ეკონომიკა

ცნობილი ხდება დეტალები EU-ს სანქციების მე-6 ტალღაზე

4 მაისი, 2022 • 5493
ცნობილი ხდება დეტალები EU-ს სანქციების მე-6 ტალღაზე

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენი სანქციების მე-6 ტალღის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო.

მისი განცხადებით, სანქციები 4 ძირითად მიმართულებას ეხება.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მაღალი რანგის რუსი ოფიცრები, რომლებმაც ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები ბუჩასა და მარიუპოლში, სანქციების სამიზნეები უნდა იყვნენ. „ჩვენ ვიცით, ვინ ხართ, ამას თავს ვერ დააღწევთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სბერბანკი, რომელიც რუსეთის უდიდესი ბანკია, გაითიშება SWIFT-ის საბანკო სისტემიდან.

სამი დიდი რუსული სახელმწიფო მაუწყებელი მოიხსნება ევროკავშირის საეთერო სივრციდან, მათ შორის სატელიტებიდან და ინტერნეტიდანაც და ვერ შეძლებენ ვერანაირი პროდუქტის ევროკავშირში გავრცელებას.

მისი განცხადებით, ევროპა უარს ამბობს რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებისგან, თუმცა ეს მოხდება ეტაპობრივად. ნედლ ნავთობზე ევროკავშირი უარს მომდევნო 6 თვეში იტყვის, ხოლო ნავთობპროდუქტებზე – 2022 წლის ბოლომდე.

ომის დაწყების შემდეგ დასავლეთმა რუსეთს  არაერთი სანქცია დაუწესა, მათ შორის სანქციები შეეხო რუსულ კომპანიებსა და ოლიგარქებს, რუსულ თვითმფრინავებს აეკრძალათ დასავლეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შესვლა, გაიყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური მარაგები, რუსეთი დატოვა ასობით უცხოურმა კომპანიამ და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი