ეკონომიკა

მოსკოვში ამბობენ, რომ „ზემო ლარსზე რუსეთი ეკონომიკურ ბლოკადას არღვევს“

22 ივნისი, 2023 • 4457
მოსკოვში ამბობენ, რომ „ზემო ლარსზე რუსეთი ეკონომიკურ ბლოკადას არღვევს“

„ზემო ლარსზე [რუსეთ-საქართველოს საზღვარზე] მიმდინარეობს ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა“, – განაცხადა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა.

„ახლა ზემო ლარსზე მიმდინარეობს ჩვენთვის ევროპის ქვეყნების მიერ მოწყობილი ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა. „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ კორიდორით 15 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეგვიძლია“, – ციტირებს მას „რია ნოვოსტი“.

მისი განცხადებით, წინა, 2022 წლის 5,5 თვის განმავლობაში [რომელი თვეების, დავიდოვს არ დაუზუსტებია], ჩრდილოკავკასიის საბაჟო სამმართველოში უწყებამ ორივე მხარეს მიმავალი 5,6 მილიონი ტონა ტვირთი დაამუშავა, ხოლო 2023 წლის იმავე პერიოდში – 7,8 მილიონი ტონა.

დავიდოვის ვარაუდით, 2023 წელს ამ საბაჟო პუნქტზე ტვირთის ბრუნვა 15 მილიონ ტონას გადააჭარბებს. „მხოლოდ ზემო ლარსზე ტვირთბრუნვის 20 პროცენტზე მეტი ზრდა გვაქვს“, — აღნიშნა მან.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის მკვეთრად გაიზარდა. აშშ-ის სახდეპის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის თქმით, საქართველო ერთ-ერთია იმ სახელმწიფოთა შორის, ვინც რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი