ეკონომიკა

საქართველოში ზამთრის კურორტების ფასი და სერვისი

19 დეკემბერი, 2014 • • 3968
საქართველოში ზამთრის კურორტების ფასი და სერვისი

კომპანია “სითიზენ თრეველში” აცხადებენ, რომ მესტიაზე მზარდი მოთხოვნა გასული წლის წარატებულმა ტურისტულმა სეზონმა განაპირობა: “2013-2014 წლის სეზონზე მესტიაზე მოთხოვნა გაიზარდა. იქ ძირითადად საოჯახო სასტუმროებია, ფასები – ხელმისაწვდომი. ტურისტები მესტიაში ისრაელიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩადიან.” 

მესტია
მესტია

 

მესტიაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი დავით ჟორჟოლიანი ამბობს, რომ 19 დეკემბრისთვის 15- ნომრიანი სასტუმროს 10 ოთახი ტურისტებმა უკვე დაჯავშნეს: 


“უკვე თანდათან მკვიდრდება ტრადიცია, რომ თბილისელები ახალ წელს მესტიაში ხვდებიან. ჩამოდიან უცხოელი ტურისტებიც.”


მესტიაში, საოჯახო სასტუმროში ღამისთევა ორ-სამჯერადი კვებით 35-50 ლარი ღირს. საოჯახო სასტუმროები ტურისტებს რამდენიმე სერვისს სთავაზობენ: ტრანსპორტირება საბაგიროსთან 10 ლარი ღირს. ცხენით სეირნობა მთელი დღით 60-80 ლარია, გიდის ერთდღიანი მომსახურება- 80 ლარი.

 

მესტიაში ზამთრის სეზონის გახსნა 27 დეკემბერს არის დაგეგმილი. რაიონის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი იმედოვნებს, რომ 2014-2015 წლის ტურისტული სეზონი წარმატებული იქნება:

 

“ტურიზმის დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. დაახლოებით 27 ათასი ლარი იხარჯება სეზონის საზეიმო გახსნაზე. 27-29 დეკემბერს ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი თხილამურებით სრიალში. მოხდება გამარჯვებულების ფულადი პრიზებით დაჯილდოება.” 

 

ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მესტიაში 300-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი იხსნება, რათა ტურისტების მზარდი ნაკადის მოთხოვნა დააკმაყოფილოს: “შარშანდელი სეზონი გუდაურსა და ბაკურიანში ჩავარდა, რადგან თოვლი არ იყო. მესტია დღეში 100 უცხოელ ტურისტს ემსახურებოდა.”

 

2014-2015 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურისა და ბაკურიანის ხელოვნური გათოვლიანება მოხდა. მთის კურორტების კომპანიაში აცხადებენ, რომ გუდაურში დამონტაჟებულია 29 თოვლის საფრქვევი აპარატი ე.წ. თოვლის თოფი, რომელიც 1100-მეტრიან ტრასას ათოვლიანებს. ჯერ მხოლოდ პირველი ფაზაა გათოვლიანებული. 2015 წლიდან კი მეორე ფაზის გათოვლიანებაა დაგეგმილი. ხოლო დიდველზე, ბაკურიანში 34 თოფი და 2 ზარბაზანია დამონტაჟებული, რომელიც ხელს უწყობს 2000 მეტრიანი ტრასის გათოვლიანებას. გუდაურში სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს იხსნება.

გუდაური
გუდაური

“გუდაურის და ბაკურიანის ხელოვნური გათოვლიანება ამ კურორტებზე დამსვენებლების რაოდენობას გაზრდის. სეზონის ჩავარდნის საფრთხე აღარ იქნება,” – აცხედებენ მთის კურორტების კომპანიაში.


საქართველოს ზამთრის კურორტებს შორის ყველაზე ძვირი დასვენება გუდაურშია. სასტუმრო “მარკო პოლოში” ახალი წლისთვის ყველა ნომერი დაჯავშნილია. სასტუმროში სტანდარტული ნომრის ფასი 350 ლარია. ფასში შედის ორჯერადი კვება. 


საოჯახო სასტუმროებში გუდაურში ერთ დღე-ღამეში დასვენების ფასი 35 აშშ დოლარიდან  135 დოლარამდეა. 


სასტუმრო “შელეში” ორადგილიანი ნომრის ფასი 130 აშშ დოლარია. 3-დან 10 წლამდე ბავშვისთვის გადასახადი 50 აშშ დოლარია. სამ წლამდე ბავშვისთვის სასტუმროს სერვისი უფასოა. აღნიშნულ ფასში შედის საუზმე და ვახშამი. 


სასტუმროები ტურისტებს სთავაზობენ ტრანსფერს აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი. სასტუმროებში მოქმედებს ტაქსის გამოძახების სერვისი. ხდება ტურების და ექსკურსიების ორგანიზება, გიდის და თარჯიმნის მომსახურეობა. ამ სერვისების ფასი განსხვავებულია. თუ გუდაურში გიდის მომსახურებით ისარგებლებთ, დღეში 50 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოთ. თხილამურებზე დგომის შესწავლა 1 საათში 30 ლარი ღირს.


ბაკურიანში ყველაზე დიდი მოთხოვნა საოჯახო სასტუმროებზეა. სასტუმრო ”ორბის” მენეჯერი კოტე სირბილაძე ამბობს, რომ შეთავაზებულ სერვისში სამჯერადი კვებით ერთი დამსვენებელი 35 დოლარს იხდის:

 

„სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს. ფასები იწყება 35 დოლარიდან -160 დოლარამდე. ეს სერვისზე და სასტუმროს მდებარეობაზეა დამოკიდებული.”

ბაკურიანი
ბაკურიანი

რაც შეეხება სერვისებს, ბაკურიანში და გუდაურში ერთი დღით თხილამურების დაქირავების ფასი 25 ლარია, იგივეა “სნოუბორდის” გასაქირავებელი ფასიც. როგორც ადგილობრივი მწვრთნელები ამბობენ, “გუდაურში „სნოუბორდზე“ დგომის მსურველთა რაოდენობა და, შესაბამისად, სნოუბორდების გაქირავების რაოდენობა წინა წელებთან შედარებით გაიზარდა”. 

 

სამოყვარულო თხილამურის ყიდვა ადგილობრივ სპორტულ მაღაზიებში 500-800 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. სამთო კურორტზე დასვენებისთვის აქსესუარების შეძენაზე ბანკები მსურველებს განვადებას სთავაზობენ.

 

გუდაურში მთელი დღე რომ შეუწყვეტლად ისრიალოთ, 30-ლარიანი დღის აბონემენტის ყიდვაა შესაძლებელი, ხოლო ლიფტით ერთჯერადი სარგებლობისთვის 5 ლარის გადახდა მოგიწევთ. ბაკურიანში, “დიდველზე” ერთჯერადი ასვლა 4 ლარი ღირს, მთელი დღის აბონემენტი კი გუდაურის მსგავსად – 30 ლარი.
 
 

აჭარის ზამთრის კურორტ გომარდულში მხოლოდ საოჯახო სასტუმროებია მოწყობილი. დასვენება დღეში სამჯერადი კვებით 70 ლარია, კვების გარეშე – 40 ლარი. ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ ამ კურორტის ცნობადობა დაბალია. ამ კურორტზე შეთავაზებებს ის ტურისტები ყიდულობენ, ვინც აჭარის მთიანეთს იცნობს და გომარდულში ერთხელ მაინც დაისვენა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი