ეკონომიკა

უფასო ფული არ არსებობს

1 აპრილი, 2015 • • 2443
უფასო ფული არ არსებობს

“რეალურად არ არსებობს როგორც “უფასო ფული”, ისე – უფასო სადილი. “უფასო ფულს” ვიღაც ყოველთვის იხდის. ეს ფული, შესაძლოა, ვიღაცისთვის უფასოა, ვიღაცისთვის კი – ძვირი,” – განმარტავს საკონსულტაციო კომპანია “PMCG”-ის ეკონომისტი ეკა ღვინჯილია.

 

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას უფასო ფულს 2012 წლის წლის  საარჩევნო კამპანიის დროს დაპირდა:


“ყველას ექნება საშუალება იაფი, ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი ფულის. 10-დან 20 წლამდე. არანაკლები 10 წლისა საშუალება იქნება ფულის. ეს იქნება უმეტესწილად უფასო და სადაც იქნება პროცენტი, მაქსიმუმ ერთი, ორი და სამი პროცენტი იქნება გადასახადი და უმეტესი წილი იქნება უფასო ფული”.


“უფასო ფულის” შესახებ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, კერძოდ, 22 მარტს ტელეკომპანია  GDS-ის ეთერში, გადაცემა “კვირის 2030”-ში მან განაცხადა, რომ  2015 წელს საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი “უფასო ფული” შემოვა.


“უფასო ფული ბევრ ადგილებში შევიდა. როცა სესხზე 1 – 2 და 3%-ია გადასახდელი, ეს პრაქტიკულად “უფასო ფულია”, თანაც სამომხმარებლო კრედიტების, რაც ყველაზე მეტად უჭირდა სოფლის მეურნეობაში ბიზნესმენებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.


არის თუ არა პროგრამა “შეღავათიან აგროკრედიტის” ფარგლებში დახარჯული ფული უფასო?


კომპანია “შალოშვილის მარანის” დირექტორმა ალექსი შალოშვილმა “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტით სახელმწიფოსგან 200 ათასი აშშ დოლარი 1%-ად ისესხა:


მეწარმე ამბობს, რომ კრედიტი იაფია, მაგრამ არ არის უფასო: “კრედიტი 7-წლიანია. წლის ბოლოს თანხის ძირს და პროცენტს ერთად ვიხდი, ჯამში, 28 ათასი აშშ დოლარი. აქ შედის თანხის ძირი და პროცენტი. ზედმეტად ვიხდი 7 ათას აშშ დოლარს. სესხი 14%-იანია, 13%-ს სახელმწიფო ფარავს”.


150 ათასი აშშ დოლარის “შეღავათიანი აგროკრედიტი” 1,9% -ად  კომპანია “ლაურუმ”, რომელიც სენაკში დაფნას აწარმოებს, 2013 წლის დეკემბერში მიიღო. კომპანიის დირექტორი ივანე ჯალაღონია ამბობს, რომ სესხი მისი ბიზნესისთვის  ხელსაყრელია:


“ადრეც გვქონდა 150 ათასი აშშ დოლარი 16%-ში ნასესხები ბანკიდან და 50 ათას აშშ დოლარზე მეტის გადახდა მოგვიწია პროცენტის ნაწილში. ახლა სესხზე გვემატება 5 წელიწადში 7,5 ათასი დოლარი. თვეში 2,300 აშშ დოლარს ვიხდით. სესხის 14%-დან 12,1% სახელმწიფო ფარავს.”


“ფულის სესხების ფასი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც მსესხებელი იხდის და, შესაბამისად, თუ მსესხებელს შეუძლია სარგებლის განაკვეთის გარეშე ისესხოს ფული, მაშინ არის  ფული უფასო,” – ამბობს SET-ის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) მკვლევარი ნინო მოსიაშვილი.


“შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაზე” სახელმწიფო ბიუჯეტი ფულს 2013 წლიდან ხარჯავს. 2015 წელს ამ მიმართულებით 60 მლნ ლარი არის გამოყოფილი. 2014 წელს 137 მლნ 600 ათასი ლარი დაიხარჯა.  


“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი”  2013 წლის 27 მარტს დაიწყო. პროექტის  მესამე კომპონენტის “შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო – სამეურნეო საწარმოებისთვის” გასაცემ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მეწარმემ უნდა დაფაროს, 1,2 და  3%-ია. სესხებზე მინიმალური თანხა შეადგენს 30 000 აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური- 600 000 აშშ დოლარს. სესხი არაუმეტეს  84 თვით გაიცემა. საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სესხის მოცულობაზე და არ აღემატება 15%-ს, საიდანაც 12%-ს ფარავს სოფლის მეურნეობის სააგენტო.  


“სახელმწიფო ბიუჯეტი სხვადასხვა წყაროებით ივსება, ეს არის  საგადასახადო შემოსავლები და გრანტები. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან დახარჯული  ფული არ არის უფასო. ეკონომიკური ტერმინი “უფასო ფული” არ არსებობს, შესაბამიად, არ არის მექანიზმი, რომ ვინმემ უფასო ფული მიიღოს,” – ამბობს საკონსულტაციო კომპანიის “PMCG”-ის ეკონომისტი ეკა ღვინჯილია.


“ნაციონალური მოძრაობის” და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ  ბიძინა ივანიშვილმა დაპირება “უფასო ფულზე” არ შეასრულა და ეკონომიკისთვის ამ  რესურსის პოვნა შესაძლებელია. დეპუტატმა  პარლამენტში 2014 წლის დეკემბერში შეიტანა კანონპროექტი “უფასო ფულის შესახებ”.  


ხაჩიძის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებიდან მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯები მთლიანად საპარტნიორო და საინვესტიციო ფონდებიდან იფარებოდა. პროექტის თანახმად, უფასო ფულით სარგებლობის ფარგლებში, ბანკის მიერ გაცემული თანხა 2 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.


პროექტის მიხედვით, “უფასო ფულის შესახებ” კანონპროექტი 2015 წლის 1 აპრილიდან 2030 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებდა, თუმცა ეს კანონპროექტი 2015 წლის 4 მარტს პარლამენტის პლენარულ სესიაზე პირველივე მოსმენაზე “ჩავარდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი