გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აქცენტი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ პროგრამებზე გააკეთა:
„ჩვენ ჩავატარეთ ძალიან აქტიური კამპანია და შევარჩიეთ ცხრა მიზნობრივი ბაზარი ამ კამპანიისთვის. ამის გარდა, დაახლოებით ორასზე მეტი საერთაშორისო ცნობილი ჟურნალისტი და სამოცდაათზე მეტი წამყვანი ტურისტული სააგენტო ჩამოვიყვანეთ საქართველოში, მათთვის ჩატარდა სპეციალური ტურები და საინფორმაციო კამპანია ადგილზეც. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური პროგრამა ზაფხულისთვის, რომელიც გულისხმობს ზაფხულის პერიოდში ყოველდღიურად ღონისძიებების გამართვას თბილისში, ბათუმში და ზოგადად, მთელი საქართველოს მასშტაბით“.
ვიცე-პრემიერის თქმით, ასევე იგეგმება სამთო ტურიზმის განვითარების კუთხით სპეციალური პროგრამის შექმნა, რათა მოსწავლე ახალგაზრდობამ სკოლის დაწყებითი ასაკიდანვე შეიგრძნონ საქართველო და მოხდეს მასობრივი ლაშქრობების პროგრამის განვითარება.
„ამაზე ჩვენ ვმუშაობთ არაერთ ადამიანთან, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩართულნი და გამოხატავენ ინიციატივას. როგორც გითხარით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და სპორტისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება ზამთრის სეზონს, სამთო-სათხილამურო კურორტებზე დაგეგმილია კონკრეტული ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ზამთრის სეზონზე კურორტებზე დამსვენებელთა რაოდენობის გაზრდას“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.