ამოქმედდა ოფიციალური ვებ-გვერდი www.tbilisisilkroad.ge, რომელზეც ფორუმში მონაწილეობის მსურველებს დარეგისტრირება და ფორუმის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მაღალი რანგის წარმომადგენლობით მონაწილეობა, როგორც სამთავრობო დონეზე, ისე – ბიზნესის კუთხით, არაერთმა ქვეყანამ დაადასტურა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 200-ზე მეტი ბიზნესმენი დარეგისტრირდა. ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ფინანსური ინსტიტუტები.
აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა. პრემიერის განცხადებით, ახალი პლატფორმა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროში, ასევე, ბიზნესებს შორის კავშირებისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.