ეს არის „ოცნების“ ახალი სავიზო პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი; თუ არ იქნება ცვლილებები, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება – მიიჩნევენ სასტუმროებში. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან სპეციალისტებიც.
კრიზისი სასტუმროებში
“ბათუმელები” 40-მდე სასტუმროს დაუკავშირდა ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, სიღნაღსა და თელავში. ერთ-ერთი, სასტუმრო „ჩაო“ ბათუმის ცენტრში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობს.
„უცხოელები ძალიან დიდი იშვიათობაა. ადრე ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე შეიძლება შემოსულიყო სასტუმროში, ჯავშნის გარეშე, მოგზაური, რომელიც ქალაქში იყო. ბოლო ორი წელია ეს იშვიათობაა. 2008 წელს გავხსენი სასტუმრო და ეს პირველი წელია, როცა თანამშრომლები უფასო შვებულებაში გავუშვი“, – ამბობს თამაზ მახარაძე, „ჩაოს“ მფლობელი.
ვიზიტორების კლებაზე საუბრობენ ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ლაით ჰაუსშიც“. „სასტუმრო კვდება, არსებობის ათი წლის მანძილზე ეს ყველაზე რთული წელია“, – ამბობს ნინო დარჩია, სასტუმროს დირექტორი. აქ სამი თანამშრომელი შეამცირეს.
ოთხი თანამშრომელი შეამცირეს „ელ ბაკურში“, სასტუმროს თავი რომ შეენახა. „2008 წელს, ომის პერიოდშიც კი, ორი დღე გაგვიჭირდა მხოლოდ. შემდეგ დღეებში ათამდე ნომერი იყო სასტუმროში დაკავებული. 16 წელია ამ სასტუმროში ვმუშაობ, შემიძლია ვთქვა, რომ 70-პროცენტით შემცირდა გასული წლების ამავე პერიოდთან შედარებით სტუმრების რაოდენობა. შემცირდა ტურისტების რაოდენობა ირანიდან, ერაყიდან, სირიიდან. არ ვიცი ეს რის გამოა, პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ადრე სამსახურში ხალხის დამატებაზე ვფიქრობდით, პრემიების გაცემის საშუალება გვქონდა, ახლა თავის შენახვაზე ვსაუბრობ“, – ამბობს ედნარ რიჟვაძე, სასტუმრო „ელ ბაკურის“ მთავარი ადმინისტრატორი.
სასტუმრო „რჩეული ვილას“ მენეჯერი ეკა გოგიბერიძე ამბობს, რომ შვიდი წელია მუშაობს სასტუმროში და თუ გასულ წლებში ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე სასტუმრო 60-65-პროცენტიანი დატვირთვით მუშაობდა, ახლა – დაახლოებით 30-პროცენტიანი დატვირთვით მუშაობს: „რაც ეს რეგულაცია მიიღო მთავრობამ, ჩვენთან უცხოელი ტურისტი არ შემოსულა, მოდიან მხოლოდ მივლინებით. როცა ტურისტი ემზადება სადმე წასასვლელად, პირველ რიგში ეცნობა სიტუაციას, რა უფლებები აქვს იმ ქვეყანაში, როცა ხვდება, რომ ბარიერებია, აღარ უჩნდება სურვილი შემოსვლის. იმ დონეზე ვართ, რომ პერსონალის შენახვა ძალიან ჭირს, ასეთი ცუდი პერიოდი ჯერ არ გვქონია“.
გასულ წლებში ამავე პერიოდთან [ზამთარი-გაზაფხული] შედარებით უცხოელი ტურისტების შემცირებაზე საუბრობენ საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
სასტუმრო „ძველი ქალაქი“, ქუთაისი: „მიუხედავად იმისა, რომ შევამცირე ფასები სასტუმროში, ძალიან დაბალი აქტივობაა, ახლა ძირითადად კოპიტნარში შესრულებული რეისების ხარჯზე ვმუშაობთ. სამჯერ მეტი მყავდა შარშან ამ დროს ტურისტები და მაღალი ფასებით. ახლა ვახშამიც შედის, დავწიეთ ფასი და მაინც არ არის ხალხი.“
დავით ბერაია, სასტუმრო „ძველი სიღნაღი“, სიღნაღი: „სტუმრების მესამედიც არ არის, რაც იყო ადრე. აქამდე ყოველთვის ვახერხებდით იმას, რომ ზაფხულის შემოსავალი გაგვენაწილებინა ზამთრის თვეებზე, გაზაფხულამდე. ახლა ვალებით გაგვაქვს თავი. თანამშრომლების დათხოვნას ვაპირებდი, მაგრამ მთხოვეს, ხელფასები გავანახევრე და ამის ხარჯზე შევინარჩუნე. ერთი სასტუმრო დაიკეტა კიდეც სიღნაღში, რაც აქამდე არ მომხდარა. თუ ასე გაგრძელდა, სასტუმროები დაიკეტება.“
რატომ იკლო ტურისტების რაოდენობამ
ტურიზმისადმი არასწორი მიდგომა, გამკაცრებული სავიზო რეგულაციები და დაძაბული პოლიტიკური ვითარება მეზობელ ქვეყნებში – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რასაც სპეციალისტები ტურისტების შემცირებას უკავშირებენ.
2014 წელს საქართველოს მთავრობის ახალი სავიზო პოლიტიკის შედეგად შემცირდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლის მოქალაქეებსაც შეეძლოთ უვიზოდ შემოსულიყვნენ საქართველოში, მათ შორის ირანიდან და ერაყიდან, გაუქმდა ვიზის საზღვარზე აღების შესაძლებლობა 70 ქვეყნის მოქალაქეებისათვის, მათ შორის ჩინეთის, ინდოეთის, ავღანეთისა და სხვა ქვეყნებისთვის. გართულდა გრძელვადიანი ვიზის მიღების პროცედურა, საქართველოს ვიზის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საკონსულოში, საკონსულო კი ყველა ქვეყანაში არ არის.
„დღეს მსოფლიოში არის დიდი კონკურენცია ტურიზმის ბაზარზე, ამიტომ განსაკუთრებული ზომები უნდა შემოიღო, რომ იყო მიმზიდველი, თან უნდა გქონდეს გათვლა – ვინ არის პოტენციური ტურისტი შენს ქვეყანაში. ნაწილობრივ ჩვენთან ეს იყო რეგიონის ქვეყნები – ირანი, ერაყი და თურქეთი. ორი რამ მოხდა, რამაც შეამცირა ეს ნაკადი. პირველი – ეს არის ზოგადად ქსენოფობიური გამონათქვამები, რაც სულ თანს სდევს ხელისუფლების ნაწილის წარმომადგენლებს, რომ აი, ჩინელები, ერაყელები, ირანელები მოვიშორეთ და ეს ბუნებრივია ცუდად მოქმედებს გარემოზე და მეორე – სავიზო რეჟიმის გაუაზრებლად გამკაცრება. ერაყთან, საიდანაც იყო მზარდი სტატისტიკა ტურისტების, ისე გავაუქმეთ საზღვარზე ვიზის გაცემა და შემოვიღეთ სავიზო რეჟიმი, რომ იქ არ გვქონდა საკონსულო. თუ ხარ გახსნილი, რეგიონის ქვეყნები, რა თქმა უნდა, შენთან წამოვლენ, მაგრამ ეს ტენდენცია ჩვენ შევაჩერეთ ბევრი ქვეყნიდან“, – ამბობს ელენე ხოშტარია, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ტურისტების ნაკადის შემცირების მიზეზებსა და სასტუმროების კრიზისზე საუბრისას.
„როცა შემოიღეს რეგულაციები, ჩვენ გვიკავშირდებოდნენ უცხოეთიდან ჟურნალისტები და პირველი შეკითხვა იყო – გადაუხვია თუ არა საქართველომ ლიბერალურ კურსს, რამდენად ჩაიკეტა საზღვრები? სავიზო რეჟიმი შემოღებულ იქნა ისეთი ქვეყნებისთვის, საიდანაც იყო მატება ტურისტების და არსებობდა ტურისტული პოტენციალი. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება გაუაზრებელი იყო“, – ამბობს ირინა გურული, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების მენეჯერი.
„ყველაზე დიდი კლება მოდის ირანიდან შემოსულებზე. 2013 წელს ცალმხრივად გაუქმდა უვიზო მიმოსვლა ამ ქვეყანასთან, რომელიც ათეულში შედიოდა საქართველოში ვიზიტორების მხრივ. გასული წლის პირველი სექტემბრიდან მხოლოდ საკონსულოების საშუალებით შეუძლიათ ვიზის მიღება, მაშინ როცა მანამდე საზღვარზე შეეძლოთ ეს. ამასთან, გაუქმდა ყველა პირდაპირი რეისი, რომელიც კვირაში ექვსჯერ სრულდებოდა ირანიდან. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. სავიზო რეგულაციები, რაც ამოქმედდა, დაკავშირებული იყო ასოცირების ხელშეკრულებასთან და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან. საემიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგების მოთხოვნა ნამდვილად არსებობდა, მაგრამ არც ერთი ვალდებულება არ გულისხმობდა, მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნის ვადების შემცირებას, რაც გამოიწვია საემიგრაციო პოლიტიკის ცვლილებამ და დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების შექმნამ უცხოელი სტუდენტებისთვის, რაც ასევე მოხდა“, – ამბობს ირინა გურული.
ტურიზმი, ქსენოფობია და პოლიტიკური პასუხისმგებლობა
„მასშტაბური რეფორმით ყველა ბედნიერი ვერ არის. ვერ არის, მაგალითად, ბედნიერი ტურიზმის სააგენტო. პირველ სექტემბერს, როცა ეს რეფორმა [საემიგრაციო] შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 2014 წელს, ტურისტების ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელებისა და ეგვიპტელების. შევავიწროვეთ ეს და ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაც ტიპის წარმატებას. მერე უკვე შეგვიძლია დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია…“, – ეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის სიტყვებია. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მინისტრის ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მინისტრის განცხადებას ქსენოფობიური უწოდეს: „განცხადება ქსენოფობიური ხასიათისაა და აშკარად დისკრიმინაციულია მინისტრის მიერ დასახელებული ეთნიკური და რასობრივი იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ, რამდენადაც აიგივებს მათ საქართველოს არაკეთილმოსურნეებთან, რომლებიც არ უნდა დაიშვებოდნენ ქვეყანაში. ამგვარი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებთან და სრულ თანხვედრაშია იმ რიტორიკასთან, რომელსაც რადიკალური ჯგუფები ჩვენს საზოგადოებაში კულტივირებენ“.
გარკვეული ქსენოფობიური სტერეოტიპები ტურისტების მიმართ, საქართველოში ახალი თემა არ არის. საზოგადოებაში დამკვიდრებულ მსგავს სტერეოტიპებს ხელისუფლება კი არ უნდა აძლიერებდეს, არამედ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, – მიიჩნევს ელენე ხოშტარია: „იმიტომ არსებობს სახელწიფო, რომ ფასეულობები დამკვიდრდეს. ჩვენ ახლა გარდამავალ პერიოდში ვართ და შესაძლოა საზოგადოებაში, სადაც არ არის კარგი სოციალური მდგომარეობა, ბევრი გაჭირვებული ადამიანია, იყოს ასეთი ქსენოფობიური განწყობები, ასეთი განწყობები ევროპაშიც არსებობს და კატასტროფულად არის რუსეთში, მაგრამ სწორედ არსებობს ხელისუფლება და ამ განწყობას ის აღვივებს, თუ ეწინააღდგება და საპირისპირო შეხედულებების, კანონების დამკვიდრებას უწყობს ხელს, ეს მისი პასუხისმგებლობაა“.
