ეკონომიკა

“ბორჯომის” აქციონერი სახელმწიფო გახდება – ღარიბაშვილი

13 ივნისი, 2022 •
“ბორჯომის” აქციონერი სახელმწიფო გახდება – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფოს გადაეცა კომპანია “ბორჯომის” აქციები. ამის შესახებ მან დღეს, 13 ივნისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენი აქციის მფლობელი გახდება სახელმწიფო, თუმცა აღნიშნა, რომ აქციები უსასყიდლოდ გადაეცა:

“სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის “ბორჯომის” ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება, ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები. ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება “ბორჯომის” ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი და ყველა ის პრობლემა, რომელიც “ბორჯომს” და მის თანამშრომლებს ჰქონდათ შექმნილი ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში, ზოგადად, ყველა ეს პრობლემა მოხსნილი იქნება”, – განმარტა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან არის შეთანხმებული და კონსულტაციები გაიმართა რეგულატორებთანაც.

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა “ბორჯომის” გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებაც. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გახდება საწარმოს თანამფლობელი, მთავრობა უფრო აქტიურად ჩაერთვება და “ყველა პრობლემას მოაგვარებს”:

“მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო, რომ არცერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე. არცერთი მოქალაქე, არცერთი თანამშრომელი ჩვენი “ბორჯომის”, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის არ დაიჩაგრება. მე ვიცი, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა, ამ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ბატონო ზურა [ჯანდაცვის მინისტრი] და ბატონო ლევან [ეკონომიკის მინისტრი], თქვენც მოგიწევთ ჩართულობა ამ პროცესში და სჯობს, რომ ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოთ, რაც შეიძლება მალე, რომ ხალხს არ ჰქონდეს განცდა, რომ უსამართლოდ ვინმე იჩაგრება და მათი ყველა სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

განახლება: ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ კომპანია IDS BORJOMI International-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას გადასცემს  7.73%-იან წილს.

კომპანია განმარტავს რომ, შეთანხმების შედეგად:

• მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.
• IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდება.
• IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება.

„IDS BORJOMI International-ის აქციონერები მუდმივად ზრუნავდნენ კომპანიის წარმატებაზე, თითოეულ ქვეყანაში თუ ბაზარზე. ჩვენ, IDS BORJOMI, მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის ამ შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში. ამ რთულ ვითარებაში, ეს გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს“, – აცხადებს IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, ელხან ალნაზაროვი.


2022 წლის 29 აპრილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოებას „დროებით“ აჩერებს.

[კომპანია, „ბორჯომის“ ბრენდის გარდა, პროდუქციას ჰყიდის ,„ლიკანის“, „მიტარბის“ და „ბაკურიანის“ ბრენდული დასახელებითაც].

ინვესტორმა ამის მიზეზად უკრაინაში „საომარი მოქმედებები“ დაასახელა.

მის თანახმად, „პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა“.

საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიის, – ასევე, საქართველოში „ბორჯომის“ სხვა ფილიალების, – 100%-იანი წილის მფლობელი იყო შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ (IDS Borjomi Beverages Company).

ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, რეგისტრირებულია კარიბის ზღვის კუნძულ კურასაოზე (ანტილის კუნძულები, ნიდერლანდები) – ოფშორულ ზონაში, სადაც საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველი საგადასახო სივრცეა შექმნილი.

კომპანია აერთიანებს მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიებს საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში.

„ალფა ჯგუფის” საკონტროლო, 60%-იან პაკეტს ფლობს რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი.

ამავე თემაზე ნახეთ ვრცლად:

რა ელის სანქციების ფონზე „ბორჯომს“ და რა არის გამოსავალი

მასალების გადაბეჭდვის წესი