განაცხადი ოთხმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ – შპს „ოპტიკურ–ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი–ფოპტნეტმა“, შპს „გრიინეტმა“, სს „სილქნეტმა“ და შპს „დელტა-კომმა“ წარმოადგინა.
სამთავრობო კომისიამ 2015 წლის 15 მაისამდე უნდა განიხილოს წარმოდგენილი განაცხადები და მათგან ე.წ. მოკლე სია შეადგინოს.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს მიეცემათ საშუალება, რომ 2015 წლის 30 მაისამდე კომისიას განსახილველად წარმოუდგინონ პროექტთან დაკავშირებული საბოლოო წინადადებები, რომლებსაც განიხილავს სამთავრობო კომისია და რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 6 მაისს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, რომელმაც „საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილი განაცხადები განიხილა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.
რეგიონებში ინტერნეტის გავრცელების აუცილებლობის საკითხზე პირველად განცხადება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა პირველი არხის ეთერით, როდესაც თქვა, რომ ამ საკითხზე “საზოგადოება 2030” მუშაობდა.
დავასწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ წელიწადში პროექტის ფარგლებში, რომელსაც ვაკეთებთ, შეიძლება მთელი საქართველო დავფაროთ…”, – აცხადებდა ივანიშვილი 2014 წლის ნოემბერში.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელიც აცხადებენ, რომ ზემოხსენებულ პროექტთან “საზოგადოება 2030”-სა და ბიძინა ივანიშვილს არავითარი შეხება არ აქვთ.
ეკონომიკის სამინიტრომ მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნატით უზრუნველყოფის მიზნით ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი 2015 წლის 15 აპრილს გააკეთა.
მაღალსიჩქარიანი ბოჭკოვანი ინტერნეტის გავრცელების შესახებ პროექტი 2015 წლის 15 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობა აცხადებს ინტერესს პროექტის მიმართ. სახელმწიფო არის გამტარი და უზრუნველყოფს ინვესტორის მოძიებას. პროექტში ის ფულს არ ხარჯავს.
ეკონომიკის სამინისტროში 2014 წლის 26 დეკემბერს ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზებით უზრუნველყოფას. მემორანდუმს ხელს აწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“, სს „საქართველოს რკინიგზა“ და შპს „საქართველოს ფოსტა, “სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, სსდ „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“, სს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.
ხელმომწერები მზადყოფნას გამოთქვამენ დაეხმარონ პროექტში გამარჯვებულ კომპანიას ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების საკუთარ ან სახელმწიფოს საკუთრებაში/სარგებლობაში/ბალანსზე არსებულ ქონებაზე განთავსებაში.
კომუნიკაციის ეროვნული კომისიის (GNCC) 2015 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, ინტერნეტის გეოგრაფიული გავრცელების სიმკვრივე არათანაბარადაა გადანაწილებული. საუკეთესო დაფარვის ზონებია: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი. ამ ქალაქების მაცხოვრებელთა 80-90%-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა. სიმკვრივე 5%-იან ნიშნულს ვერ უტოლდება მესტიის, წალენჯიხის, ლენტეხის, ცაგერის, ხობის, ჩოხატაურისა და წალკის რაიონებში. ხოლო ხულოსა და ქედის რაიონებში სიმკვრივე ნულოვანია. მონაცემები არ არის ონის, ჯავის, ახალგორის, შუახევისა და აფხაზეთის რეგიონებიდან. Wi-Fi ტიპის ინტერნეტი ჭარბობს ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელებს.
კომისია 2014 წლის ანგარიშის დამტკიცებას უახლოეს მომავალში გეგმავს. 2013 წლის მონაცემებით კი, ოპტიკური აბონენტების რაოდენობის გეოგრაფიული განაწილების მიხედვით ლიდერობს თბილისი 80%-ით, შემდეგ რუსთავი- 10.3%, ბათუმი -4.4%, და დანარჩენი ქალაქები- 4.4%. ინტერნეტოპერატორთა შორის კი 60%-ით “კავკასუს ონლაინია” სიის სათავეში.
