ ადამიანს, საშუალოდ, 15-20 ლარი დაუჯდება, ამაში შევა სალათი, ხაჭაპური, წვენი”. სალათის ფასი 3-6 ლარია, მეგრული ხაჭაპური 7 ლარი ღირს, მწვადი – 6-7 ლარი. რესტორანში ასევე მოუსმენთ მუსიკას ცოცხალი შესრულებით.

ნინოშვილის ქუჩაზე ახალი რესტორანი “გრანდ გრილი” თურქული სამზარეულოთი შემოიფარგლება. რესტორანი ორსართულიანია. იმისათვის რომ ისადილოთ, მინიმუმ 25-30 ლარია საჭირო, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ პატარა აჭარული ხაჭაპური, რაც ერთი ლარი ღირს. “სანამ შეკვეთა მოვა, მომხმარებელი აჭარულს აგემოვნებს, ეს იდეა მოსწონთ”. რესტორანში ქაბაბის ნაირსახეობაა, ამზადებენ ერთი მეტრი სიგრძის ქაბაბსაც, მისი ფასი 60 ლარია. აქვე ახლოს ერთ კვირაში “გრანდ გრილის” მეპატრონე ახალ რესტორანს გახსნის, რომელშიც ღამის კლუბი და უფრო მეტი სიახლე იქნება.

ზღვის პროდუქტების დიდ არჩევანს გთავაზობთ ბენზეში “ოქროს თევზი”. აქ გაგიმასპინძლდებიან როგორც ცხელი, ისე ცივი კერძებით. სადილი, საშუალოდ, 25-30 ლარი ღირს.

თუ იტალიური სამზარეულო გიტაცებთ, ”ინტურისტში”, ”იტალიური რესტორანი” გაგიმასპინძლდებათ. სპაგეტის მოყვარულებმა 10-16 ლარი უნდა გაამზადოთ, პიცა – 10-13 ლარი, ცხელი კერძები – 18 ლარი, ცივი კი 10-დან 30-ლარამდე ღირს, დესერტი საშუალოდ – 12, ღვინო – 50-70, სხვა სასმელის ფასი კი – 20-80 ლარია. სადილისთვის, საშუალოდ, 50-დან 70-ლარამდე დაგეხარჯებათ.

ზღვაზე გადამდგარი რესტორანი ”სან რემო” ცოცხალი მუსიკითა და მრავალფეროვანი კერძებით გამოირჩევა. საშუალოდ სადილისთვის აქ 15-20 ლარი საკმარისია.

კაფე ”ზამთრის ბაღში” მშვიდი გარემოა, შეგიძლიათ მრავალგვარი სენდვიჩი დააგემოვნოთ. ასევე სალათი, ტკბილეული, ნაყინი, პიცა, არის ბიზნესლანჩიც, რომელიც 15 ლარი ღირს. ამაში შედის სამი სახის კერძი. ამ ფასად სადილობა აქ დღის 12-დან 1 საათამდეა შესაძლებელი.

მყუდრო და გემოვნებიან ბარში, როგორც მას მენეჯერი უწოდებს, შეგიძლიათ 15-20 ლარად ისადილოთ. სალათები, სენდვიჩები, ცომეული, სასმელი, ნაყინი – ეს და კიდევ სხვა სახის კერძები ”ბლექ ბარში” შეგიძლიათ მიირთვათ. ეს ბარი მენეჯერის თქმით, ”ღამის ორ საათზეც კი ჭიქა ყავით მოემსახურება კლიენტს, ჩვენ გვაქვს გემოვნებიანი მუსიკა და გვყავს გემოვნებიანი მომხმარებელი”.

დაბოლოს, მგზავრობა თბილისიდან ბათუმამდე ჩქაროსნული მატარებლით – პირველი კლასი 40 ლარი, მეორე კლასი – 23 ლარი ღირს, ღამის მატარებელზე ბილეთები 23 ლარიდან 40 ლარამდე მერყეობს, არის 14 და 5-ლარიანი ბილეთებიც. თვითმფრინავით მგზავრობა: ეკონომკლასი – 19-დან 119 ლარამდე მერყეობს, 19-დან 50 ლარამდე ღირებულების ბილეთები არ იჯავშნება. ფრენა ხორციელდება ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თეონა თურმანიძე. გაზეთი ”ბათუმელები”