“1 ივლისიდან შევიდა კანონი ძალაში, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი უნდა იყოს ეტიკეტირებული. ამ მიმართულებით რა ხდება ბაზარზე? რა ღონიძიებები გაატარეთ ამისთვის? ან თუ აპირებთ, როგორ აპირებთ? კანონი ძალაში შევიდა. არ მომზადებულხართ? არც ერთ პროდუქტზე არ არის აღნიშნული. ჩვენ სპეციალურად მოვიარეთ სავაჭრო ქსელი. არც ერთ პროდუქტზე არ არის არც ერთი ეტიკეთი. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ არ არის გენმოდიფიცირებული? თუ არის და კანონს არღვევთ? ე.ი. კანონს არღვევს მეწარმე და კანონის დარღვევაში ხელს უწყობს მაკონტროლებელი. მითხართ, რა გააკეთეთ და მერე გეტყვით, რა უნდა გაგეკეთებინათ” – ზურაბ ტყემალაძემ ამ საკითხზე განმარტება დღეს კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილს მოსთხოვა.
“ნიმუშებს სჭირდება რამდენიმე შემოწმება. ამიტომ ნიმუშებს ავიღებთ, შევამოწმებთ” – უპასუხა სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილემ დავით გაეგაშვილმა პარლამენტარს.
ზურაბ ტყემალაძემ მინისტრის მოადგილის განმარტება მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომიტეტი ერთ კვირაში სამინისტროს წარმომადგენლებისაგან შესაბამის ანგარიშს ელოდება:
“სანამ ნიმუშს აიღებთ, მისულიყო თქვენი ხალხი სუპერმარკეტებში. შტრიხკოდი რომ არის, იქ აღნიშნულია რისგან შედგება პროდუქტი, რა დანამატებია და რა კონსერვანტებია. იქ სადმე წერია, რომ მისი შემცველი რომელიმე პროდუქტი გენმოდიფიცირებულია? ეს მაინც თუ გააკეთეთ? არ გაგიკეთებიათ. მე ვიცი თქვენი პოზიცია, ლაბორატორიაში გავაგზავნით, საქართველოში შესაბამისი ლაბორატორია არ არის. გავაგზავნით გერმანიაში და პასუხი ჩამოგვივა… ელემენტარულია, პროდუქტზე თვთონ აწერია, რომ მის დამზადებაში მონაწილეობდა გენმოდიფიცირებული პროდუქტი. ამის შემოწმებას რაღა უნდა. “
1 ივლისიდან გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე “გმ”–ის მითითება უკვე სავალდებულოა. ამ ვალდებულებას “სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ” კანონი ითვალისწინებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თუ სურსათის შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, მაშინ ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში უნდა იყოს მითითებული წარწერა “გმ”. კანონის მიხედვით, ეს ნიშანდება მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. თუკი სურსათის ერტიკეტირება შეუძლებელია, თანმხლებ დოკუმენტაციაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია გენმოდიფიცირებულობის შესახებ.
ამავე კანონის თანახმად, ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება და დამრღვევს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.
სააგენტოს ცნობით, სურსათი, რომლის ეტიკეტზეც არ იქნება მითითებული “გმ” და ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდება გენმოდიფიცირებული, ექვემდებარება განადგურებას. თუკი ბიზნესოპერატორი არ გაანადგურებს ასეთ სურსათს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით დაჯარიმდება 10 000 ლარით.
საქართველოს კანონი “სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ” 1 ივლისიდან ძალაში შევიდა.
