ეკონომიკა

რუსეთის ბაზარზე მწვანილის ექსპორტი დასაშვები გახდა

27 იანვარი, 2015 •
რუსეთის ბაზარზე მწვანილის ექსპორტი დასაშვები გახდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბერლინის “მწვანე კვირეულზე” მიიღეს, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ და “როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


შეთანხმების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და “როსსელხოზნადზორის” წარმომადგენლები მწვანილის ექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების განსახორციელებლად ჩაატარებენ ერთობლივ ფიტოსანიტარიულ პროცედურებს. პროცედურების გაცნობის მიზნით სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა მწვანილის ექსპორტიორებთან.


“სააგენტოს წარმომადგენლებმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ მოთხოვნების შესახებ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ქართული მწვანილი; გააცნეს ექსპორტისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის განსახორციელებლად აუცილებელი მოთხოვნები” – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.  


ექსპორტიორებისათვის დამატებითი ბარიერების მოხსნის მიზნით სურსათის ეროვნულ სააგენტოში მუშავდება ერთი ფანჯრის პრინციპი და მწვანილის ექსპორტით დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ერთ ადგილას აიღონ ფიტოსანიტარიული და წარმოშობის სერტიფიკატები, გაიარონ საბაჟო პროცედურები.


სააგენტოს წარმომადგენლები მწვანილის ექსპორტიორების უკეთ ინფორმირებისა და ვითარების გაცნობის მიზნით რამდენიმე დღეში წყალტუბოში ჩასვლას გეგმავენ.

 

რუსეთმა საქართველოდან პროდუქციის ექსპორტზე ემბარგო 2006 წელს შემოიღო. 2013 წლის მაისში მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთიობები განაახლეს. რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის, მინერალური წყლის, ჩაის და ხილ–ბოსტნეულის ექსპორტი აღდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი