ეკონომიკა

ქადაგიძე: პოლიტიკური თანამდებობის პირებისაგან შეთქმულების თეორიის განვითარება უხერხულია

15 მაისი, 2015 • • 1129
ქადაგიძე: პოლიტიკური თანამდებობის პირებისაგან შეთქმულების თეორიის განვითარება უხერხულია

“მთავრობას არ აქვს ინფორმაცია დიდი ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ” – ეს კომენტარი ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გააკეთა. 

 

“როდესაც ყვითელი პრესა საუბრობს შეთქმულების თეორიებზე, ეს შეიძლება გაიგო, რადგან ყვითელი პრესა ცდილობს მოიზიდოს სპეციფიკური ტიპის მკითხველი. მაგრამ როდესაც შეთქმულების თეორიას ავითარებენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ამაზე ერთადერთი კომენტარი არის, რომ ეს უხერხულია, უბრალოდ, და მეტი არაფერი, როგორც მინიმუმ. განსაკუთრებით უხერხულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებზე. ისეთ ინსტიტუტებზე, რომლის აქციონერი, მთავარი კრედიტორი, მრავალი წლის პარტნიორი არის თუნდაც ევრობანკი (EBRD) – თუნდაც ის ბანკი, რომლის ფორუმზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. რამდენად ეს ხელს უწყობს, ამის განსჯა თქვენთვის მომინდია” –  განაცხადა გიორგი ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტში  EBRD-ის 24-ე შეხვედრის და ბიზნესფორუმის ერთ-ერთ სესიაზე ვიზიტისას. 


ქადაგიძის განცხადებით, მას მთავრობასთან კოორდინაციის პრობლემა არ აქვს:


“ინფორმაციის გაცვლის პრობლემა კანონით გათვალისწინებული არ გვქონია არასდროს და ჩვენ მუდმივად ჩვენ პროგნოზებს ვაწვდით მთავრობას და ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ყველა განვითარებული ქვეყნის ცენტრალური ბანკი. ის გამოწვევები, რა გამოწვევებიც ჩვენ გვაქვს, ნათელია. მომავალ კვირაში ჩვენ ამ ყველაფრის განხილვას დავიწყებთ პარლამენტში, ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადებები, თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული განცხადებები ახდენს გავლენას და ძალიან მნიშვნელოვანია მოკლევადიანი კურსის ფორმირების პროცესში.” 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცახდებით, თუ რა ტრანზაქციებს ახორციელებენ ბანკები ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, ამის შესახებ საქართველოს მთავრობას ინფორმაცია არ აქვს. მთავრობას ამ ინფორმაციაზე წვდომა ვერ ექნება, რადგან ეს კომერციული საიდუმლოა. 

 

კომერციულ ბანკებში და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 აშშ დოლარი 2,38 ლარი ღირს. ეროვნულის ბანკის კურსით 15 აპრილს 1 აშშ დოლარი 2.3632 ლარია. 

 

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როცა 1 აშშ დოლარი 1.73 ლარი ღირდა. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ფასი 0.61 ლარით აღემატება გასული წლის ნოემბრის კურსს. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებით (უკრაინის კრიზისი და სანქციები რუსეთისთვის) არის განპირობებული. ოპონენტების თქმით კი, ამას განაპირობებს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა.

 

ლარის კურსის გასამყარებლად 240 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა სავალუტო რეზერვებიდან, რამაც კურსის ვარდნის შეჩერება ვერ მოახერხა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი