ეკონომიკა

როგორ დაიბეგრება ონლაინ სათამაშო ბიზნესი – განმარტება

6 დეკემბერი, 2021 • 1621
როგორ დაიბეგრება ონლაინ სათამაშო ბიზნესი – განმარტება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი განმარტავს, თუ რას გულისხმობს მთავრობის ხედვით ონლაინ სათამაშო ბიზნესის ახალი წესით დაბეგვრა.

მინისტრის განცხადებით, იგეგმება, რომ ონლაინ სათამაშო ბიზნესი დაიბეგროს არა განაწილებული მოგების გადასახადით, არამედ მოხდეს ე.წ. GGR-ის დაბეგვრა 10%-ით.

„დღეს ეს სექტორი არის განაწილებული მოგების გადასახადზე. ისინი მოგების გადასახადს არ იხდიან, თუკი მოგების განაწილება არ მოხდა“, – აცხადებს მინისტრი.

GGR(Gross Gaming Revenue), ანუ თამაშების მთლიანი შემოსავალი, არის სხვაობა ამა თუ იმ კომპანიის მიერ მიღებული ფსონების რაოდენობასა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის.

მინისტრის თანახმად, მთავრობის ხედვით, იგეგმება სწორედ GGR-ის დაბეგვრა 10%-ით. მან ამ მექანიზმის ასეთი მაგალითი მოიყვანა:

„მაგალითად, თუ კონკრეტულ სათამაშო ოპერატორს თვის განმავლობაში მთლიანი შემოსავალი ჰქონდა 100 ლარი და აქედან მან [მოთამაშეებზე] გასცა 30 ლარის მოგება, გამოდის, რომ სხვაობა, ესე იგი GGR, არის 70 ლარი. შესაბამისად, მოხდება 70 ლარის 10%-ის დაბეგვრა, ანუ აღნიშნული ოპერატორი მომდევნო თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში 7 ლარს გადაიხდის“.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დაბეგვრის ეს მექანიზმი „არცერთი კომპანიისთვის უცხო არ არის“ და „მსოფლიოს ქვეყნების 90%-ზე მეტში სწორედ ეს მოდელი მოქმედებს“.

„აქამდე ამ მოდელით დაბეგვრა შეუძლებელი იყო საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მონაცემი [GGR] დაზუსტებული სახით არ გვქონდა. თუმცა ის სისტემები, რაც დღეს ამოქმედებულია და მუშაობს, გვაძლევს ამ მონაცემებს. მათაც [კომპანიებს] ეს მონაცემები ყოველთვიურად აქვთ“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის თქმითვე, „აღნიშნული 10%-იანი განაკვეთი არ არის უმაღლესი განაკვეთი, რაც გვხვდება სხვადასხვა ქვეყანაში“, და მთავრობაში არ მიიჩნევენ, რომ „ისეთი ნორმა შემოდის, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა ეს ტვირთი ვერ აიღონ“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ თამაში აეკრძალებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებსაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება, საჯარო მოხელეებსა და 25 წლამდე პირებს.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რომ „როდესაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს ეხმარება, ხოლო ადამიანი ამ თანხით ტოტალიზატორში თამაშობს, ამ მიზნით არ აძლევს ამ თანხას სახელმიწფო“.

რაც შეეხება საჯარო მოხელეებს: „შინაგანაწესის დონეზე ყველა სამინისტროს აქვს გაწერილი, რომ ასეთი საქმიანობა არ უნდა განხორციელდეს საჯარო მოხელის მიერ, მაგრამ ახლა საკანომდებლო დონეზე მოხდება ამ [რეგულაციის] ატანა“.

რაც შეეხება 25 წლამდე პირთათვის თამაშის აკრძალვას: „გარკვეული ტიპის შეზღუდვები, ასაკთან, გარკვეულწილად შეამცირებს ბიუჯეტში შემოსავლებს, მაგრამ საგადასახადო პოლიტიკა, რაც წარმოდგენილია, დააბალანსებს ამ შემცირებას. არ ვვარაუდობთ, რომ მომავალ წლებში შემცირებული იქნება საგადასახადო შემოსავლები ამ მიმართულებით იმის ხარჯზე, რომ იქნება გარკვეულწილად პოლიტიკის ცვლილება“, – განაცხადა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი