ეკონომიკა

შეთანხმება ხუდონჰესის პროექტზე ენერგეტიკის სამინისტროსა და ტრანს ელექტრიკას შორის

15 აპრილი, 2015 • • 2234
შეთანხმება ხუდონჰესის პროექტზე ენერგეტიკის სამინისტროსა და ტრანს ელექტრიკას შორის

“ტრანს ელექტრიკა ჯორჯიამ” სვანეთში “ხუდონჰესი” უნდა ააშენოს, თუმცა, როდის გაფორმდება მხარეებს შორის ახალი მემორანდუმი, როცა მოლაპარაკება 2014 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს, არც ენერგეტიკის სამინისტრო და არც კომპანია ამ დრომდე არ აკონკრეტებს. 

 

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, მხარეებს შორის სადავო იყო “ხუდონჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის და კომპანიის ოფშორიდან გამოსვლის საკითხი. ილია ელოშვილი “ბანკები და ფინანსებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია:

 

“დღეის მდგომარეობით ეს პრობლემები პრაქტიკულად გადაჭრილია. ჩვენ მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ გენერირებული ენერგია 12 თვის განმავლობაში საქართველოში დარჩება და საექსპორტოდ მხოლოდ ჭარბი ენერგია გავა. ასევე კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ გამოსულიყო ოფშორული ზონიდან. ამჟამად ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია დეტალური ინფორმაცია ამ ბიზნესჯგუფის შესახებ.”

 

სამეწარმეო რეესტრში “ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას” სადამფუძნებლო დოკუმენტაცია არ შეცვლილა. ბოლო განახლება 2013 წელს მოხდა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ტრანს ელექტრიკა ლიმითედი, რომელიც “ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას” 100%-ს ფლობს, 2008 წელს ვირჯინიის კუნძულებზეა (ბრიტ.) დაერეგისტრირებული. 


“ნეტგაზეთმა” ენერგეტიკის სამინისტროს მიმართა კითხვებით, თუ საკითხები ამოწურულია, რატომ არ ფორმდება მხარეებს შორის მემორანდუმი? სად შეიძლება ინფორმაციის მოძიება “ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას” ოფშორიდან გამოსვლის შესახებ? 

 

ენერგეტიკის სამინისტროში “ნეტგაზეთის” კითხვებს არ უპასუხეს და  “ტრანს ელექრიკა ჯორჯიასთან” გადაამისამერთეს: “ამ კითხვებზე კომპანია გიპასუხებთ” – განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.  

 

კომპანია “ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას” ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ამ საკითხებზე სამინისტროსთან შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ ახალი მემორანდუმი ჯერ გაფორმებული არ არის: 


“პირველ მემორანდუმში, რომელიც ხელმოწერილია, იყო საუბარი 4 თვის ელექტროენერგიაზე, რომელსაც ჰესი გამოიმუშავებდა და ქვეყნის ენერგოსისტემა გამოიყენებდა. ახალი შეთანხმებით, “ხუდონჰესი” 12 თვეში გამომუშავებულ ელექტროენერგიას დატოვებს სრულად საქართველოს ენერგოსისტემაში. გაფორმდება 15-წლიანი ხელშეკრულება. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ენერგოსისტემაში გაიყიდება. ტარიფი იქნება იმაზე უფრო იაფი, ვიდრე საქართველოს ენერგოსისტემა იხდის პიკზე. გარკვეული თემები მოსალაპარაკებელია კიდევ. ეს შემოთავაზება მიღებულია სამინისტროსგან და ჩვენგან გამოთქმულია მზაობა.”

 

რაც შეეხება კომპანიის ოფშორიდან გამოსვლის საკითხს, დავით მირცხულავა აცხადებს, რომ ეს ვალდებულება მათ ახალი ხელშეკრულებით აიღეს: 

 

“კომპანიამ ახალ ხელშეკრულებაში აიღო ვალდებულება, რომ ის აღარ იქნება ოფშორში დარეგისტრირებული. თუმცა ეს არ არის კანონოს დარღვევა. დარეგისტრირდება არაოფშორულ ზონაში. ბუნებრივია, ეს იქნება დასავლეთის რომელიმე ქვეყანა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ორმაგი დაბეგვრის რეჟიმი. ესეც მომხმარებელზე აისახება და გააძვირებს ღირებულებას. როგორც კი მოეწერება ხელშეკრულებას ხელი, არის ვალდებულება აღებული და ეს არ არის დიდი ხნის საქმე. სულ რამდენიმე თვე შეიძლება დასჭირდეს. ინვესტორებმა განაცხადეს, რომე ამას გააკეთებენ. მათ არ არქვთ კავშირი “ტატა ჯგუფთან”. ინვესტორები არიან წარმოშობით ინდუსები და ბრიტანეთის მოქალაქეები.”

 

მირცხულავას განცხადებით, კომპანია ჰესის მშენებლობას მას შემდეგ დაიწყებს, როცა მხარეებს შორის დაიდება ხელშეკრულება, მომზადდება გარემოსდაცვითი ანგარიში და გაიცემა მშენებლობის ნებართვა. 

 

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი ჰესების მშენებლობა დასაშვებად მიიჩნია, თუკი ამას ექსპერტების კვლევის შედეგები გაამართლებდა. სწორედ ამ ექსპერტების კვლევის შედეგებმა აუნთო მწვანე შუქი ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორს, რომელსაც ოფშორებში დარეგისტრირებული ინდური კომპანია “ტრანს ელექტრიკა” წარმოადგენს.

 

ინვესტორს რამდენჯერმე ჰქონდა მოლაპარაკების მცდელობა ხაიშელებთან, თუმცა მოსახლეობა არანაირი კომპენსაციის სანაცვლოდ არ აპირებს სოფლის დატოვებას. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ორასზე მეტმა მამაკაცმა ძველი რიტუალი აღასრულა და წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცა, არ დატოვონ ტაძარი, სასაფლაოები და ხაიშის მთები.

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხუდონჰესის დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ იქნება. ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება -1.5 მლრდ კვტ.სთ. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას 2014 წლის 1 მარტამდე უნდა დაეწყო მშენებლობა, ამ დრომდე ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ვერც ერთი ნებართვა  ვერ მიიღო. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 111 შენიშვნის მიღების შემდეგ კომპანიას არ წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასების განახლებული ანგარიში.

მასალების გადაბეჭდვის წესი