ეკონომიკა

კვირიკაშვილი: სავარაუდოდ, ლარის გამყარება ტურიზმის ზრდამ გამოიწვია

20 მაისი, 2015 • • 1063
კვირიკაშვილი: სავარაუდოდ, ლარის გამყარება ტურიზმის ზრდამ გამოიწვია

“ძნელია ყოველდღიურ რეჟიმში ანალიზის გაკეთება, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ლარის გამყარება, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, ეს უკვე ძალიან დადებითია. სავარაუდოდ, ლარის გამყარება ტურიზმის ზრდამ გამოიწვია. ტურისტების  ნაკადი, ალბათ  თქვენც შეამჩნევდით, მნიშვნელოვნად არის მომატებული. უცხოური ვალუტის შემოდინებაა მნიშვნელოვანი,  EBRD-ის შეხვედრის დროს ძალიან ბევრი სტუმარი იყო ჩამოსული. ზოგადად ეს ძალაინ კარგია და მისასალმებელი” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარი – 2.3234 ლარია. 

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში ორი დღეა მყარდება. 19 მაისს ეროვნული ბანკის კურსით აშშ დოლართან ლარი 2,3567 ნიშნულზე იყო. 20  მაისს – 2,3372 ნიშნულზე. 

 

ლარის გაცვლითი კურსი ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობისას ფორმირდება. 

 

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როცა 1 აშშ დოლარი 1.73 ლარი ღირდა. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ფასი 0.61 ლარით აღემატება გასული წლის ნოემბრის კურსს. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებით (უკრაინის კრიზისი და სანქციები რუსეთისთვის) არის განპირობებული. ოპონენტების თქმით კი, ამას განაპირობებს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა.

 

ლარის კურსის გასამყარებლად 240 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა სავალუტო რეზერვებიდან, რამაც კურსის ვარდნის შეჩერება ვერ მოახერხა.

 

 

 

 

 



მასალების გადაბეჭდვის წესი