ეკონომიკა

რატომ გაძვირდა ხახვი

28 აპრილი, 2023 • 22851
რატომ გაძვირდა ხახვი

დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც საქართველოში საგრძნობლად გაძვირდა ხახვი.

თბილისის სასურსათო თუ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში 1 კილოგრამი ხახვის ფასი 5-8 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ზოგიერთ სავაჭრო დაწესებულებაში ხახვი საერთოდ დეფიციტშია.

ხახვი 5 ლარი ღირს ჩუღურეთში მდებარე ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთ მაღაზიაშიც. მისი მეპატრონე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ხახვს 1 კვირის წინ 2.5 ლარად ყიდდა. სხვა გამყიდველების მსგავსად, მაღაზიის მეპატრონე ხახვს ნავთლუღში ყიდულობს – ამჟამად, კილოს 4 ლარად, სადაც, თავის მხრივ, პროდუქცია თურქეთიდან მიაქვთ.

ნეტგაზეთთან საუბარში საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ხახვის ფასები დაახლოებით 300%-ით გაიზარდა. მისი თქმით, იმ ქვეყნებმა, საიდანაც ტრადიციულად საქართველოში ხახვი შემოდიოდა, ექსპორტი შეზღუდეს.

„ადგილობრივი პროდუქციაა ნაკლები [საქართველოში] და ამიტომაცაა გაძვირებული. საიმპორტო ბაზრებიდანაც რამდენიმე ქვეყანამ შეზღუდა [ექსპორტი], მათ შორის, რუსეთმა, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა.. მიზეზი კი ის არის, რომ მათაც ჰქონდათ დეფიციტი და უფრთხილდებიან თავიანთ ბაზრებს. ჩვენ რადგანაც არ გვაქვს ჩვენი პროდუქცია, ყველაზე ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით. იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ყოველთვის ამ პოზიციაში აღმოჩნდება ნებისმიერ ისეთ დროს, როდესაც გარკვეული დეფიციტი დგება.

როგორც კი, უახლოეს მომავალში, რომელიმე ქვეყანა გახსნის ექსპორტს… ჩემი ინფორმაციით, აზერბაიჯანმა დაიწყო [ბაზრის] გახსნა და უახლოესი დღეების ამბავია, ფასები დასტაბილურება“, – დასძენს ის.

ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ მანამდე არასდროს ყოფილა ხახვზე ამხელა ფასნამატი. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს ყოველთვის მოსალოდნელია მანამ, სანამ საქართველო თავად არ დაიწყებს ხახვის მოყვანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი