ეკონომიკა

სასამართლო გადაწყვეტილება ტაოპრივატბანკისგან

12 მაისი, 2010 • 1745
სასამართლო გადაწყვეტილება ტაოპრივატბანკისგან

სასამართლო გადაწყვეტილება, ოჯახის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით, მაია ჯალაბაძემ, დაზღვეული წერილის სახით, სახლში მიიღო. გადაწყვეტილებას თან ერთვოდა ტაოპრივატბანკის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, მის წინააღმდეგ სარჩელი იყო ინიცირებული.

ჯალაბაძეს ტაოპრივატბანკის საკრედიტო ბარათზე დავალიანება ერიცხებოდა. თუმცა, დავალიანების ნახევარი მან წერილის გამოგზავნამდე უკვე ერთი კვირით ადრე დაფარა და დანარჩენი თანხის ეტაპობრივად დაფარვაზეც შეუთანხმდა მის პირად კრედიტოფიცერს.

– „სამსახურში ვიყავი, როცა სახლიდან განერვიულებულებმა დამირეკეს. პირველ რიგში ჩემს კრედიტოფიცერს დავუკავშირდი, რომელმაც მითხრა, რომ წერილისთვის ყურადღება არ მიმექცია, ბლეფიაო. მაგრამ რეესტრში მაინც გადავამოწმე, იყო თუ არა ჩემი ქონება დაყადაღებული. აღმოჩნდა, რომ ეს დაზღვეული წერილი, რომელიც მივიღე, უბრალოდ, ტყუილი იყო.“

ტაოპრივატბანკისგან მიღებულ წერილში ორი შეტყობინება იდო. ერთ ფურცელზე მაია ჯალაბაძეს ბანკი ატყობინებდა, რომ მის წინააღმდეგ სარჩელია ინიცირებული (შეტანილი), ხოლო მეორე ფურცელი– მოდელირებული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომელშიც ნათქვამია:

– „მოპასუხეს გადასახდელად დაეკისროს საკრედიტო დავალიანების გადახდა. დავალიანების თანხის ამოღება განხორციელდეს დაყადაღებული ქონების აუქციონის წესის რეალიზაციის გზით. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელე ს/ს ტაოპრივატბანკის მიერ გაწეული ხარჯების სახელმწიფო ბაჟის– 100 ლარის და იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი ჰონორარის– 200 ლარის გადახდა“.

სასამართლო პროცესი რეალურად არ შემდგარა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქემ მიიღო, იყო მოდელირებული. თავად სასამართლო გადაწყვეტილების ფურცელზე არსად ეწერა, რომ ეს მხოლოდ იმ სასამართლო პროცესის ნიმუში იყო, რომელიც, შესაძლოა, გამართულიყო.

– „სასამართლო გადაწყვეტილების (თან ერთვის ნიმუში) ფიზიკურად აღსრულება, რომელიც ასახავს სარჩელში წამოჭრილ მოთხოვნებს, იწვევს თქვენი ოჯახის მთელი ქონების დაყადაღებას“,–ეს ის ტექსტია,რომელიც არა მოდელირებულ, არამედ მეორე ფურცლის შუა ტექსტშია მოქცეული.

– „ფრჩხილებში ჩასმული ტექსტისთვის, საერთოდ, არ მიმიქცევია ყურადღება“, – ამბობს ჯალაბაძე.

იგი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ტაოპრივატბანკის მიერ გამოგზავნილმა დაზღვეულმა წერილმა დააბნია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ამ საკითთან დაკავშირებით მათთან დაახლოებით ათი ადამიანი მივიდა.

საიას იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ სასამართლო დადგენილების ნიმუშის გაგზავნის უფლება არც ერთ კანონში არ წერია. მაგრამ, მისი თქმით, რაც არ არის აკრძალული, ის ნებადართულია. მიუხედავად იმისა, რომ წერილში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება არის ნიმუში, ეს ფაქტი რთული აღსაქმელია.

„ვინც ამ საკითხში არ არის გათვითცნობიერებული, ამის წაკითხვისას ივარაუდებს, რომ ეს უკვე დამდგარი შედეგია“, ამბობს კახა კოჟორიძე, „მეც ორჯერ გადავიკითხე, რომ გამეგო, რა ხდებოდა“.

კოჟორიძე ამბობს, რომ, თუ დამტკიცდება ის გარემოება, რომ პირმა წაიკითხა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად არ შემდგარა და ამის შედეგად ნერვიულობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, იმის სამართლებრივი საფუძველი იარსებებს, რომ ამ ადამიანმა მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

– „ჩვეულებრივმა მოქალაქემ არ იცის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს ბეჭედი, ხელმოწერა, რეკვიზიტები. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ეს გადაწყვეტილება, რომელიც ბანკის ოფიციალური დაწესებულების მიერ ოფიციალურად გამოგზავნილ კონვერტში დევს, ჩათვალოს, როგორც ოფიციალური დოკუმენტი“,– ამბობს კახა კოჟორიძე.

მისივე თქმით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება აღნიშნული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა.“თუ ბანკის კლიენტი, რომელსაც მოუვიდა ასეთი შეტყობინება, ჩათვლის, რომ მოატყუეს და ხელშეკრულებაში წერია რომ მხარეებმა ერთმანეთს არ უნდა მოატყუონ, მას შეუძლია, მიმართოს სასამართლოს.”

თბილისის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიღების ეტაპამდე მოპასუხე მხარეს აცნობებენ, რომ მის მიმართ სასამართლოში სარჩელია შეტანილი. მოპასუხეს სასამართლო უგზავნის მოსარჩლის მიერ წარმოდგენილი სარჩელის და თან დართული ასლის საბუთებს.

– „მოსარჩელემ სარჩელში უნდა ჩამოაყალიბოს სასარჩელო მოთხოვნა, მიუთითოს და წარმოადგინოს მტკიცებულებები“,– ამბობს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეს – სამსახურის წარმომადგენელი თამუნა ანდრიაძე

მისი თქმით, ამის შემდეგ სასამართლო იმსჯელებს სარჩელის წარმოებაში მიღების საკითზე, გადაწყვეტილებამდე.მისვლა ამ ძირითადი და კიდევ სხვა ეტაპების გავლით ხდება.

იურისტი თამარ კორძაია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, ამბობს, რომ “ეს არის არაკეთილსინდისიერი საქციელი ბანკის მხრიდან და მის დაბალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს“.

„ბანკი წინასწარ აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება იქნება ასეთი სახის, და სიტყვასიტყვით ახდენს ჯერ არშემდგარი სასამართლო პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღწერას“,–ამბობს კორძაია.

ტაოპრივატბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თამუნა აბუთიძე ამბობს, რომ არაკეთილსინდისიერ კლიენტს ეგზავნება ერთგვარი, პრევენციული შინაარსის გაფრთხილება, რათა მოქალაქემ კეთილი ინებოს და აღადგინოს კომუნიკაცია ბანკთან.

„როცა ბანკს, სამწუხაროდ, უწევს იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, კერძოდ, სასამართლოსადმი ან არბიტრაჟისადმი მიმართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების, აგრეთვე, ხელშეკრულების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება. ჩვენ საკანონმდებლო ჩარჩოებს არასოდეს გავცდებით“, ამბობს თამუნა აბუთიძე.

ტაოპრივატბანკი კანონის ჩარჩოებს არ გაცდენილა, თუმცა, ის ხელმძღვანელობს პრინციპით– „რაც აკრძალული არ არის, დაშვებულია“.

გარდა თანხის დაკისრებისა, რომელიც მოდელირებული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია, ტაოპრივატბანკის წერილში ჩამოთვლილია დავალიანების დაფარვის მიზნით უახლოესი თვის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები, რომლის განხორციელების შემდეგ „თქვენთვის გარანტირებული იქნება მისი თანმდევი შედეგები“,– ნათქვამია წერილში.

თანმდევ შედეგებში კი ჩამოთვლილია:
1. თქვენი ოჯახის ქონების დაყადაღება და იძულების წესით გაყიდვა.
2. საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის აკრძალვა.
3. იძულების წესით დავალიანების ამოღება სახელმწიფო სააღსრულებო ორგანოების წარმომადგენლების მიერ.
4. საქართველოს ბანკებისა და სხვა ფინანსური დაწესებულებების კატეგორიული უარი თქვენს ოჯახთან თანამშრომლობაზე.

ჩამოთვლილი თანმდევი ოთხი შედეგიდან სამი არ შეესაბამება რეალობას.იურისტი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ოჯახის ერთი წევრი ვერ იქნება პასუხისმეგებელი იმავე ოჯახის სხვა წევრის მიერ ბანკიდან გამოტანილ თანხაზე.

– „აქ არის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი ბანკიდან თანხის გამოტანის შემთხვევაში. გამონაკლისი იმ შემთხვევაშია,, თუ დადასტურდება, რომ, რაც გამოიტანა ერთმა მეუღლემ, ის მოხმარდა ოჯახის საერთო მიზნებს, მაგრამ ამისი დამტკიცება ძალიან რთულია. მაგრამ მამამ შვილის გამო რომ პასუხი აგოს, ან პირიქით, ასეთ რამეს ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“ ,– ამბობს კოჟორიძე.

რაც შეეხება ვალის გამო ქვეყნის დატოვების აკრძალვას, იურისტით თქმით, „ვალის არსებობა არ არის ქვეყნის საზღვრების დატოვების დამაბრკოლებელი გარემოება, და თუ ამაში ვინმე ხელს შეუშლის, ამის თაობაზე შეუძლია იდავოს“.

რაც შეეხება ოჯახისთვის სხვა ბანკებთან თანამშომლობის შეზღუდვას, ნეტგაზეთთან საუბარში საქართველოში არსებული ბანკების უმეტესობა არ ადასტურებს ამის განხორციელების შესაძლებლობას.

თანამშრომლობას, როგორც პროკრედიტ ბანკის წარმომადგენელი თეკლა გურიელიძე აცხადებს, „არათუ ოჯახის წევრებს, არამედ თავად ამ ადამიანსაც შეუძლია. ითანამშრომლოს ბანკთან. გახსნას, როგორც სახელფასო ანგარიში, ასევე ანაბარი“.

საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ხათუნა კაკაბაძე, ასევე, ადასტურებს, რომ სხვა ბანკთან არსებული დავალიანება არ არის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა შეეზღუდება ამა თუ იმ მოქალაქეს.

ტაოპრივატბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: „ტაობანკი არის განვითარებაზე ორიენტირებული ბანკი, რომლის მთავარი მისია ქართული ღირებულებების მხარდაჭერაა.ტაობანკი უპირატესობას ანიჭებს: ლოიალურ, კლიენტებისადმი კეთილგანწყობილ, ინოვაციებზე ორიენტირებულ თანამშრომლებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი