გამოფენა, რომელიც დიუსელდორფში 15 მარტს დაიწყო და 17 მარტს დასრულდება, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სააგენტოს სხვა თანამშრომლები, ასოციაციის „ქართული ღვინო“ და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, PROWEIN 2015-ის დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია:
“ქართული სტენდი მე-15 პავილიონშია განთავსებული, სადაც წარმოდგენილია შემდეგი 19 კომპანია: „შუმი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ბაგრატიონი 1882“, „ვაზიანი კომპანი“, „თბილღვინო“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „ვაინმენი“, „სარაჯიშვილი“, „KTW“, „ბესინი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „ქინძმარაულის მარანი“, „ბადაგონი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „შატო მუხრანი“, „GWS”, “თელიანი ველი”, “ქართული ღვინის სახლი” და „ასკანელი“. გამოფენაში მონაწილეობით ქართველ მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი კომპანიების ნაწარმის გვერდით წარმოადგინონ. ამასთან, ქართული დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ ღვინის ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და PR კომპანიებთან, ბაზრების კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, აგრეთვე იმ კომპანიების ხელმძღვანელობასთან, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევიან” – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სამი მნიშვნელოვანი ღვინის დეგუსტაცია / მასტერკლასი ვინუმის სტენდზე, რომლებსაც გაუძღვებიან ღვინის ცნობილი კრიტიკოსი და ვინუმის ჟურნალის მთავარი რედაქტორი რუდოლფ კნოლი და ღვინის მაგისტრი, კომპანია Tastingworks-ის დამფუძვნებელი და არაერთი ჟურნალის კონტრიბუტორი და ტექნიკური დირექტორი (Sommelier Journal, The Professional Wine Reference, The World of Fine Wine) ლიზა გრანიკი.
PROWEIN-ზე ყოველწლიურად იკრიბება მევენახეობის, მეღვინეობისა და ვაჭრობის სფეროს ათასობით სპეციალისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
“ყოველწლიური გამოფენა PROWEIN (პროვაინი) წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. გამოფენის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებები იმპორტიორებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ევროპიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან” – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.