გიგლა აგულაშვილმა სპეციალური ბრიფინგი მას შემდეგ გამართა, რაც დღეს საპარლამენტო კომიტეტში ვიზიტისას, მას “მრეწველები” დაუპირისპირდნენ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის N198 ბრძანების გადახედვა მოსთხოვეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის N198 ბრძანება – საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცების შესახებ მინისტრის განცხადებით არ გაუქმდება.
გიგლა აგულაშვილი ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვედრას და კონსულტაციებს სთავაზობს.
გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“.
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ეს კანონი აწესრიგებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის: ა) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებას; ბ) გარემოში ინტროდუქციის აკრძალვას; გ) საბაზრო ქსელში განთავსებას; დ) ტრანსპორტირებასა და ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას.
საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კრძალავს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კულტივირებას/დათესვას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონის IV თავის მე-18 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ „ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვას/ლიცენზიას და ნებადართულია, თუ ის მიეკუთვნება მინისტრის ბრძანებით საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობას“.
2015 წლის 24 აპრილის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №198 „საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცების შესახებ“ მიზნად ისახავს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცებას, რომლებიც ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე/ბაზარზე განთავსებისათვის (არა კულტივირებისთვის).
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №727 დადგენილების „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაცია საბაზრო ქსელში განთავსებისთვის ხდება: ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით“.
მთავრობის დადგენილების თანახმად, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი ნიშნავს საბაზრო ქსელში განთავსებისათვის ერთიან რეესტრში, ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების პირდაპირ რეგისტრაციას.
ევროპის კავშირის ტერიტორიაზე ავტორიზებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ნუსხის ხილვა შესაძლებელია ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზე. ავტორიზაციამდე გადიან მკაცრ შემოწმებას ევროპის სურსათის უვნებლობის სამსახურის (EFSA) მიერ, შესაბამისად, ამ ორგანიზმების მხრიდან მომდინარე საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი.
25 ტონა სოიოს გენმოდიფიცირებული თესლი საქართველოში კომპანია “მონსანტომ” შემოიტანა.








