ეკონომიკა

ქართული კივი გერმანიაში, Lidl-ის სუპერმარკეტების ქსელში 29 ცენტად იყიდება

23 იანვარი, 2015 • • 3045
ქართული კივი გერმანიაში, Lidl-ის სუპერმარკეტების ქსელში  29 ცენტად იყიდება

ქართული კივი 21 იანვრიდან გერმანიაში,  შტუტგარტსა და ახლომდებარე ქალაქებში – ნეკარსულმში, ჰეილბრონში და ზინდელფინგენში იყიდება. Lidl-ის ქსელი 1930 წელს გერმანიაში დაარსდა და 10 000-მდე სუპერმარკეტს ფლობს ევროკავშირის ქვეყნებში.


“სავაჭრო ქსელი ცნობილია მკაცრი მოთხოვნებით ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების მიმართ. ჩვენმა პროდუქციამ პირველ რიგში ხარისხის მოთხოვნები დააკმაყოფილა. ყველა ევროპულ ქსელს აინტერესებს მაღალი ხარისხის პროდუქციის ახალი მომწოდებლების პოვნა. წამყვანი ევროპული სუპერმარკეტების ინტერესი გვიჩვენებს, თუ რა დიდი პოტენციალი გააჩნია საქართველოს სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით კი იმ კომპანიებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ხარისხის მაღალ მოთხოვნებს”- ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში კომპანიის დამფუძნებელი და განვითარების დირექტორი კონსტანტინე ვეკუა. 


2015 წლის იანვარში გერმანიაში “ნერგეტამ” ერთი კონტეინერი, დაახლოებით 20 ტონამდე კივი გადატვირთა. კონსტანტინე ვეკუას ინფორმაციით, კივიზე მოთხოვნა მისი ხარისხიდან გამომდინარე მაღალია და ერთი ცალის ფასი 29 ცენტს შეადგენს. 

 

„ნერგეტას მიერ გერმანიაში გაგზავნილი კივი მოყვანილია ჩვენივე კომპანიის საკუთარ პლანტაციაზე, ზუგდიდის რაიონის სოფ. ინგირში. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ხილი თან საკუთარი ლოგოიანი ეტიკეტით იყიდება ევროპული სუპერმარკეტის თაროებზე. თითოეულ კივის მიკრული აქვს ნერგეტას ლოგოს მატარებელი ეტიკეტი. კივი გარჩეულია, დაკალიბრებულია და ჩაწყობილია პლასტმასის უჯრებიან ფირფიტაში, შემდგომ კი მუყაოს ყუთში. მუყაოს ყუთის გარე მხარე კი ნერგეტამ მაქსიმალურად გამოიყენა საქართველოს, მისი ბუნებისა და კლიმატის გასაცნობად. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ გერმანელ მომხმარებელს მეტი წარმოდგენა შეექმნას ხილის წარმოშობის ადგილზე” – ამბობს კონსტანტინე ვეკუა. 

 

2015 წლიდან ნერგეტა მნიშვნელოვნად გაზრდის კივის მიწოდებას გერმანული ქსელისთვის. ამჟამად კი კომპანია ემზადება ახალი კივის მოვლის სეზონის წარმატებით ჩასატარებლად:


“პლანტაცია გავაშენეთ 24ჰა-ზე 2011 და 2012 წლებში. პლანტაციას ვუვლით ყველაზე თანამედროვე მეთოდებით და ყოველწლიურად ვეცნობით სიახლეებს მოვლის მეთოდიკაში და ვნერგავთ მათ. ჩვენს პლანტაციაში ასევე დანერგილია პლანტაციის საქმეთა მართვის GlobalGAP-ის სტანდარტები და ვფლობთ შესაბამის სერტიფიკატს, რომელიც ყოველ წელს საჭიროებს ხელახალ აუდიტს და დამტკიცებას”- ამბობს ნერგეტას საოპერაციო დირექტორი გიგა ჯაპავა.

 

ჯაპავას თქმით, სამეგრელოს ნესტიანი სუბტროპიკული კლიმატი განსაკუთრებულად ხელსაყრელია კივის კულტურის გაშენებისთვის. მისი აზრით, მსოფლიოში კივიზე მოთხოვნაა, ასევე, ფასები სტაბილურია და საექსპორტო არხის გახსნის შემდეგ ბევრ მცირე და საშუალო ფერმერს მიეცემა კივის გაშენების მეტი მოტივაცია.

ქართული კივი ევროკავშირის ბაზარზე
ქართული კივი ევროკავშირის ბაზარზე

ქართული კივი ევროკავშირის ბაზარზე
ქართული კივი ევროკავშირის ბაზარზე

მასალების გადაბეჭდვის წესი