ახდენს თუ არა მსგავსი გამონათქვამები გავლენას გრძელვადიან პერსპექტივაში ტურისტების განწყობაზე? ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ – კი: „21-ე საუკუნეში, საინფორმაციო ეპოქაში, როცა არის სოციალური ქსელები, სადაც საოცარი სისწრაფით ვრცელდება ინფორმაცია, როცა არ არსებობს შიდა და გარე პუბლიკა, ასეთმა გამონათქვამებმა, მსგავსმა განწყობამ დიდი ეფექტი შეიძლება მოახდინოს“.
რა უნდა შეიცვალოს
თუ სახელმწიფომ არ შეცვალა სავიზო პოლიტიკა, ტურისტების რაოდენობა უფრო შემცირდება – მიიჩნევს ირინა გურული, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელი: „გამოსავალია უაზრო რეგულაციების და გამკაცრებული სავიზო პოლიტიკის გადახედვა, იმიტომ, რომ ეს ტურისტების გარდა ბარიერებს უქმნის ინვესტიციებსაც. საჭიროა იდენტიფიცირება იმ ადგილების, სადაც არის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საჭიროება“.
„შესწავლილი უნდა იყოს პოტენციურად საიდან მოდიან ტურისტები და იმ ქვეყნებთან მაინც, საიდანაც გვქონდა პოზიტიური დინამიკა, სასწრაფოდ უნდა გამარტივდეს პროცედურები, საკონსულოები გაიხსნას და ბიუროკრატიული ბარიერები მოიხსნას. სასურველია, რომ გავხდეთ მარტივად შეღწევადი ქვეყანა, რადგან კრიმინალურ ვითარებას ეს არ აფუჭებს – ამის სტატიტიკა არ არსებობს, არანაირ საფრთხეს ეს საქართველოს არ უქმნის, პირიქით, მოიზიდავს ადამიანებს. რა თქმა უნდა, შეიძლება ევროკავშირთან დალაპარაკება, რომ რაც შეიძლება მარტივი რეგულაციები იყოს, ჩვენ ევროკავშირი არანაირად არ გვთხოვს, ვიყოთ დახურული ქვეყანა და შევუთანხმოთ მათ საემიგრაციო პოლიტიკა. საზღვარზე ვიზის აღებაც უნდა იყოს შესაძლებელი“ – მიიჩნევს ელენე ხოშტარია.
„ტურიზმის ანბანია – რაც უფრო ადვილია მოგზაურობა, მით მეტი ადამიანი მოგზაურობს“, – ამბობს პაატა ჩაგანავა, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. „საემიგრაციო პოლიტიკასა და ტურიზმის პოლიტიკას შორის რაღაც ბალანსია მოსაძებნი, რომ ჩვენ მოგზაურთა ნაკადი დაგვიბრუნდეს. უფრო მეტი მოგზაური იქნებოდა, მსუბუქი სავიზო რეჟიმი რომ ყოფილიყო. ზოგადად, მძიმე წელი გველოდება და საქმიანი აქტიურობის შემცირება თავისთავად აისახება სასტუმროს კლიენტურაზე. ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი კრიზისში მყოფი ქვეყანაა, რის გამოც მოგზაურები კლებულობს. ყველაფერი ეს ერთმანეთს დაემთხვა და საბოლოო ჯამში, ისედაც დაბალი მაჩვენებელი სეზონზე, კიდევ უფრო დადაბლდა.“
სასტუმროები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიები იმედით ელიან ზაფხულს. წინასწარი პროგნოზი ასეთია – ზაფხულში ტურისტების რაოდენობა მოიმატებს, თუმცა რამდენით? – ამ კითხვას პასუხი ზაფხულში გაეცემა. არსებული სავიზო რეჟიმის პირობებში, შესაძლოა უცხოელი ტურისტების ნაკადი გასულ წელთან შედარებით არ გაიზარდოს, ხოლო ლარის მერყევი კურსის პირობებში არ არის გამორიცხული შიდა ტურისტების რაოდენობაც შემცირდეს.