ეკონომიკა

ხადური: გოცირიძე აკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორც მართავდა ეკონომიკას კუპონების დროს

24 ივნისი, 2015 •
ხადური: გოცირიძე აკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორც მართავდა ეკონომიკას კუპონების დროს

“მისი განცხადებები არის თითიდან გამოწოვილი. საუბრობს ვითომ სავარაუდო შემოსავლებზე ლიცენზიებდან. მას შეუძლია გადაამოწმოს, რომ ლიცენზიებიდან ფული არ შემოდის საქართველოს ბიუჯეტში” – განაცხადა ხადურმა.

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით  ლარის დღევანდელ კურსზეა გათვლილი კორექტირებული ბიუჯეტი:


“და ერთი, რაც  მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად შევამცირეთ ხარჯვითი ნაწილი სამინისტროებსა და უწყებებში. და ამავე დროს სტიქიის გამო თანხების მიმართვა გვიწევს ამ მიმართულებით. თუ გოცირიძე სხვანაირად მოიქცეოდა, ძალიან მაინტერესებს? ეს კარგად მახსოვს და საქართველოს მოსახლეობასაც, როგორ იქცეოდა ის, როცა ვიცე-პრემიერი ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო. გაცვლით კურსზე მაშინ ენერვიულა.”  

 
ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ, საკუთარი მოსაზრებები 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” გამოთქვა: 
 
 
“უკვე ბევრჯერ შევამჩნიე, რომ ფინანსთა სამინისტრო ატყუებს პრემიერ-მინისტრს. იგი აკეთებს განცხადებებს სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით და ინტერპრეტაციით, ხოლო რეალობა აღმოჩნდება სულ სხვა” – აცხადებს გოცირიძე.
 
 
 
რომან გოცირიძის განცხადებით, კორექტირებული ბიუჯეტი არის გაცილებით უარესი, ვიდრე თავდაპირველი, რადგან:
 

  • მცირდება შემოსავლების ყველაზე ჯანსაღი, საგადასახადო ნაწილი 200 მილიონი ლარით. მისი ჩანაცვლება ხდება მომავალში სავარაუდოდ მისაღები სალიცენზიო შემოსავლით, ახალი თაობის მობილური კავშირგაბმულობის სიხშირის გაყიდვიდან. აგრეთვე შემოსავლების დანაკლისის დაბალანსება ხდება ციფრების მანიპულაციით. ნაჩვენებია გრანტებისა და კრედიტების ზრდა 224 მილიონი ლარის ოდენობით. სინამდვილეში არავითარი ახალი უცხოური დაფინანსება არ შემოდის. იგივე რჩება, რაც იყო ბიუჯეტში, ოღონ გადაანგარიშებულია ახალი, ლარის გაუფასურებული კურსით: 1დოლარი თუ თავიდან 1,85 ლარად იყო ნაანგარიშები, ახლა 2,25 ლარია.
 

  • იზრდება საგარეო ვალის გასტუმრების ხარჯი 53 მილიონი ლარით. სინამდვილეში იგივეს გადახდა ხდება უცხოურ ვალუტაში. ზრდა გამოწვეულია ლარის გაუფასურებული კურსით გადაანგარიშების გამო. 
 
  • მაკროეკონომიკური თვალსაზრისით კორექტირებული ბიუჯეტი უარესია წინაზე და არ უწყობს ხელს სავალუტო სტაბილურობას. ხარჯვა კვლავინდებურად არათანაბარზომიერია და დიდი ნაწილი კვლავ დააწვება ბოლო ორ თვეს, როგორც მოხდა წინა წლებში და რაც იყო ლარის დევალვაციის ერთ-ერთი საშინაო მიზეზი. დღეისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულია ხარჯი 4,1 მილიარდი ლარის ოდენობით. დარჩენილ პერიოდში დასახარჯია 5,4 მილიარდი, რაც გასული ორი წლის სცენარს ემსგავსება. 
 
  • მიუხედავად იმისა, რომ შემცირებულია შიდა ვალი 100 მილიონი ლარით, ამას არ მოუხდენია დადებითი გავლენა ბიუჯეტის დეფიციტზე, ვინაიდან მისი ჩანაცვლება მოხდა დეფიციტური დაფინსნსების სხვა წყაროებით( საგარეო ვალის ზრდა 184 მილიონი ლარით). 
 
გოცირიძის განცხადებით, მთავრობა მოიქცა უპასუხისმგებლოდ, არ შეამცირა ბიუჯეტი თუნდაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მოსალოდნელი კლების პროპორციულად: 
 
“თუ გავითვალისწინებთ ექსპორტის სერიოზულ კლებას, უცხოური ინვესტიციების შემცირებას, უცხოეთიდან გადმორიცხვების შემცირებას და არცთუ ისე სახარბიელო სურათს ტურისტული სეზონის თვალსაზრისით, რისკები კვლავ საკმაოდ რჩება. 
ფინანსთა სამინისტრო, როგორც ჩანს, შეგნებულად უმალავს მთავრობას და საზოგადოებას რეალურ ვითარებას, მთელი აქცენტები გადააქვს ეროვნულ ბანკზე და ე.წ. საგარეო ფაქტორებზე და ამით ცდილობს მშრალად გამოსვლას კრიზისული ვითარებებიდან. 
გამოსდის ეს კიდევაც, რაც მთავრობის წევრებისა და სხვა ზემდგომების დაბალი ეკონომიკური კვალიფიკაციით თუ შეიძლება” – აცხადებს გოცირიძე.
 
 
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ კორექტირებული ბიჯეტის დათვლა დოლარის მიმდინარე კურსით მოხდა.
 
 
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება გამოწვეულია მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რამაც გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე (ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-დან 2%-მდე დაეცა), და 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ აუცილებელი დამატებითი თანხების მოძიების გამო.
 
 
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი