ეკონომიკა

“პანიკის საფუძველი არ არსებობს” – ხორბლისა და ფქვილის ასოციაცია

9 მარტი, 2022 • 3005
“პანიკის საფუძველი არ არსებობს” – ხორბლისა და ფქვილის ასოციაცია

ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანას აქვს ხორბლისა და ფქვილის მარაგები და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„არ არსებობს პანიკის საფუძველი. ქვეყანაში არსებობს ფქვილისა და ხორბლის მარაგები, შესაბამისად, ეს არის ერთგვარი აჟიოტაჟი. მომხმარებლის ქცევა გასაგებია, რადგან ეს უკავშირდება ომს უკრაინაში და ინფორმაციას, რომ იქიდან ჩვენ პროდუქციის დიდი იმპორტი გვაქვს“, – აცხადებს ლევან სილაგავა ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი განცხადებით, ბაზარზე პრობლემა შეიქმნა ადგილზე დისტრიბუციის კუთხით, თუმცა ვითარება რამდენიმე დღეში შეიცვლება.

„აქ პრობლემა უფრო საქართველოშია, არსებობს საწყობებიდან სუპერმარკეტებამდე მიწოდების ხარვეზები. ეს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში აღდგება.

კორონავირუსის პანდემიის პირველ წელს იყო მსგავსი ქცევა, თუმცა შემდეგ ადამიანები შაქრისა და ფქვილის გამოუყენებელ ტომრებს, რომლებიც შეიძინეს, უკანვე აბრუნებდნენ“, – განაცხადა მან.

უკრაინის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე იკრძალება ქვეყნიდან წიწიბურის, მარცვლეულისა და შაქრის ექსპორტი. ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხარებლები მასობრივად ყიდულობენ შაქარს, ფქვილს და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი