ეკონომიკა

“თიბისი ბანკს” აშშ დოლარში სესხებზე ახალი შეთავაზება გამოაქვს

27 თებერვალი, 2015 • • 1019
“თიბისი ბანკს” აშშ დოლარში სესხებზე ახალი შეთავაზება გამოაქვს

როგორც ბანკში აცხადებენ, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ მიერ რისკების სისტემური ანალიზი და შესაბამისი ცვლილებები შევიდა როგორც ახალი სესხების დამტკიცების პროცედურაში, ისე არსებული მსესხებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში:

 

“თითოეული მსესხებლის მდგომარეობას ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს და  მათზე მორგებულ შეღავათიან პირობებს შესთავაზებს. შეღავათი  გულისხმობს სესხის ვადის გაზრდას ისე, რომ მსესხებელს ის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეუნარჩუნდეს, რაც  ლარის გაუფასურებამდე ჰქონდა (1.75 კურსის დროს).

 

“თიბისი ბანკში” განმარტავენ, რომ შეღავათები შეეხება მომხმარებლებს, რომლებსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო შემოსავალი ლარში და ლარის გაუფასურების გამო ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გაეზარდათ; მომხმარებლებს, რომლებსაც სესხიც და შემოსავალიც ლარში აქვთ, მაგრამ, ლარის გაუფასურების შედეგად, სხვადასხვა მიზეზის გამო,  შემოსავალი შეუმცირდათ (მეიჯარემ შეუმცირა ქირა, შემცირდა ბიზნესშემოსავლები);

 

“ბანკის წარმომადგენლები  თითოეულ შემთხვევას  ინდივიდუალურად განიხილავენ, შეისწავლიან მათ შემოსავლებს  და ახალ გრაფიკს დაუდგენენ. მომხმარებლის მდგომარეობიდან გამომდინარე, სესხი დარჩეს იმავე ვალუტაში, რაშიც იყო – ამ შემთხვევაში სესხზე საპროცენტო განაკვეთი შენარჩუნდება; ასევე შესაძლოა მომავალში კურსის  მერყეობით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად მოხდეს სესხის გადატანა დოლარიდან ეროვნულ ვალუტაში. ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის აწევა ლარში არსებული სესხების მინიმალურ განაკვეთამდე მოხდება.

 

“თიბისი ბანკში” აცხადბენ, რომ ლარში გადაყვანილი გრძელვადიანი იპოთეკური სესხები მიბმული იქნება ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე. ასევე სესხის დაგრძელების დროს გამოიყენება იგივე უზრუნველყოფა და დამატებითი უზრუნველყოფა არ მოითხოვება.

 

„თიბისი ბანკის“ მომხმარებლებმა შეღავათების მისაღებად უნდა მიმართონ ბანკის ფილიალებს და თავიანთ საკრედიტო ექსპერტებს.

 

ერთი კვირის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინონ გეგმა, თუ რას განახორციელებენ იმისათვის, რომ მდგომაროება შეუმსუბუქდეთ იმ კლიენტებს, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული, ხოლო შემოსავალს ლარში იღებენ. ეს განცხადება 25 თებერვალს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


26 თებერვალს “საქართველოს ბანკმა”  მომხმარებელს აშშ დოალრში აღებულ სესხებზე ვადის გაგრძელება და თანხის გადანაწილება შესთავაზა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი