ეკონომიკა

კვირიკაშვილი: მთავრობა ლარის შემდეგ დევალვაციას არ ელოდება

4 მაისი, 2015 • • 1125
კვირიკაშვილი: მთავრობა ლარის შემდეგ დევალვაციას არ ელოდება

ეს კომენტრი გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან ლარის კურსთან დაკავშირებით გააკეთა.


როგორც ვიცე-პრემიერმა განმარტა, მთავრობა შემდგომ დევალვაციას არ ელოდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩატარებული პრივატიზაციის მიმართულებით,  არის  უშუალო შედეგები და  კიდევ უფრო მეტი იქნება მომავალში  ტურიზმის ზრდისა  და ვიზიტორების შემოდინების მაჩვენებლებთან ერთად:


 „ამიტომ მე მინდა ვთხოვო მედიასაშუალებს, მაქსიმალურად შეეცადონ, ამ თემით არ იყოს პოლიტიკური სპეკულირება, ვინაიდან თითოეული ნეგატივი, რომელიც გადის სივრცეში, ძალიან მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკაზე.  როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და არა როგორც ეკონომიკის მინისტრი, ვთხოვ ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომლებიც ზოგჯერ არიან მედიის წარმომადგენლები და ზოგჯერ პოლიტიკოსები,  ანგარიში გაუწიონ  სიტუაციას, რომელიც არის. მინდა ვთხოვო მათ, არავითარ შემთხვევაში არ შექმნან ხელოვნურად დამძიმებული სურათი მედიის საშუალებით. ეს მესიჯი მინდა მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ყველაზე მეტად ეხება“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ექვსჯერ განახორციელა და, ჯამში, 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა 2014 წლის 25 ნოემბერს საშუალო შეწონილი გაცვლითი 1.8192-კურსით, იმავე წლის 2 დეკემბერს ასევე 40 მილიონი დოლარი გაყიდა 1.8602 კურსით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს 40 მილიონი 2.0240 კურსით გაყიდა, 19 თებერვალს 2.1464 კურსით გაყიდა ისევ 40 მილიონი, ხოლო 24 თებერვალს – 2.2630 კურსით. გარდა ამისა, 11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი